09.09.2017
ზესტაფონელი ბავშვების სამსახურში
მიმდინარე წლის 9 სექტემბერს ჩვენი კლუბის ზესტაფონში მდებარე ბაზაზე, იმერეთის ღია პირველობის შეხვედრაში, მიხეილ სალაძის სახელობის ზესტაფონის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრთან არსებული საფეხბურთო გუნდ "მარგვეთი-2006"-ს ცამეტწლამდელ ჭაბუკთა გუნდმა ჩოხატაურის "ბახმაროს" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლა.
როგორც იცით, ზემოთნახსენები ტურნირი, რომელსაც გარი სორდიას სახელობის თასის გათამაშება ეწოდება, იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის მიერ არის ორგანიზებული და მასში იმერეთის, აჭარისა და გურიის მხარეების წარმომადგენელი კოლექტივები მონაწილეობენ...
ჩვენ აქამდეც ვიუწყებოდით იმის შესახებ, რომ ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობის მიზნით და მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის წინაშე არსებული ინფრასტრუქტურული ხასიათის პრობლემების გათვალისწინებით, "ზესტაფონის" მენეჯმენტის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება "მარგვეთი-2006"-ს 2004 წელს დაბადებულ ჭაბუკთა გუნდისათვის (მწვრთნელი - მამუკა ფუტკარაძე), ამ მატჩის ჩასატარებლად, ჩვენი საწვრთნელი კომპლექსის ერთ-ერთი სათამაშო მოედნის უსასყიდლოდ დათმობის თაობაზე.
პატარა ზესტაფონელებმა ჩვენს ბაზაზე უკვე მესამე მატჩი გამართეს და მესამე გამარჯვებაც მოიპოვეს - ჩოხატაურელებთან შეხვედრა მასპინძელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 6-2 დასრულდა...
|