13.08.2017
სპარინგ-დუელი საჩხერელებთან
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ჭაბუკთა გუნდები ეროვნული ჩემპიონატის განახლებისათვის ემზადებიან. 12 აგვისტოს მარგველთა ორივე გუნდმა ამხანაგური მატჩი გამართა - ჩვენი კლუბის საფეხბურთო ბაზაზე ზესტაფონელებს საჩხერის საფეხბურთო კლუბ ”ჩიხურას” ასაკობრივი გუნდები ესტუმრნენ.
თავიდან მოედანზე "ზესტაფონის" 17-წლამდელთა და "ჩიხურას" 19-წლამდელთა გუნდები გავიდნენ. ეს მატჩი ძალიან სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა და მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5-4 დასრულდა. გამარჯვებულთა რიგებში გატანილი გოლებით თავი შოთა შეყილაძემ (3) და ბესო ფერაძემ (2) გამოიჩინეს.
ამის შემდეგ კი მოედანზე "ზესტაფონის" 15-წლამდელები გავიდნენ - მათ "ჩიხურას" 17-წლამდელები დაუპირისპირდნენ. უნდა ვთქვათ, რომ მიუხედავად ასაკსა და "გაბარიტებში" სტუმართა აშკარა უპირატესობისა, ნორჩმა ზესტაფონელებმა თავდაუზოგავი ბრძოლა გაუმართეს მეტოქეს. საბოლოოდ, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით, მატჩი მაინც ასაკით უფროსმა საჩხერელებმა მოიგეს, თუმცა დამარცხებულებმაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და მატჩზე მყოფი ფეხბურთის მოყვარულთა ოვაციებიც არაერთხელ დაიმსახურეს...
მორიგ ამხანაგურ შეხვედრას ჩვენი ჩვიდმეტწლამდელები 16 აგვისტოს გამართავენ - ამ დღეს მათ მოყვარულთა ლიგის წარმომადგენელი ზესტაფონის ნაკრები გუნდი დაუპირისპირდება.
|