13.11.2017
"მოსამზადებელი" აღმასკომისა და "ზესტაფონის" ამბები
მზად ვართ, ლიცენზირება გავიაროთ, ოღონდ ჯერ ოფიციალურად გვაცნობეთ, რომელ ლიგაში ვითამაშებთ!
მიმდინარე წლის 13 ნოემბერს ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა მეტად საინტერესო პუბლიკაცია, რომელიც საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გარშემო შექმნილ ვითარებაზე მოგვითხრობს. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრესსამსახური ამ პუბლიკაციას უცვლელად გთავაზობთ...
"შაბათს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა. ჩვენი ინფორმაციით, სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად „ზესტაფონის“ თემაც განიხილეს. ცოტა ხნის წინ „ლელოსთან“ ინტერვიუში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ სულ მალე „ზესტაფონის“ თემა დაიხურებოდა და დაიხურებოდა ქართველი გულშემატკივრის ინტერესების გათვალისწინებით...
ამან გააჩინა ვარაუდი, რომ ქართულ საფეხბურთო სივრცეში იგეგმებოდა კლუბის დაბრუნება. მოგვიანებით ჩვენი წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურდა და მკითხველს მივაწოდეთ კიდეც. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის სინამდვილეს ადასტურებს ის წერილი, რომელიც კლუბმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მიიღო, თუმცა ამაზე ქვემოთ...
რა ხდება ამჟამად „ზესტაფონთან“ დაკავშირებით? ამ კითხვით კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელს, სერგო ფუტკარაძეს მივმართეთ.
- დასრულდა საქართველოს ფეხბუტთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა. გავეცანით წერილსაც, რომელიც კლუბს გაეგზავნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ. შეგვიძლია მოგილოცოთ „ზესტაფონის“ დაბრუნება ქართულ საფეხბურთო სივრცეში?
- ვადასტურებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან ჩვენ მივიღეთ წერილი. რაც შეეხება აღმასკომის გუშინდელ სხდომას, რამეს თქმა მიჭირს. პრაქტიკულად არ ვიცი, როგორ განვითარდა იქ მოვლენები. ვცადე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირთან დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ.
ჩვენი კლუბის გარშემო შექმნილი სიტუაცია განსაკუთრებულია. როგორც იცით, უკვე 2,5 წელია, „ზესტაფონი“ დანაშაულებრივად ჩამოშორებულია ქართულ ფეხბურთს. არ გვინდა კიდევ ერთხელ მოვისმინოთ ტრაგიკულად შეფერილი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ფეხბურთის ფედერაცია მზად იყო კლუბის დასაბრუნებლად და ჩვენ ვერ ან არ გავიარეთ ლიცენზირების პროცესი, რის გამოც არ მოხდა ეს.
ვამბობ პირდაპირ: „ზესტაფონი“ მზადაა, ჩაერთოს და გაიაროს ლიცენზირების პროცესი. ოღონდ ამისთვის საჭიროა, ვიცოდეთ, რომელ ლიგაში ვითამაშებთ მომავალ სეზონში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მწვრთნელებს და ფეხბურთელებს კონტრაქტები ხომ უნდა გავუფორმოთ და შესაბამისი მიზანი ხომ უნდა დავუსახოთ?! თან, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ისიც, რომ ჩვენი დღევანდელი რეალობა სპეციფიკურია...
ჩვენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მივიღეთ შეთავაზება, რომ ვითამაშოთ ლიგა2 - ში, როგორც ყველასხვა კლუბმა. იმედია, მალე ამის ოფიციალური დასტურიც გვექნება ...
ჩვენის მხრივ კი დავძენთ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში განგვიმარტეს, ეს იყო მოსამზადებელი ხასიათის აღმასკომი, სადაც რაიმე გადაწყვეტილების მიღება დაგეგმილი არ ყოფილა. გვითხრეს ისიც, რომ მომავალი აღმასკომი ამ კუთხით უფრო მნიშვნელოვანი იქნება".
|