11.08.2017
ილია კოკაია: ""ზესტაფონისა" და საქართველოს დროშას ყველგან ავიტან..."
როგორც უკვე ვიუწყებოდით, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მეპატრონე ილია კოკაიამ მონაწილეობა საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს მწვერვალ თეთნულდზე ლაშქრობაში მიიღო. ამ საინტერესო ამბავს ახალი ამბების სააგენტო "PrimeTime" გამოეხმაურა და ბატონ ილიასთან საინტერესო ინტერვიუ გამოაქვეყნა. ჩვენ ამ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:
"გამოწვევა მიღებულია... საფეხბურთო კლუბ ,,ზესტაფონის“ მფლობელი და პრეზიდენტი, ბიზნესმენი ილია კოკაია თეთნულდზე ავიდა.
მწვერვალის დაპყრობამდე, 200 მეტრი დააკლდა, თანაგუნდელების ცუდად გახდომის გამო, მაგრამ პირობას იძლევა, რომ დარჩენილ მანძილსაც დაძლევს და თეთნულდს დაიპყრობს.
,,გუნდის წევრები ცუდად გაგვიხდნენ. მწვერვალის ხელის მიწვდენაზე ვიყავით, როცა იძულებულები გავხდით მოვბრუნებულიყავით. მთა არ მიგიღებს თუ შენ არ ხარ მზად. ყველა ამბობს, რომ თეთნულდი ისეთი რთული მთაა, რომ რაც გავაკეთეთ სასწაულია. ჩემთვის პირველი გამოცდილება იყო და მინდოდა მენახა, გამომივიდოდა თუ არა. რამოდენიმე ადამიანს რომ არ გაჭირვებოდა აუცილებლად ბოლომდე ავიდოდი. პირველი ცდისთვის დიდი წარმატებაა“, - ამბობს ილია კოკაია.
კლუბ ,,ზესტაფონის“ მფლობელმა პირველ ალპინისტურ გამოცდილებას სიმბოლური დატვირთვაც მისცა და მწვერვალ თეთნულდზე საქართველოსა და კლუბ ,,ზესტაფონის" დროშა ერთად ააფრიალა.
როგორც მან ,,პრაიმტაიმს“ განუცხადა, საფეხბურთო კლუბ ,,ზესტაფონისა" და საქართველოს დროშები თავად ზესტაფონელებმა გაატანეს და სთხოვეს თეთნულდზე აეტანა.
,, იქნებ ასეთ სიმაღლეზე მაინც დაინახონ ქართული ფეხბურთის მესვეურებმა თუ როგორი საჭიროა ეს კლუბი“, - ამბობს ილია კოკაია და პირობას იძლევა, რომ სხვა მწვერვალების დაპყრობას გააგრძელებს.
,, სიმბოლურად, კლუბ ,,ზესტაფონისა“ და საქართველოს დროშას ყველგან ავიტან და მიაღწევენ ზესტაფონელები იმას, რომ თავის გუნდს უმაღლეს ლიგაში იხილავენ, აღდგება სამართლიანობა“, - ამბობს ის.
ცოტას თუ ნახავთ ისეთს, ვინც 60 წლის ასაკში გატაცებად ალპინისტობა აირჩია და ისეთი რთული მწვერვალით დაიწყო, როგორიც თეთნულდია.
,, იმდენად ემოციურია, დღესაც ვერ მოვსულვარ აზრზე. ფიზიკურად მოუმზადებელი ადამიანისთვის ძნელი აღმოჩნდა. ჩემთვის მთაზე ასვლა პირველი გამოცდილება იყო“, - ამბობს ილია კოკაია.
მისი ოცნება ევერესტის დაპყრობაა და ამისთვის ემზადება. შემდეგი გაჩერება მყინვარწვერი...
,,ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს თუ რამეს მოინდომებ აუცილებლად გამოგივა. ეს დასაწყისია და გამოწვევა მიღებულია. თეთნულდის წვერამდე დარჩენილ ორას მეტრსაც გავივლი“, - ამბობს ილია კოკაია".
|