25.12.2017
ინტერვიუ ილია კოკაიასთან
ყველაფერი იმ ავბედით 2015 წლის 19 აპრილს დაიწყო: "ზესტაფონი"-"დილას" შორის ჩაშლილი შეხვედრის მეორე დღეს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის სხდომამ "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონატიდან მოკვეთა და პირველ ლიგაში დააქვეითა. თუმცა, ამ გადაწყვეტილებას კლუბის მეპატრონე ილია კოკაიამ გუნდის დაშლით უპასუხა.
მას შემდეგ წელიწადნახევარი "ზესტაფონი" არსად თამაშობდა - გუნდი მხოლოდ შარშან ზაფხულს აღადგინეს, თანაც 17-წლამდელების რანგში, რომელიც წელს "ოქროს ლიგის" გათამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა. წლეულს სფფ-ს მესვეურებმა "ზესტაფონს" ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში დაშვება შესთავაზეს, რასაც იმერული კლუბი დათანხმდა კიდეც.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა 27 დეკემბერს, 10:30 საათზე, გაიმართება. სხვა საკითხებთან ერთად, აღმასკომის დღის წესრიგში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ეროვნულ ჩემპიონატში შესაძლო დაბრუნების საკითხიც შეიტანეს. აღმასკომის სხდომაზე კი კლუბის მფლობელის და პრეზიდენტი ილია კოკაია მიიწვიეს.
თემა სოციალურ ქსელებშიც აქტუალურია, რადგან "ზესტაფონი" საქართველოს 2-გზის ჩემპიონი (2011, 2012), თასის (2008) და საქართველოს სუპერთასის 2-გზის (2011, 2012) გამარჯვებულია და გუნდის დაბრუნება ჩვენს ფეხბურთს უდავოდ გაამდიდრებს.
ილია კოკაიასთან ამ და სხვა საკითხებზე ვილაპარაკეთ. თუმცა, ოფისის შემოსასვლელში ნანახმა აგროკომპანიის სარეკლამო ბანერმა სხვაგვარი დასაწყისი გვიკარნახა..
ბევრად იაფი და ხარისხიანი ბალახი
- სხვა სიკეთესთან ერთად, თურმე, ბალახის საფარის დამამზადებელი კომპანიასაც ფლობთ.
- დიახ, ასეა. თბილისის ზღვაზე “ზესტაფონის” მოედნებზე ჩვენი ბალახი დავრგეთ. “ლოგ გრასი” კი დიდი ხანია, ფოთში რაც დავაფუძნე. 50 ჰექტარზე ამერიკული ტექნოლოგიით დავთესეთ ბალახი, რომელის საგანგებოდ საფეხბურთო მოედნებზეა გათვალისწინებული. არაა ისეთი დეკორატიულ-ლანდშაფტური და უხარისხო, ბოლო წლებში ზოგიერთ სტადიონზე რომ დააგეს - ისინი დატვირთვას ვერ უძლებენ და ამიტომაც არის, მალე რომ ფუჭდება. ჩვენი საფარი კი შეგიძლიათ, “ზესტაფონის” ორივე ბაზაზე (თბილისსა და ზესტაფონში) ნახოთ - მუდმივად დატვირთულია და ამის მიუხედავად, არანაირი ხარვეზი არ აქვს.
.
- ფეხბურთის ფედერაცია და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ეროვნული ლიგის გუნდების სტადიონებზე საფარის შეცვლას რომ აპირებენ, ამ საქმეში ხომ არ მონაწილეობთ?
- ვაპირებთ, ჩავერთოთ, მაგრამ საუკეთესო ხარისხის ბალახის გაყიდვას ტყეში მოჭრილი ბალახის ფასში არ ვაპირებთ, რასაც დღეს ბევრგან აკეთებენ და მერე არაადექვატურ ფასს ადებენ. საერთოდ, პარლამენტმა უნდა იზრუნოს, რომ ტენდერების კანონი შეიცვალოს და ხარისხიანი და უხარისხო პროდუქცია გაიმიჯნოს. აქ ყველაფერი იწყება ფასიდან და არა ხარისხიდან და ეს უნდა შეიცვალოს, რადგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურაში გადამწყვეტი ხარიხი უნდა იყოს და არა – დაბალი ფასი. საქართველოში საუკეთესო ხარისხის საფარს ვამზადებთ და თანაც ძალიან იაფად – მთლიანად გაზონის ღირებულება 50-დან 55 ათასი დოლარი ჯდება. დროის და ფულის ეკონომიასაც გააკეთებ და ძალიან მაგარი საფარიც გექნება.
- თუმცა თქვენ ისეთ ფასს ასახელებთ, დაუჯერებელია.
- 5 წელია, ეს ბიზნესი დავიწყე და ლოგიკაში არ ჯდება – რატომ უნდა ჩამოიტანო უცხოთიდან ბალახი, რომელიც მაცივრებით შემოაქვთ, ტრანსპორტირებისას ნაწილობრივ ფუჭდება და ადაპტაციისთვის 3 თვე მაინც სჭირდება და უფრო ძვირი და უხარისხოა? არავის უკითხავს, როგორი ხარისხის საფარია. ჩვენთან კი 20-წლამდელების მსოფლიო ჩემპიონატზე რაგბისტები დღეში სამჯერ შემოდიოდნენ და მაინც არაფერი მოსვლია. ყველა “ზესტაფონის” ბაზაზე მოდის, ყველას მოსწონს, მაგრამ საქართველოს ბოლო წლებში სტადიონები და ბაზები ააშენეს, ჩვენთვის კი ერთხელაც არ მოუმართავთ. გული მწყდება. არადა, მარტო ამ 50 ჰექტარ მიწის გასუფთავება 3 მილიონი დამიჯდა. ეს გულისტკივილი ერთ-ერთ სერიოზული თანამდებობის პირს რომ გავუმხილე, ეტყობა, მხოლოდ პირადი ხარჯები გადარდებსო... კარგი, ასე ჩათვალეთ-მეთქი. მაგრამ საქმე ჩემს ბიზნესში ხომ არაა?!
"ზესტაფონი" კუთვნილ ადგილს ითხოვს
- მთავარ თემაზე გადავიდეთ. 11 ნოემბერს ფედერაციის აღმასკომის წევრები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო სხდომაზე მიგიწვევდნენ და “ზესტაფონის” ჩემპიონატში დაბრუნების საკითხს განიხილავდნენ.
- იყო ერთი წერილი კლუბის სახელზე ეროვნულ ჩემპიონატში რეინტეგრაციის თაობაზე, რაზეც ვუპასუხეთ - დღეს შევიტყვეთ, რომ აღმასკომზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელებენ. ლიცენზირების პროცესში ჩავერთვეთ, რისი სრულყოფილად გავლაც შეუძლებელი იყო, სანამ არ გვეცოდინება, ლიგა 2-ში ვითამაშებთ თუ არა. მანამდე მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან კონტრაქტებს ვერ გავაფორმებდით. ყველა დანარჩენი მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ. ამიტომ ახლა გადაწყვეტილების მიღებას ველოდებით.
- მაგრამ თავად ფეხბურთში დაბრუნება გსურთ...
- ფეხბურთი ძალიან მიყვარს, არსად წავსულვარ და ისევ კლუბის განვითარებაზე ვფიქრობ. თუმცა კოკაიას უნდა თუ არა, ეს მეორეხარისხოვანია. არსებობს კლუბი “ზესტაფონი”, თავისი თანამშრომლებითა და გულშემატკივრებით, რომლებიც ქართულ ფეხბურთში კუთვნილი ადგილის დაბრუნებას ითხოვენ. ასე რომ, სფფ-ს აღმასკომის გადაწყვეტილებას ველოდებით. კლუბი და გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ 2015 წლის აპრილში “ზესტაფონი” უსამართლოდ დაიჩაგრა და მოითხოვენ, რომ სამართლიანობა აღგდეს და თუნდაც ლიგა 2-ში დაბრუნდეს - სამართლიანად ესეც არ მიმაჩნია, მაგრამ კარგი, თვალს დავხუჭავ. მე სხვა რამ მადარდებს და ამას ვამბობ მეგობრის პოზიციიდან და არა - მტრის. ფიფას და უეფას მაღალ ეშელონებთან ძალიან კარგი ურთიერთობები მაქვს. მათ სასაცილოდ არ ჰყოფნით, როდესაც დებულებას ვახსენებ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას “ზესტაფონთან” დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, რაც კრიმინალი არაა. ეს მათი გადასაწყვეტია...
სასჯელი მადლიერების ნაცვლად
საერთოდ, “ზესტაფონზე” და ნებისმიერი კლუბის პრობლემაზე მნიშვნელოვანი ისაა, სად ვართ და როგორ ვართ...
- სად ვართ და როგორ ვართ?
- რატომ არ უნდათ ქართველ და უცხოელ ინვესტორებს მოსვლა? ფეხბურთიდან ზუსტად იმ სკანდალების გამო წავედი, რაც ახლახანს ისევ აგორდა. მსაჯის სკანდალმა შემძრა. ყველა ამბობს, რომ იყო მის მიმართ მუქარები...
- ამ საშინელი ამბიდან ერთი გამოიკვეთა - “გურია”-“თელავის” შეხვედრის არბიტრი მსაჯი ვერ მოისყიდეს და შედეგი ვერ განსაზღვრეს...
- დიახ, მაგრამ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ცუდი ფაქტი მოხდა. როდესაც ინვესტორს ფეხბურთში მოსვლა სურს და ასეთი ფაქტები ესმის, ძალაუნებურად თავს იკავებს. ანუ ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული და თუ ვიღაც ხმას ამოიღებს, აშინებენ.
ეს 2011 წელს გორის “დილაში” შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლით დაიწყო. იცით, რა პერიოდიც იყო და ფეხბურთი ჩემთვის იყო ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლის სარბიელი. მაშინ დაღუპეს და დაანგრიეს ფეხბურთი, მაშინ დაიწყო ლაპარაკი გარიგებულ თამაშებზე და მასობრივად შემოიჭრა ტოტალიზატორები. კერძო ლაპარაკში უთქვამთ, არჩევნები მოდის და თასის აღება გვინდაო. მაგრამ არჩევნებს ფეხბურთი რომ არ იგებს, ამას მტკიცება უნდა? მეორე – ამით მხოლოდ წვრილმანი გარეწრები სარგებლობენ. აბა, კლუბს 150 თანამშრომელი რომ ეყოლება, რომელიც არაფერს აკეთებს, წარმოგიდგენიათ, გუნდს რა რესურსი ექნებოდა? არადა, ფეხბურთი იწმინდებოდა და უცებ თავს ასეთი უბედურება დაგვატყდა. სწორედ ამის შედეგი იყო “ზესტაფონის” ამბავი. მერე ჩვენს მეკარეზე გავიდნენ, რომელმაც გარიგებაში მონაწილეობა არ იკადრა. იყო დიდი ზეწოლა და საერთოდ არ გავედით თამაშზე, ჩვენი კლუბის სახელი რომ არ შებღალულიყო.
- ისე დღემდე ლოგიკაში არ ჯდება: გარიგების ინიციატორის ნაცვლად, მისი მამხილებელი “ზესტაფონი” რატომ დასაჯეს?
- ეს არის ყველაზე გასაოცარი. სხვათა შორის, ფედერაციის სეიფებში გარიგებული თამაშების შესახებ მასალები ინახებოდა! უეფას მონიტორინგის სამსახურის უფროსი ძალოვანი სტრუქტრების ხელმძღვანელს შევახვედრე და უთხრეს, რომ ეს ქართული მხარის გადასაწყვეტიაო. ჩვენი საქმეც გამოძიებულია და ყველა ფიგურანტია ცნობილი. რამდენიმე წლის წინ თავად ვარ კუდში ნამყოფი, სადაც ერთი პატარა ოთახი გარიგებული შეხვედრების შესახებ საბუთებით იყო გამოტენილი. მაგრამ რატომ არ აქვს მსლელობა მიცემული “ზესტაფონის” გაგდების ფაქტს? ახალმა ფედერაციამ გარიგებებთან ბრძოლა წარმატებით დაიწყო, მაგრამ ბოლო დროს ისევ ისმის იგივე ლაპარაკი.
შემცირებული ინვესტიციები
- აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია: ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო ფონდის ანგარიში წავიკითხე და გული გამისკდა: ეროვნულ ლიგაში სახელმწიფო 25 მილიონს ხარჯავს, კერძო ბიზნესი კი მხოლოდ 2,1 მილიონს! ეს ფონდი იმიტომ დააფუძნეს, რომ კერძო ინვესტორი მოეზიდათ, მაგრამ მოხდა პირიქით. არადა, ჩვენ დროს 20-25 მილიონი დოლარიც იხარჯებოდა! მე გუნდს 4-5 მილიონ დოლარს ვახმარდი, “დინამო” ცოტა მეტს, იქვე იყო “ტორპედო”, “ლოკომოტივი”, “ვიტ ჯორჯია”, “გაგრა”, “საბურთალო”, “მერანი”. წელს კი კერძო სექტორმა მხოლოდ 800 ათას დოლარი დახარჯა!
მიმაჩნია, რომ ეს მაჩვენებელი პროგრამის კორექტირების მიზეზი უნდა გახდეს. ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო კომისიის ჩამოყალიბის დროსაც ვთქვი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ამ ფულის ხელფასებსა და პრემიებში დარიგება. თანხები სხვა მიმართულებით უნდა წარიმართოს – ინფრასტრუქტურაში, სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებაზე, მწვრთნელთა განათლებაზე, მოსამზადებელი შეკრებების მოსაწყობად, ეკიპირებისა და ბურთების შესაძენად, ბავშვთა ფეხბურთზე. ასეთ შემთხვევაში ეს ფული ბევრად უფრო სასარგებლოდ დაიხარჯებოდა და რამდენიმე კარგი სტადიონი და განახლებული ბაზა გვექნებოდა. ახლა კი ფული იხარჯება, მაგრამ მაინც უკან მივდივართ და ევროთასებზე ვიცით, რომ პირველივე ეტაპზე გამოვეთიშებით.
მხოლოდ კერძო კლუბები
ჩვენ გვჭირდება ძლიერი კერძო კლუბები, რომელთაც ფულს დაახარჯავენ. 8 კლუბი იქნება? იყოს 8-გუნდიანი ჩეპიონატი. ამას რომელი დებულება გიკრძალავს? სამაგიეროდ, გაძლიერდები და კლუბი კლუბს დაემსგავსება და ჩემპიონატი - ჩემპიონატს.
- ანუ მიგაჩნიათ, რომ ეროვნულ ლიგაში მხოლოდ კერძო კლუბმა უნდა ითამაშოს?
- აუცილებლად! მერიის თანამშრომლები გუნდებზე ჩამოკიდებულები არ უნდა იყონ. ზესტაფონში ჩვენ 5 მოედანი გვაქვს. ამ დროს არიან კლუბები, რომლებსაც ერთიც კი არ გააჩნიათ. წლები ხელოვნურ მოედანზე ვათამაშებდით, მაგრამ საფარი გაფუჭდა, მოედანი კი არა ბეტონია, თამაში სახიფათო იყო და სტადიონი დავკეტე, იქ რაიმე უბედურება რომ არ მომხდარიყო. არადა სახელმწიფოს ფულს იღებენ და ნორმალური მოედნის ქირაობაში ფულის დახარჯვა არ უნდათ...
მესმის, ჩემი პოზიცია ზოგიერთ კლუბში არ მოეწონებათ, რადგან სასათბურე პირობებში არიან და მდგომარეობის შეცვლა არ აწყობთ. არადა, ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. პროგრამის ამუშავების შემდეგ მოედანი რომელმა კლუბმა გააკეთა? ფული იხარჯება, დონე კი მაინც ეცემა და ბოლოს შედეგით რომ დაინტერესდებიან, რა შეგვრჩება ხელში? ასეულ მილიონს დახარჯვას აზრი რომ ჰქონდეს და შედეგი მივიღოთ, აქცენტების შეცვლაა საჭირო.
- კლუბების გასხვისება როგორ წარმოგიდგენიათ?
- კერძო ბიზნესზე უნდა გაიყიდოს. ლარიც რომ გადაიხადონ, უნდა გასხვისდეს. ოღონდ მეპატრონე იმ აუცილებელი პირობით უნდა მოვიდეს, რომ ხელფასს გადაიხდის და ინვესტიციას განახორციელებს. სხვაგვარად რას აკეთებს კლუბის პრეზიდენტი, ხელფასს იღებს და სახლში მიაქვს? ეს რა პრეზიდენტია?! დღეს ბევრი კალკულატორით დარბის და ითვლის, სახლში რა წაიღოს, იმაზე კი არ ფიქრობს, კლუბში რა მიიტანონ. ასეთი აზროვნებით შორს ვერ წავალთ. ორი გუნდი პლეი-ოფში ვიყავით და აქედან სადამდე დავეშვით!
ძალიან კარგია, რომ 10-გუნდიანი ჩემპიონატი გაკეთდა. მეორე პლუსი – მიღწეულია თანაბარი დაფინანსების პრინციპი. ახლა დაფინანსების სწორი მიმართულებაა მისაღწევი და ეს პროექტი გაამართლებს. გამოსავალი ნამდვილად არის – მიმართულება უნდა შეიცვალოს და ეს არ არის სირცხვილი. ფედერაციაში ჩვენი მეგობრები არიან და მიმაჩნია, რომ ჩემს ნათქვამს სწორედ მეგობრული პოზიციიდან მიიღებენ.
როგორ ითხოვენ დიდ ხელფასს?
- ისლანდია 330-ათასიანი ქვეყანაა და სოციალური პროექტით ფეხბურთი განავითარეს. ასეთი მაგალითები უნდა გავითვალისწინოთ. თორემ 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელს რომ ასე მარტივად 10 ათას ლარს ვაძლევთ, ასე ფეხბურთი ვერ განვითარდება. ასაკში შესული, 36 წლის კრუიფი “ფეიენორდში” რომ გადავიდა, თქვა – ჩემი მოსვლის შემდეგ კლუბს რომ შემოსავლები გაეზრდება, მე მხოლოდ იმის 20 პროცენტი მომეცითო. აქ ვის აქვს უფლება, რომ ასეთი ხელფასი მოითხოვოს და მით უფრო, ეს თანხა სახელმწიფოსგან მიიღოს?! გაგონილი აქვთ, რომ ევროპაში მილიონებს იღებენ? მაგრამ იქ რომ შოუს დგამენ, ამაზე არავინ ფიქრობს და შედეგზე ორიენტირებულები არ არიან. კერძო კლუბებს რაც უნდათ, გააკეთონ, მაგრამ სახელმწიფომ ეს არ უნდა დააფინანსოს!
ინტერვიუს სრული ვერსია |