18.10.2017
ზესტაფონელი 13-წლამდელები სამეულში დამკვიდრდნენ
მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს ჩვენი კლუბის ზესტაფონში მდებარე ბაზაზე, იმერეთის ღია პირველობის შეხვედრაში მიხეილ სალაძის სახელობის ზესტაფონის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრთან არსებულმა ცამეტწლამდელ ჭაბუკთა გუნდმა ქობულეთის "შუქურას" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლა.
ზემოთნახსენები ტურნირი, რომელსაც გარი სორდიას სახელობის თასის გათამაშება ეწოდება, იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის მიერ არის ორგანიზებული და მასში იმერეთის, აჭარისა და გურიის მხარეების წარმომადგენელი კოლექტივები მონაწილეობენ...
როგორც იცით, ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობის მიზნით და მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის წინაშე არსებული ინფრასტრუქტურული ხასიათის პრობლემების გათვალისწინებით, საფეხბურთო კლუბ
<ო>
"ზესტაფონის" მენეჯმენტის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება "მარგვეთი-2006"-ს 2004 წელს დაბადებულ ჭაბუკთა გუნდისათვის (მწვრთნელი - მამუკა ფუტკარაძე), ზემოთნახსენები ტურნირის მატჩების ჩასატარებლად, ჩვენი საწვრთნელი კომპლექსის ერთ-ერთი სათამაშო მოედნის უსასყიდლოდ დათმობის თაობაზე.
16 ოქტომბერს ნორჩმა მარგველებმა, რომლებიც სადღეისოდ სატურნირო ცხრილის საპატიო მესამე პოზიციაზე იმყოფებიან, "ზესტაფონის" მშვენიერ მდგომარეობაში მყოფ ბაზაზე მორიგი გამარჯვება იზეიმეს - მიმდინარე ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ "შუქურასთან" შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა, გამაჯვებულთა რიგებში "დუბლით" თავი ჭაბუკი ლაბაძემ გამოიჩინა...
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მატჩი დასავლეთ საქართველოში მოსული უძლიერესი წვიმის "აკომპანემენტით" წარიმართა, თუმცა მას ჩვენი სპორტული კომპლექსის სათამაშო მოედნის ხარისხზე დიდად არ უმოქმედია. საინტერესოა ისიც, რომ "ზესტაფონის" ბაზაზე გამართული იმერულ-აჭარული დაპირისპირების გარდა, ძლიერი წვიმისა და საფეხბურთო მინდვრების დატბორვის გამო, იმერეთის ღია ჩემპიონატის ყველა სხვა მატჩი გადაიდო და მოგვიანებით გაიმართება...
|