Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

01.08.2017

 

 

 

 

 

 

 

 

სპორტის სამინისტროსა და რაგბის კავშირის მადლობა "ზესტაფონს"

 

 

 

 

 

31 ივლისს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატი ერთხელაც შეაჯამეს და ისაუბრეს იმ უმაღლეს შეფასებაზე, რომელიც საქართველოში ჩატარებულმა შეჯიბრებამ ორგანიზატორებისა და მონაწილე გუნდებისგან მიიღო...

 

მსოფლიო რაგბის ფედერაციამ გამოაგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც საქართველოში ჩატარებულმა 20-წლამდელთა მსოფლიოს პირველობამ უმაღლესი შეფასება მიიღო. სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი ერთხელაც შეაჯამეს...

 

ამასთან, მადლობა გადაუხადეს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის თითოეულ წევრს და საფეხბურთო კლუბების "ზესტაფონის" და "ტორპედოს", აგრეთვე კარლო მჭედლიძის საფეხბურთო აკადემიის წარმომადგენლებს. შეგახსენებთ, ამ გუნდების ბაზებზე ჩემპიონატის მონაწილე გუნდები ვარჯიშობდნენ, მატჩთა შორის პერიოდში საწვრთნელ ვარჯიშებს მართავდნენ. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, 20-წლამდელთა ტურნირის დირექტორი ბაჩო ხურციძე და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გენერალური დირექტორი კორნელი კოკაია... 

 

საქართველოში გამართულმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატმა, აქამდე გამართულ 10 ტურნირს შორის, ორგანიზატორებისა და მონაწილე გუნდებისგან უმაღლესი შეფასება მიიღო. აქამდე მსგავსი ტურნირების ჯამური შეფასება 87% იყო (შარშან მანჩესტერში), საქართველოში ჩატარებული ჩემპიონატის მაჩვენებელმა კი 90%-ს მიაღწია...

 

"საქართველოს რაგბის კავშირმა ტურნირი ჩაატარა პროფესიულ დონეზე. პერსონალი სრულად იყო ჩართული საორგანიზაციო საქმიანობაში და მაქსიმალურად ცდილობდა მოსალოდნელზე მაღალი შედეგის მიღწევას. ქართველი ორგანიზატორების საქმისადმი სიყვარულმა და საკუთარი ქვეყნის საუკეთესო კუთხით წარმოჩენის სურვილმა, ტურნირის სტანდარტი საგრძნობლად აამაღლა" - წერია მსოფლიო რაგბის ოფიციალურ მოხსენებაში. ტურნირი მსოფლიო რაგბმა და 12-ივე მონაწილე ქვეყანამ დეტალურად შეაფასა და  საქართველოში გამართულმა ჩემპიონატმა წინამორბედებს ყველა მაჩვენებლით აჯობა. მისი რეიტინგი 97% იყო, ცერემონიები 96%-ით შეფასდა, ტურნირის მართვა - 94%. სულ 18 კრიტერიუმი შეფასდა და მათი საშუალო მაჩვენებელი 90%-ია...

 

"ის, რომ ყველა მონაწილე გუნდმა ტურნირს 90% შეფასება მიანიჭა, იმაზე მეტყველებს, რომ ისინი საუცხოოდ გრძნობდნენ თავს საქართველოში. ეს შედეგები წინა წლებთან შედარებით ნამდვილად გამორჩეულია და ასახავს მასპინძელი რაგბის კავშირის მაღალ პროფესიონალიზმსა და სითბოს. საქართველოს რაგბის კავშირი, ქართული სარაგბო თემი, კერძო სექტორი, ქომაგები და მთელი ქვეყანა უნდა ამაყობდეს ამ შედეგით, ვინაიდან საქართველოში ჩატარებულმა ტურნირმა ერთი ასად ასწია მომავალი მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატის თამასა" - განაცხადა მსოფლიო რაგბის ტურნირების დირექტორმან საიმონ ქიბლმა.

 

ტარიელ ხეჩიკაშვილი: "წლევანდელი წელი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის თვალსაზრისით გამორჩეულია - საქართველომ არაერთ მნიშვნელოვან შეჯიბრებას უმასპინძლა, ამასთან წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მიერ ორგანიზებული უმაღლესი დონის ტურნირები საერთაშორისო ფედერაციებისგან მაღალ შეფასებას იღებს. სასიხარულოა, რომ ამ ჩამონათვალში მოხვდა საქართველოში გამართული მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი, რომელმაც აქამდე გამართულ 10 ტურნირს შორის, ორგანიზატორებისა და მონაწილე გუნდებისგან უმაღლესი შეფასება მიიღო.

 

აქამდე მსგავსი ტურნირების ჯამური შეფასება 87% იყო, საქართველოში ჩატარებული ჩემპიონატის მაჩვენებელმა კი 90%-ს მიაღწია. ეს ყველაფერი ერთის მხრივ სიხარულის საბაბს გვაძლევს, მეორეს მხრივ კი ერთი-ორად ზრდის ჩვენს შანსებს, რომ მსოფლიო რაგბის საერთაშორისო ფედერაციამ მაღალი დონის ტურნირების მასპინძლობის უფლება მომავალშიც მოგვანიჭოს. უმაღლეს დონეზე ჩატარებულმა შეჯიბრებამ შედეგი უკვე გამოიღო - საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს მომავალში ექვსი ერის გუნდებთან თამაში მოუწევს, რაც უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯი და დიდი წარმატებაა.

 

მინდა, მივულოცო ეს წარმატება რაგბის კავშირს და სარაგბო საზოგადოებას. მადლობა გადავუხადო საორგანიზაციო ჯგუფის თითოეულ წევრს, რომელმაც დაუღალავად იშრომა იმისთვის, რომ საქართველოს 20-წლამდელთა მსოფლიოს თასისთვის ღირსეულად ემასპინძლა". 

 

გოჩა სვანიძე (რაგბის კავშირის პრეზიდენტი):" დიდი მადლობა მსოფლიო რაგბის საერთაშორისო ფედერაციას ასეთი მაღალი შეფასებისთვის. მადლობა სამინისტროს მხარდაჭერისთვის, რადგან ერთობლივი, დაუღალავი მუშაობის გარეშე ასეთ წარმატებას ნამდვილად ვერ მივაღწევდით. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საორგანიზაციო ჯგუფის თითოეულ წევრს, რომელთა გამორჩეული პროფესიონალიზმის და შრომისმოყვარეობის დამსახურებაა, ის უმაღლესი შეფასება, რომელიც მსოფლიო რაგბის ფედერაციისგან მივიღეთ. არ შემიძლია არ გამოვყო მოხალისეები, ადამიანები, რომლებმაც ძალიან ბევრი იმუშავეს და ტურნირის წარმატებით ჩატარებაში თავისი, სოლიდური წვლილი შეიტანეს...

 

 

   
მომზადებულია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის პუბლიკაციის მიხედვით...

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017