07.12.2017
თვრამეტწლამდელთა ორი მატჩი მინსკში
გიორგი მიქაძის მიერ დამმოძღვრილმა საქართველოს თვრამეტწლამდელთა ნაკრებმა, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბელორუსის დედაქალაქ მინსკში იმყოფებოდა, ადგილობრივ თანატოლებთან ორი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გამართა...
4 ნოემბერს გამართული პირველი მატჩი უგოლოდ 0-0 დასრულდა, რაც შეეხება ბელორუსთა და ქართველთა 6 ნოემბერს გამართულ მეორე "დუელს", ის გაცილებით საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა და საბოლოოდ, ფრე 4-4 დაფიქსირდა.
ჩვენი კლუბის ქომაგისთვის ძალიან სასიამოვნო ამბავია ის, რომ ბელორუსის თვრამეტწლამდელთა ნაკრებთან გამართულ ორივე შეხვედრაში ქართველთა შემადგენლობაში მოედანზე გავიდა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ფორვარდი შოთა შეყილაძე, რომელიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ასაკობრივ ნაკრებში გამოძახებული პირველი ზესტაფონელი გახლავთ...
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს თვრამეტწლამდელთა ნაკრებს, რომელსაც წარსულში "ზესტაფონის" დამრიგებელი გიორგი მიქაძე წვრთნის, გაისად დიდი ბრძოლა მოუწევს 2019 წელს სომხეთში გასამართი ცხრამეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასასვლელად.
გუშინ, 6 დეკემბერს, უეფას შტაბ-ბინაში 2018-19 წლების 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. გიორგი მიქაძის გუნდი, აზერბაიჯანის, ისრაელისა და ლიხტენშტაინის 19-წლამდელთა ნაკრებ გუნდებთან ერთად პირველ ჯგუფში მოხვდა. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს 2018 წლის 14, 17 და 20 ნოემბერს თბილისი უმასპინძლებს...
|