11.12.2017
გურამ მაზმიშვილი: ჩვენს მხრებზე დიდი ტვირთი იყო
რამდენიმე დღის წინ ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ინტერვიუ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდის მთავარ მწვრთნელთან გურამ მაზმიშვილთან, რომელშიც რესპოდენტი ახლახანს დასრულებულ სეზონზე, "ოქროს ლიგის" ფორმატზე, გაწეულ სამუშაოზე და მთელ რიგ სხვა საინტერესო საკითხთან დაკავშირებით საუბრობს...
ჩვენი საიტის ერთგულ მომხმარებელს ამ პუბლიკაციას უცვლელად გთავაზობთ: "ზესტაფონი დიდი ფეხბურთის დაბრუნების მოლოდინშია. წესით, დროში უზომოდ გაწელილ ამ საკითხს საშველი მალე უნდა დაადგეს, მანამდე კი ადგილობრივი გულშემატკივარი „ზესტაფონის“ 17-წლამდელთა გუნდმა გაახარა - საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატში მხოლოდ თბილისის „დინამოს“ ჩამორჩა და ისეთი ვერცხლის მედლები მოიგო, კონკრეტულ შემთხვევაში ოქროს ელფერი რომ დაკრავს.
„ზესტაფონის“ 17-წლამდელთა მატჩებს არასოდეს აკლდა ქომაგი. საშინაო მატჩებზე კლუბის ბაზაზე ტევა არ იყო ხოლმე და გასვლით შეხვედრებზეც არ აკლდა გუნდს მხარდაჭერა. ამ გუნდის მწვრთნელის ჭაპანს გურამ მაზმიშვილი წევს. 35 წელია ის ბავშვთა ფეხბურთშია და თუ ზესტაფონში ფეხბურთელი ჰქვია ვინმეს, თითქმის ყველა მის ხელში გაიზარდა. გუნდის გაწვრთნაში მამას ვაჟი, ლაშა ეხმარება...
„ჩვენს მხრებზე დიდი ტვირთი იყო. მოგეხსენებათ, „ზესტაფონის“ დიდი გუნდი დროებით არ თამაშობს საქართველოს ჩემპიონატში. ამის გამო ჩვენ განსაკუთრებული მისია დაგვეკისრა. გულშემატკივრის ყურადღებაც გაათმაგდა. ქომაგზე ცალკე უნდა ვთქვა - რომ არა მათი უდიდესი მხარდაჭერა, ეს წარმატება არ იქნებოდა.
17-წლამდელთა ლიგა ჩვენი ბავშვებისათვის განვითარების იდეალური საშუალება იყო. უდიდესი გამოცდილება მივიღეთ. ადრე რეგიონულ ტურნირებზე ვთამაშობდით და დიდი ანგარიშებით ვიგებდით. ახლა კი ჩვენთვის ყველა თამაში დაძაბული და ფინალის ტოლფასი იყო. რა თქმა უნდა, ჩემპიონობა კარგი იქნებოდა, მაგრამ უკმაყოფილონი არც იმით ვართ, რასაც მივაღწიეთ. მითუმეტეს, ჩვენი გუნდი მთლიანად ზესტაფონელებითაა დაკომპლექტებული. კარგად გვესმოდა ჩვენი მისიის მნიშვნელობა და, მგონი, შევასრულეთ ამოცანა. იმედი გვაქვს, რომ მალეე ჩვენს ქალაქში დიდი ფეხბურთი დაბრუნდება და იმისაც მჯერა, რომ ამ ბიჭების ნიჭი და პოტენციალი არ დაიკარგება.“ – გვეუბნება მაზმიშვილი.
„ზესტაფონში“ კარგმა კონტინგენტმა მოიყარა თავი. მათ შორისაა შოთა შეყილაძე – გუნდის ბომბარდირი და ლიდერი, ვინც ახლახანს საქართველოს 18- წლამდელთა ნაკრებს ახლდა ბელარუსულ საერთაშორისო ტურნირზე. რა თქმა უნდა, მწვრთნელს მის თაობაზეც დავეკითხეთ...
„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის ჩემს ხელში გაიზარდა. რაც ფეხი აიდგა, ჩემი ხელმძღვანელობით ვარჯიშობს. უაღრესად თავმდაბალი, წესიერი ბიჭია და მჯერა, თავისი კარგი თამაშით გაახარებს საქართველოს.“ – გვეუბნება მწვრთნელი.
გურამ მაზმიშვილის შეგირდებს სხვადასხვა დროს საქართველოს ასაკობრივი და ეროვნული ნაკრების ღირსება დაუცავთ. ითამაშეს თბილისის „დინამოში“. მაგალითად სერგი ორბელაძე გამოდგება. „ადრე პირობები საერთოდ არ იყო. ასფალტზეც ხშირად გვიწევდა ვარჯიში და რაც მოვახერხეთ, მაქსიმუმი იყო. მადლობა „ზესტაფონის“ ხელმძღვანელობას იმისათვის, რომ ყველანაირ პირობას გვიქმნის ნაყოფიერი წვრთნისათვის. კლუბის ბაზაზე ვვარჯიშობთ და იქვე ვთამაშობთ. ეს ბაზა კი აშკარად გამორჩეულია საქართველოში. კლუბის მფლობელის, ბატონი ილია კოკაიას მხრიდან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ.“ - გვიყვება მაზმიშვილი.
მწვრთნელის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი გაუზარდოს ზესტაფონს და საქართველოს. „ერთი პერიოდი იყო აზრი, რომ ზესტაფონში არ იზრდება ფეხბურთელი. მე მას კატეგორიულად არ ვიზიარებ. თუ იქნება შესაბამისი მიდგომა, ყველა დარწმუნდება, რომ ეს ასე არაა. ამის მაგალითს თუნდაც ის გუნდი წარმოადგენს, რომელზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ.“ – ამთავრებს მწვრთნელი"...
|