06.10.2017
პატარა ზესტაფონელთა მორიგი გამარჯვება
მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს ჩვენი კლუბის ზესტაფონში მდებარე ბაზაზე, იმერეთის ღია პირველობის შეხვედრაში მიხეილ სალაძის სახელობის ზესტაფონის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრთან არსებულმა ცამეტწლამდელ ჭაბუკთა გუნდმა ქუთაისის "მართვეს" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლა.
როგორც იცით, ზემოთნახსენები ტურნირი, რომელსაც გარი სორდიას სახელობის თასის გათამაშება ეწოდება, იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის მიერ არის ორგანიზებული და მასში იმერეთის, აჭარისა და გურიის მხარეების წარმომადგენელი კოლექტივები მონაწილეობენ...
ჩვენ აქამდეც ვიუწყებოდით იმის შესახებ, რომ ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობის მიზნით და მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის წინაშე არსებული ინფრასტრუქტურული ხასიათის პრობლემების გათვალისწინებით, "ზესტაფონის" მენეჯმენტის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება "მარგვეთი-2006"-ს 2004 წელს დაბადებულ ჭაბუკთა გუნდისათვის (მწვრთნელი - მამუკა ფუტკარაძე), ზემოთნახსენები ტურნირის მატჩების ჩასატარებლად, ჩვენი საწვრთნელი კომპლექსის ერთ-ერთი სათამაშო მოედნის უსასყიდლოდ დათმობის თაობაზე.
5 ოქტომბერს პატარა ზესტაფონელებმა ჩვენს ბაზაზე მორიგი გამარჯვება მოიპოვეს - ტურნირის ლიდერ ქუთაისის "მართვესთან" შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 3-1 დასრულდა...
|