22.12.2017
"ლელოს" პუბლიკაცია: "ოთხშაბათის საკითხავი"
ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ჟურნალისტ ალეკო კაკაურიძის ძალიან საინტერესო პუბლიკაცია, რომელიც ამ რამდენიმე კვირის წინ დასრულებულ საფეხბურთო სეზონის შედეგებსა და ამ სეზონის მიმდინარეობისას ქართული ფეხბურთისა და საფეხბურთო ოჯახის წინაშე დამდგარ პრობლემებს ეხმაურება...
"საქართველოში საფეხბურთო სეზონი დასრულდა. დრო სწრაფად გარბის. ისე მოგვადგება კარს ახალი პირველობა, ძველის დავიწყებასაც ვერ მოვასწრებთ. ჩვენი საფიქრალიცა და სატკივარიც ზუსტად ისეთია, როგორიც იყო ადრე.
ადრე ნათქვამის დავიწყება არ უხდება, მაგრამ ჩვენ ხშირად გვავიწყდება ხოლმე ის "ნათქვამი". ასეთ შემთხვევაში მას გადამეორება უხდება...
ახალ სეზონში ჩვენ კვლავ გვექნება ძველი პრობლემები და ამის უარყოფა შეუძლებელია.
რა გვტკივა და რა გვაწუხებს ყველაზე მეტად? ჩვენი წერილიც სწორედ ამ უაღრესად მტკივნეულ თემას ეხება...
კერძო სპონსორობის ნაკლებობა
ეს ჩვენი ფეხბურთის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. ახალი ინვესტორები ჯერაც არ ჩანან ქართულ ფეხბურთში. ჩვენი საფეხბურთო თემი ყველაზე მეტად და მოუთმენლად "ზესტაფონისა" და ილია კოკაიას დაბრუნებას ელის.
ეს საკითხი, რატომღაც, დროში გაიწელა, თუმცა იმედი გვაქვს, მოგვარდება ისე, როგორც ქართული ფეხბურთის ინტერესებისთვის იქნება უკეთესი.
ინფრასტრუქტურა
ბათუმსა და ფოთში ამ კუთხით ძვრები შეინიშნება, მაგრამ ჩვენი იმედები ადრე იმდენჯერ გაცრუვდა, უკვე ცოტა გვიჭირს, რაღაცები დავიჯეროთ.
აქედან გამომდინარე და ბევრი სხვა ქართული სტადიონის მდგომარეობის გათვალისწინებითაც, ამ მხრივაც ძალიან გვიჭირს. ვიცით, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას აქვს აზრი იმის თაობაზე, რომ ჩვენს უმაღლეს ლიგაში მხოლოდ ბუნებრივ საფარზე ითამაშონ, მაგრამ ამის გაკეთება მომავალ სეზონში ძალიან რთული იქნება. ღმერთმა ქნას, ყველაფერი კარგად დამთავრდეს. ეს ერთგვარი გადატრიალება იქნება ქართული ფეხბურთის დღევანდელობაში.
ფეხბურთელები
გადის წლები და ჩვენ ვამბობთ, რომ სულ ერთ წრეზე ვტრიალებთ. ვამბობთ, რომ ჩვენი ფეხბურთის დონე, მეტადრე საკლუბო ფეხბურთისა, მაღლა არ იწევს.
არადა, ჩვენ სულ ერთ წრეზე ვტრიალებთ და ასეთ ვითარებაში სათამაშო დონე ვერაფრით მოიმატებს. ეს ფაქტია. საქართველოს პირველობაზე მოთამაშე ფეხბურთელებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად,
ამ ფეხბურთელების საერთო დონე არ იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ თუნდაც პირობების გაუმჯობესების შემთხვევაში, პირველობის საერთო დონე მნიშვნელოვნად აიწევს.
ლეგიონერები
არახალია - თუ საქართველოს ჩემპიონატში არ გამოჩნდა კვალიფიციურ ლეგიონერთა მთელი წყება, ისე ჩვენი ჩემპიონატი ვერ იქცევა იმაზე ბევრად უკეთეს ტურნირად, როგორიც დღეს გვაქვს. ასეთი ლეგიონერები ჯერ არ ჩანან.
ჩვენ ვტკეპნით ბრაზილიურ ბილიკებს, მაგრამ ეს ბილიკები უკვე გატკეპნილია. ნეტავ, რომელიმე ქართულმა კლუბმა მიაპყროს თვალი აფრიკის კონტინენტს. არა დროებით, არამედ მუდმივად.
აფრიკულ ქვეყნებში, თუნდაც მეორეხარისხოვანში, არიან ფეხბურთელები, რომელთა საქართველოში ჩამოყვანაც ძალიან იაფი დაჯდება და ამასთან ერთად, მათ შეუძლიათ, გარკვეული დონის ფეხბურთის დემონსტრირებაც. ეს უკვე ძალიან კარგია, ეს საქართველოს პირველობისთვის იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი.
კონკურენციის მომენტი. ამ მხრივ, რა შეიძლება ვნახოთ ახალი მომავალ ჩემპიონატში? რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით, მომავალ პირველობას დაძაბულობა გარანტირებული აქვს და მაინც, დაძაბულობა ყოველთვის არ განაპირობებს ხარისხს. ცხადია, ვისურვებდით უფრო მაღალ სათამაშო დონეს.
გაშუქება
რა თქმა უნდა, საქართველოს დასრულებული ჩემპიონატი ძალიან კარგად გაშუქდა, მაგრამ ჩვენ ცოტა სხვა მხრიდან შევხედავთ საკითხს. ძალიან კარგი იყო ის, რაც ვნახეთ ეროვნული ლიგის საიტზე.
ჩვენ გვქონდა ყველა მატჩის პირდაპირ ეთერში ნახვის საშუალება, მაგრამ, ალბათ, უკეთესი იქნებოდა, ჩვენს ტელევიზიებს მეტი ყურადღება დაეთმოთ ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებისთვის.
ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ გვყავს თაობა, რომელსაც არ აქვს ინტერნეტზე წვდომა. არადა, თუ ვინმეს უყვარს საქართველოში ფეხბურთი, თუ ვინმეს ახსოვს ძველი და ძალიან კარგი ამბები, სწორედ ეს თაობაა"...
|