17.12.2017
ამ შემთხვევაში კითხვებიც არ უნდა ჩნდებოდეს
16 დეკემბერს გაზეთ "სარბიელის" ვებ-გვერდზე (დღესდღეობით ეს ძალიან პოპულარული სპორტული გამოცემა ელექტრონულ ფორმატში გამოდის) გამოქვეყნდა ჟურნალისტ ლუკა თალაკვაძის მეტად საინტერესო პუბლიკაცია, რომელიც საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნების შესაძლებლობას ეხმაურება. ჩვენი საიტი ამ პუბლიკაციას უცვლელად გთავაზობთ:
"უნდა დაუშვან საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ ეროვნული ლიგა 2-ში? ქომაგის აბსოლუტური უმრავლესობა ჩემპიონატში ზესტაფონელთა დაბრუნების მომხრეა.
„სარბიელმა“ დაახლოებით ერთი თვის წინ ექსკლუზიურად გაცნობათ, რომ „ზესტაფონის“ ლიგა 2-ში დაშვებაზე დაიწყო მსჯელობა. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აღმასკომზე გაარკვევდა „ზესტაფონის“ დაშვება-არდაშვების საკითხს, თუმც დრო გადის და საკითხი ისევ ღიად რჩება.
გავიგეთ, რომ „ზესტაფონს“ სალიცენზიო დოკუმენტები ჩაუბარებია ფედერაციაში. ეს ჯერ კიდევ ნოემბერში.
მოკლედ, თითქმის მთელი ზესტაფონი აღმაკომის შეკრებას და მის გადაწყვეტილებას ელის – ითამაშებს თუ არა „ზესტაფონი“ ლიგა 2-ში. ისინი მწვანე შუქის ანთებას ელიან, მაგრამ ჯერ წითელია.
ჩვენი შეხედულება? ყველაფერ სამართლებრივს თავი რომ დავანებოთ და სუფთა საფეხბურთო თვალსაზრისით ვუყუროთ, ორივე ხელით ვეთანხმებით „ზესტაფონის“ ეროვნულ ლიგა 2-ში დაშვებას.
ამ უმოქმედობაში, როცა თითო-ოროლა კლუბს ჰყავს კერძო სპონსორი და როცა კლუბებს ნორმალური სათამაშო მოედანი და პირობები ენატრებათ, როცა კლუბებში ხელფასების პრობლემებია როგორ არ უნდა გინდოდეს „ზესტაფონის“ შემომატება ოჯახში? ამ შემთხვევაში კითხვებიც არ უნდა ჩნდებოდეს."
www.sarbieli.com
|