14.08.2017
ჭაბუკთა ტურნირების კალენდარი
ამ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ ჭაბუკთა შორის საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ლიგაში მონაწილე კლუბებს დაუგზავნა U-19, U-17 და U-15 ტურნირებში მოასპარეზე ჭაბუკთა 2017 წლის ჩემპიონატის მეორე ეტაპის პირველი წრის კალენდარი.
როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" 2000-2001 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გუნდმა (მწვრთნელი - გურამ მაზმიშვილი) ჩვიდმეტწლამდელთა ტურნირის პირველი ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა, "ოქროს ლიგის" საგზური მოიპოვა და ამ ტურნირის პირველ ორ ტურში გაგრელებთან გამარჯვებისა და "ავაზასთან" მოპოვებული ფრის წყალობით, სადღეისოდ 4 ქულით სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზე იმყოფება.
აქვე შაგახსენებთ "ოქროს ლიგაში" ზესტაფონელი ჩვიდმეტწლამდელების მეტოქეთა ვინაობას: თბილისის "ლოკომოტივი", "დინამო", "ავაზა", "35-ე საფეხბურთო სკოლა", საფეხბურთო კლუბი "გაგრა", ბათუმის "დინამო", ქობულეთის "შუქურა", ზუგდიდის "სფფ-ს აკადემია" და საფეხბურთო კლუბი "სამტრედია".
საინტერესოა, რომ "ოქროს ლიგის" გათამაშების საშემოდგომო ნაწილის საწყის 3 ტურში ზესტაფონელ ჩვიდმეტწლამდელებს სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი 2 კოლექტივის საკუთარ მოედანზე მიღება უწევთ - 21 აგვისტოს ჩვენს საფეხბურთო ბაზას სამტრედიელები ესტუმრებიან, ხოლო 1 სექტემბერს იმერლები 2000-2001 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის შარშანდელი ჩემპიონატის გამარჯვებულ თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლებენ...
რაც შეეხება 15-წლამდელთა ლიგას, აქ ზესტაფონელთა 2002-2003 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გუნდმა (მწვრთნელი - ლაშა მაზმიშვილი) "ოქროს ლიგაში" გაღწევა ვერ მოახერხა და ახლა "სამტრედიის", ბათუმის "დინამოს", ლანჩხუთის "გურიის", "ზუგდიდის", წყალტუბოს "სამგურალისა" და ტყიბულის "მეშახტის" კოლექტივებთან ერთად "დამამშვიდებელი" ტურნირის დასავლეთ ზონაში ასპარეზობს.
ზესტაფონელი თხუთმეტწლამდელები საქმეს 2 სექტემბერს ლანჩხუთში გასვლითი შეხვედრით შეუდგებიან. პირველ საშინაო მატჩს კი ბათუმელი დინამოელების წინააღმდეგ 7 სექტემბერს გამართავენ...
|