Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

13.10.2017

 

 

 

 

 

 

 

 

უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მდევართან შეხვედრაში

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს 2017 წლის U17 ჩემპიონატის "ოქროს ლიგის" მორიგი, რიგით მეთორმეტე ტურის შეხვედრა გამართა - მარგველები საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის" წარმომადგენელ თანატოლებს ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ესტუმრნენ.

 

როგორც ჩვენი საიტის ერთგულმა მომხმარებელმა იცის, "სამტრედიისა" და "ზესტაფონის" კოლექტივები ჩვიდმეტწლამდელთა მიმდინარე პირველობის პირველ ეტაპზეც ერთ ჯგუფში ასპარეზობდნენ - სამტრედიაში გამართული დაპირისპირება დაძაბული, სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ 2-2 დასრულდა, ხოლო საპასუხო მატჩი ზესტაფონელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და მათივე დიდი ანგარიშით გამარჯვებით 5-1 დასრულდა. იგივე ანგარიშით 5-1 დასრულდა ამ გუნდებს შორის "ოქროს ლიგის" გათამაშების პირველი წრის ზესტაფონში გამართული შეხვედრაც ...

 

ზესტაფონელებთან დაპირისპირებებში განცდილ 2 მარცხს თუ არ ჩავთვლით, სამტრედიელები მიმდინარე ტურნირს საკმაოდ კარგ დონეზე ატარებენ, რასაც მათ მიერ "ოქროს ლიგის" ეგიდით გამართულ ორივე შეხვედრაში თბილისის "დინამოს" დამარცხებაც მოწმობს. დღევანდელ მატჩამდე კი სატურნირო მდგომარეობა ისეთი გახლდათ, რომ, ზესტაფონელთა დამარცხებით, მასპინძლებს ლიდერთან ჩამორჩენის ორ ქულამდე შემცირების რეალური შანსი ეძლეოდათ...

 

შეხვედრა "ზესტაფონის" იერიშებით დაიწყო და უკვე დებიუტშივე მათ დაწინაურება მართებდათ - ერთსა და იმავე შეტევაში მასპინძელთა კარის ძელს ჯერ ბესო ფერაძის თავური მოხვდა, შემდეგ კი შოთა შეყილაძის ფეხით დამატებულიც... ზოგადად, პირველი ტაიმის განმავლობაში სტუმრები ოდნავ უკეთ გამოიყურებოდნენ და ოპონენტის კართან სახიფათო მომენტების შექმნასაც სწორედ ზესტაფონელები ახერხებდნენ...

 

მეორე ტაიმიც ზემოიმერელთა აქტიურობით დაიწყო და სწორედ თამაშის ამ მონაკვეთში ორჯერ უნდა გაეტანა ზესტაფონელთა ბომბარდირ შოთა შეყილაძეს - ორივე შემთხვევაში საკუთარი გუნდი სამტრედიელთა გოლკიპერმა ნიკოლოზ ჩომახიძემ გადაარჩინა. ამდენი მომენტის გაცუდების გათვალისწინებით, მატჩის ბოლოს ზესტაფონელებმა მეტოქეს უკვე 3 ფორვარდით შეუტიეს, რის შედეგადაც თამაში გაიხსნა და შედარებით გათანაბრდა კიდეც...

 

ასეთ ვითარებაში გოლის გატანის შესაძლებლობა ორივე მხარეს მიეცა, მაგრამ ორივე გუნდის მეკარე დღეს ძალიან დამაჯერებლად ირჯებოდა. განსაკუთრებით გამოსარჩევია ზესტაფონელთა გოლკიპერის ლუკა გოგოლაძის სეივი, როდესაც მან ურთულესი ბურთი მოიგერია და სტუმართა ორი მომენტი - შოთა შეყილაძეს ისევ ნიკოლოზ ჩომახიძემ აუღო, ხოლო გოგა არაბიძის მიერ მეკარისათვის მახვილგაონივრულად თავზე გადაგდებული ოდნავ არაზუსტი გამოდგა...

 

დღევანდელ ძალიან საინტერესო და დაძაბულ შეხვედრაში ერთადერთი და ზესტაფონელთათვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვების მომტანი გოლი მატჩის ბოლოსწინა, 79-ე წუთზე გავიდა - მას შემდეგ, რაც მოედნის ცენტრში თავგანწირვით ითამაშა გიორგი სამხარაძემ და ბურთი საკუთარ გუნდს შეუნარჩუნა, ბესო ფერაძემ უზუსტესი პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა გოგა არაბიძე და ამ უკანასკნელმაც ბურთი ბადეში გადაგზავნა...

 

შედეგად, ზესტაფონელებმა უშუალო კონკურენტთან შეხვედრა მინიმალური გამარჯვებით, ანგარიშით 1-0 დაასრულეს და თორმეტი გამართული ტურის შემდეგ ჩვიდმეტწლამდელთა "ოქროს ლიგის" გათამაშების სატურნირო ცხრილის სათავეში ისევ განმარტოვებით იმყოფებიან...

 

 

13.10.2017. U-17. ”სამტრედია” - ”ზესტაფონი” 0-1

"ზესტაფონი" (U-17): გოგოლაძე, ბერაძე, ხუჯაძე, გაჩეჩილაძე, გაბრიაძე, გ. სამხარაძე, მაცაბერიძე (აბჟანდაძე, 41), მჭედლიძე (ს. სამხარაძე, 73), ბ. ფერაძე, არაბიძე, შეყილაძე (სხილაძე, 80).

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017