05.10.2017
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ...
ამ რამდენიმე დღის წინ საქართველოს თვრამეტწლამდელთა ნაკრების დამრიგებელმა გიორგი მიქაძემ დაასახელა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც U18 გუნდის პირველ შეკრებაზე არიან გამოძახებულნი. "ზესტაფონის" გულშემატკივართათვის ძალიან სასიამოვნოა ამ სიაში ჩვენი კლუბის წარმომადგენლის აღმოჩენა.
ეს ამბავი ასე განსაკუთრებული გამოხმაურების ღირსად იმიტომაც მივიჩნიეთ, რომ მას შემდეგ, რაც 2015 წლის 20 აპრილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგასა და მთლიანად ეროვნულ ჩემპიონატს უსამართლოდ ჩამოაშორა, ეს ჩვენი კლუბის წარმომადგენელი ფეხბურთელის ნაკრებში გამოძახების პირველი პრეცედენტია!
"ზესტაფონის" ფორვარდი შოთა შეყილაძე მიმდინარე წლის 3 ოქტომბრიდან გადის საწვრთნელ შეკრებას ჩვენთვის კარგად ნაცნობი სპეციალისტის გიორგი მიქაძის მიერ გაწვრთნილ თვრამეტწლამდელთა ნაკრებთან ერთად. ეს შეკრება 8 ოქტომბერს დანიშნული ამხანაგური მატჩით დასრულდება...
თავის მხრივ, ჩვენი კლუბის სახელით, გვინდა ნაკრებსა და მის დამრიგებელს, რომლებსაც 1 წლის შემდეგ სომხეთში 2019 წელს გასამართი ცხრამეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასასვლელად დიდი ბრძოლა მოუწევთ, წარმატებები ვუსურვოთ!
|