21.10.2017
ჩვიდმეტწლამდელთა მორიგი სამი ქულა
მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს 2017 წლის U17 ჩემპიონატის "ოქროს ლიგის" მეცამეტე ტურის ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე გამართულ შეხვედრაში ბათუმის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლა.
დღევანდელი შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძელთა დიდი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა და შესვენებისთვის ეს უპირატესობა ბათუმელთა კარში გატანილ 3 უპასუხო გოლში იქნა ასახული. ანგარიში 24-ე წუთზე გაიხსნა - გიორგი სამხარაძის კარგი გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა შოთა შეყილაძემ თავის გუნდი დააწინააურა...
ზუსტად ერთ წუთში შეტევის მარცხენა ფლანგიდან დაწყებული იმერელთა შეტევა სტუმართა საჯარიმოში შოთა შეყილაძის შეჭრითა და ბესო ფერაძის აუღებელი დარტყმით დასრულდა, 27-ე წუთზე კი თავის მორიგი გოლი შოთა შეყილაძემ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ორივე ამ ეპიზოდში მოედნის ცენტრში ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლა გიორგი სამხარაძემ და თანაგუნდელები დროული გადაცემებით მოამარაგა ...
მეორე ტაიმში თამაში შედარებით დამშვიდდა და შესაბამისად, გათანაბრდა კიდეც. სტუმრებმა თავიდან შეუტიეს და 50-ე წუთზე "პრესტიჟის გოლის" გატანაც მოახერხეს - თავი ბექა ვერულიძემ გამოიჩინა. თამაშისათვის განკუთვნილი დარჩენილი წუთები კი გატანილი გოლების გარეშე წარიმართა და ზესტაფონელებმა მიმდინარე ჩემპიონატში მორიგი გამარჯვებაც, ანგარიშით 3-1 მოიპოვეს.
მორიგ შეხვედრას ზესტაფონელი ჩვიდმეტწლამდელები 29 ოქტომბერს გამართავენ - U17 "ოქროს ლიგის" მეთოთხმეტე ტურის მატჩში მარგველთა გუნდი საგურამოს ესტუმრება, სადაც თბილისის საფეხბურთო კლუბ "ლოკომოტივის" წარმომადგენელ კოლექტივს დაუპირისპირდება. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება...
|
21.10.2017. U-17. ”ზესტაფონი” - ”დინამო” (ბათუმი) 3-1 |
"ზესტაფონი" (U-17): გოგოლაძე, ხუჯაძე, გაჩეჩილაძე, გაბრიაძე, ბერაძე (ტოფაძე, 64), გ. სამხარაძე, მჭედლიძე (ს. სამხარაძე, 57), მაცაბერიძე (აბჟანდაძე, 18), ბ. ფერაძე, არაბიძე (წითელაშვილი, 80), შეყილაძე.
|
|