28.10.2017
ზესტაფონელი 13-წლამდელები ბრინჯაოს მიუახლოვდნენ
მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს ჩვენი კლუბის ზესტაფონში მდებარე ბაზაზე, იმერეთის ღია პირველობის შეხვედრაში მიხეილ სალაძის სახელობის ზესტაფონის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრთან არსებულმა ცამეტწლამდელ ჭაბუკთა გუნდმა საჩხერის "ჩიხურას" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლა.
ზემოთნახსენები ტურნირი, რომელსაც გარი სორდიას სახელობის თასის გათამაშება ეწოდება, იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის მიერ არის ორგანიზებული და მასში იმერეთის, აჭარისა და გურიის მხარეების წარმომადგენელი კოლექტივები მონაწილეობენ...
როგორც იცით, ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობის მიზნით და მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის წინაშე არსებული ინფრასტრუქტურული ხასიათის პრობლემების გათვალისწინებით, საფეხბურთო კლუბ
<ო>
"ზესტაფონის" მენეჯმენტის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება "მარგვეთი-2006"-ს 2004 წელს დაბადებულ ჭაბუკთა გუნდისათვის (მწვრთნელი - მამუკა ფუტკარაძე), ზემოთნახსენები ტურნირის მატჩების ჩასატარებლად, ჩვენი საწვრთნელი კომპლექსის ერთ-ერთი სათამაშო მოედნის უსასყიდლოდ დათმობის თაობაზე.
28 ოქტომბერს ნორჩმა ზესტაფონელებმა, რომლებიც სატურნირო ცხრილის საპატიო მესამე პოზიციაზე იმყოფებიან, "ზესტაფონის" ბაზაზე მორიგი გამარჯვება იზეიმეს - მიმდინარე ტურნირის ფარგლებში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ "ჩიხურასთან" შეხვედრა მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 4-1 დასრულდა,
იმერეთის ცამეტწლამდელთა ღია პირველობის ბრინჯაოს მედლების კომპლექტის გასანაღდებლად ნორჩ მარგველებს ტურნირის დასკვნით ტურში ლანჩხუთის სპორტული სკოლის კოლექტივის დამარცხება ესაჭიროებათ...
|