2017 წლის 2 სექტემბერს გამართული მატჩით სეზონი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელთათვისაც განახლდა. ევგრაფი შევარდნაძის სახელობის ლანჩხუთის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართულ შეხვედრაში მარგველები ადგილობრივი "გურიის" წარმომადგენელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ.
ლანჩხუთურ-ზესტაფონური დაპირისპირება საინტერესოდ, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში სტუმრები დომინირებდნენ და სათამაშო უპირატესობის ასახვა ნიკა ჭანტურიძის მიერ მასპინძელთა კარში გატანილ ორ გოლში შეძლეს. მეორე ტაიმში უკვე ლანჩხუთელი ჭაბუკები გააქტიურდნენ - მათ ჯერ ერთი ბურთი გაქვითეს, მატჩის ბოლოს კი ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს. შედეგად, ფრე 2-2.
მორიგ შეხვედრას ზესტაფონელი თხუთმეტწლამდელები 7 სექტემბერს გამართავენ - U15 ლიგის "სანუგეშო" ტურინირის დასავლეთის ზონის მეოთხე ტურის მატჩში მარგველთა გუნდი საკუთარ მოედანზე ბათუმის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" დაუპირისპირდება. მატჩი 16:30 საათზე დაიწყება...