26.08.2017
სამქულიანი ვიზიტი აჭარაში
მიმდინარე წლის 26 აგვისტოს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელებმა საქართველოს 2017 წლის ეროვნული ჩემპიონატის "ოქროს ლიგის" გათამაშების მეოთხე ტურის მატჩი გამართეს - ქობულეთის "ჩელე-არენაზე" იმერლები ბათუმის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" წარმომადგენელ თანატოლებს ესტუმრნენ.
დღევანდელი დაპირისპირება ბათუმში უნდა გამართულიყო, თუმცა აჭარის დედაქალაქში დღეს საღამოს გასამართი ბათუმელი და თბილისელი უმაღლესლიგელი დინამოელების მატჩის გამო, იქნა მიღებული გადაწყვეტილება ჩვიდმეტწლამდელთა ტურნირის მონაწილეთა შეხვედრის ქობულეთში გამართვის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ სტადიონზე მისულ სტუმართა გუნდს სასიამოვნო სიურპრიზი ელოდა - მარგველთა საგულშემატკივროდ "ჩელე-არენაზე" აჭარაში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფი 40-მდე ახალგაზრდა ზესტაფონელი ძიუდოისტი და მათი მწვრთნელები მოვიდნენ.
როგორც მოგეხსენებათ, ქობულეთის მთავარ საფეხბურთო არენაზე სათამაშო მოედნის მდგომარეობა შორსაა იდეალურისაგან და ამის გამო ორივე გუნდს ადაპტაციისათვის გარკვეული დრო დასჭირდა. ტაიმის შუაგულისკენ სათამაშო ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ და თანმიმდევრულად დაიწყეს მასპინძელთა კარის "გასაღების" ძიება.
გადამწყვეტი გოლი ტაიმის უკანასკნელ, 40-ე წუთზე გავიდა - ბათუმელთა მიერ მათივე ნახევარზე თამაშის წესის დარღვევისათვის დანიშნული სტანდარტის შემდეგ, ბურთის საჯარიმოში ჩაწოდებისას ყველას მაღალ ნახტომში ზესტაფონელთა მცველმა გიორგი გაჩეჩილაძემ აჯობა და თავის გუნდი დააწინაურა...
შეხვედრის მეორე ნახევარი თანაბარ ბრძოლაში კი წარიმართა, თუმცა სტუმართა შეტევები ბათუმელთა კარისათვის მეტი ხიფათის შემცველი გახლდათ და რომ არა შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში იმერელთა უზუსტობა, მატჩის ბედი გაცილებით ადრე გაირკვევოდა. ისე კი, ზესტაფონელთა ქომაგს არბიტრის საფინალო სასტვენამდე ნერვიულობა მოუხდა, თუმცა საბოლოოდ მატჩი მაინც სტუმართა მინიმალური გამარჯვებით 1-0 დასრულდა.
მორიგ შეხვედრას ზესტაფონელთა ჩვიდმეტწლამდელები 1 სექტემბერს გამართავენ - U17 ეროვნული ჩემპიონატის "ოქროს ლიგის" მეხუთე ტურის მატჩში მარგველთა გუნდი საკუთარ მოედანზე 2000-2001 წლებში ჭაბუკთა შორის ქვეყნის შარშანდელ ჩემპიონს, თბილისის საფეხბურთო კლუბ "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება...
|
26.08.2017. U-17. ”დინამო” (ბათუმი) - ”ზესტაფონი” 0-1 |
"ზესტაფონი" (U-17): გოგოლაძე, გაჩეჩილაძე, ტოფაძე, ხუჯაძე, ბერაძე, ს. სამხარაძე, გ. სამხარაძე (არაბიძე, 41), სხილაძე, მჭედლიძე, ბ. ფერაძე, შეყილაძე (აბჟანდაძე, 80).
|
|