მიმდინარე წლის 21 აგვისტოს გამართული მატჩით საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთათვის საქართველოს 2017 წლის ეროვნული ჩემპიონატი განახლდა. ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე გამართულ U17 "ოქროს ლიგის" მესამე ტურის შეხვედრაში მარგველები საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის" წარმომადგენელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ.
როგორც ჩვენი საიტის ერთგულმა მომხმარებელმა იცის, "სამტრედიისა" და "ზესტაფონის" კოლექტივები ჩვიდმეტწლამდელთა მიმდინარე ტურნირის პირველ ეტაპზეც ერთ ჯგუფში ასპარეზობდნენ - სამტრედიაში გამართული დაპირისპირება დაძაბული, სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ 2-2 დასრულდა, ხოლო საპასუხო მატჩი ზესტაფონელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და მათივე დიდი ანგარიშით გამარჯვებით 5-1 დასრულდა...
რაც შეეხება "ოქროს ლიგის" მესამე ტურის გუშინდელ შეხვედრას, აქ დაძაბულობა მხოლოდ პირველ ნახევარში იგრძნობოდა - 16-ე წუთზე მარგველი ბესო ფერაძის მიერ გატანილ ლამაზ გოლს, სამტრედიელმა ანატოლი მესიაჩენკომ 23 -ე წუთზე ულამაზესი შორეული დარტყმით უპასუხა. ტაიმიც თითქოს ფრედ უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბოლოსწინა, 39-ე წუთზე სამტრედიელებს მასპინძელთა სწრაფი კონტრიერიში გამოეპარათ და შოთა შეყილაძის დროული გადაცემის შემდეგ სტუმართა გოლკიპერ ნიკოლოზ ჩომახიძესთან პირისპირ დარჩენილმა ბესო ფერაძემ წინ ისევ თავის გუნდი გაიყვანა...
მეორე ტაიმში კი, ამ გუნდების წინა (ზესტაფონში გამართული) შეხვედრის მსგავსად, მოედანზე "ცალკარა" გაჩაღდა - მასპინძლებმა სამტრედიელთა კარში ერთმანეთის მიყოლებით სამი გოლი გაიტანეს და ორი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე მყოფ ოპონენტს არანაირი შანსი არ დაუტოვეს - 52-ე წუთზე ბესო ფერაძემ კიდევ ერთი ლამაზი დარტყმით "ჰეტ-თრიკი" შეასრულა, 69-ე წუთზე გოგა არაბიძემ ანგარიშში თავის გუნდის უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა, ხოლო 72-ეზე თავის გოლი შოთა შეყილაძემაც გაიტანა, რომლისთვისაც ეს მიმდინარე სეზონში გატანილი 28-ე გოლი გახლავთ.
ზესტაფონელებმა უშუალო კონკურენტთან შეხვედრა კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5-1 დაასრულეს და სადღეისოდ "ოქროს ლიგის" გათამაშების სატურნირო ცხრილის სათავეში ერთპიროვნულად იმყოფებიან...
21.08.2017. U-17. ”ზესტაფონი” - ”სამტრედია” 5-1
"ზესტაფონი" (U-17):გოგოლაძე, ბერაძე, ხუჯაძე, ტოფაძე, გაჩეჩილაძე (მაცაბერიძე, 68), გ. სამხარაძე (არაბიძე, 62), სხილაძე (ჟღენტი, 73), ს. სამხარაძე, მჭედლიძე, ბ. ფერაძე (აბჟანდაძე, 74), შეყილაძე (ხოხიაშვილი, 75).