26.07.2017
"ლელოს" პუბლიკაცია: "დაკარგული მუღამები"
ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო პუბლიკაცია, რომლის ავტორი, ჟურნალისტი ალეკო კაკაურიძე ქართულ საკლუბო ფეხბურთში არსებულ მდგომარეობაზე, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ავკარგიანობაზე და ეროვნულ ჩემპიონატში ინვესტორთა დეფიციტით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს...
ჩვენი საიტის ერთგულ მომხმარებელს ამ პუბლიკაციას უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი არნახულადაა დაკნინებული. ამას ნათელმხილველობა არ სჭირდება. აგერ ევროთასები - ყველაზე უკეთესი და უტყუარი ლაკმუსი ამა თუ იმ პირველობის დონის განსაზღვრისთვის.
ადრეც ყოფილა, ჩვენს გუნდებს წარუმატებლად უთამაშიათ ევროპულ ტურნირებზე და პირველივე ეტაპიდან ყველა ერთდროულად გავარდნილა, მაგრამ ასეთი საერთო შედეგი, ბურთების ასეთი კატასტროფული მინუსი და, რაც მთავარია, უსუსურობის ასეთი შეგრძნება არასოდეს ყოფილა...
რა თქმა უნდა, კრიზისი და პრობლემები ადრეც ყოფილა, მაგრამ ასე არასოდეს დავცემულვართ. ის კი არა, მკითხველთა გარკვეული რაოდენობა საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ერთი შეხედვით უცილობელ ჭეშმარიტებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი, როგორიც უნდა იყოს ის, პრესაში უსათუოდ უნდა გაშუქდეს.
ბევრი მიზეზია, რამაც აქამდე მოგვიყვანა, მაგრამ ახლა ყველას ერთად ვერ ჩამოვთვლით.
უბრალოდ, გამოვყოფთ ერთ-ერთ მათგანს, რომელიც შეიძლება ვინმეს უმნიშვნელოდ მოეჩვენოს, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის.
ჩემი აზრით, დღეს საქართველოში თვითმყოფადი გუნდების დიდი დეფიციტია. მათ დაკარგვასთან ერთად ის ძველი მუღამებიც დაიკარგა, ჩვენს პირველობას რომ ახლდა თან. რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნებოდა ევროპული მუღამები, მაგრამ ჩვენთვის იმ დროს მისწრება იყო.
თუ საქართველოს ევროპული საფეხბურთო ოჯახის სრულფასოვანი წევრობა სურდა, ეს მუღამები კიდევ უფრო უნდა გაღვივებულიყო, მაგრამ მოხდა პირიქით - ის მოკვდა.
რაღა შორს წავიდეთ, დღეს "ზესტაფონი" გამქრალია საფეხბურთო რუკიდან. როგორ და რატომ, ეს სხვა თემაა და ეს წერილი არ იწერება იმიტომ, რომ დღეს გაირკვეს მტყუან-მართალი.
უბრალოდ, ახლა ქართულ საკლუბო ფეხბურთს არ აქვს იმის რესურსი, რომ უმტკივნეულოდ მოიშოროს ისეთი კლუბი, რომელსაც აქვს გამორჩეული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, ორი ბაზა, კარგი ქომაგი, დიდი ამბიციები და მფლობელი, რომელიც მზადაა, დიდი თანხა ჩადოს კლუბში.
როგორ გინდა, "ზესტაფონს" რომ გაიხსენებ, "ამერიც" (ან პირიქით) არ ამოგიტივტივდეს გონებაში.
ამ გუნდების სათასო ორთაბრძოლები ხომ ბოლო წლების ქართულ კლასიკად იქცა. იმხელა ემოციები, იმ ორთაბრძოლას რომ ახლდა, პირადად მე, საქართველოში ძალიან ძნელად მახსენდება.
თვითმყოფადი ქომაგი, ასეთივე საფეხბურთო სტილი, ჯიგრიანი, ლაზათიანი ფეხბურთი, რომელიც საფირმო ნიშანი იყო გუნდისა, ძალიან რომ შეიყვარა გლდანმა და რომლის საქომაგოდაც პრაქტიკულად მთელი უბანი დადიოდა...
ევროთასებზე იმავე "ზესტაფონსა" და "ამერს" მთები არ გადაუდგამთ, მაგრამ არასოდეს დაგვავიწყდება "ზესტაფონის" საევროთასო ჯახები "ჰელსინგბორგთან", "ბრიუგესა" და "შტურმთან".
"ამერის" დაუვიწყარი ორრაუნდიანი შეხლა გერმანულ "ჰერტასთან". თბილისში დიდზე დიდი სენსაცია მწიფდებოდა, რომელიც არ შედგა, მაგრამ დარჩა ლეგენდა იმის შესახებ, როგორ შეიძლება, დავითი თანაბრად ეჭიდაოს გოლიათს და თითქმის წააქციოს ის...
ან როგორ გინდა, "თბილისი" დაივიწყო. ამ კლუბს ევროთასებზე საკუთარი სიტყვის თქმა არ დასცალდა, მაგრამ საქართველოში კი ალალად დაიმკვიდრა თვითმყოფადი ნიშა...
ეს გუნდები წარმატებით თამაშობდნენ საქართველოს ჩემპიონატში და უნდოდათ თუ არა, ბევრი სხვა კლუბი ძლიერდებოდა მათ მაგალითზე, უნდოდა, რომ უკეთესი გამხდარიყო და მათთვის მოეგო...
მე ასე მგონია: რომ არა ეს კლუბები, თბილისის "დინამოში" არ ჩაიდებოდა იმხელა თანხა, რაც ჩაიდო. გორის "დილა" არ იქნებოდა ევროთასებზე ისეთი კონკურენტუნარიანი და კარგი გუნდი, რომელმაც კინაღამ მართლაც ძალიან გაგვახარა ევროასპარეზზე...
სხვანაირად რომ ვთქვათ, დღეს ქართულ ფეხბურთში კონკურენცია აღარ არის. ჩემპიონატს ვატარებთ, უკეთ ვფუთავთ, მაგრამ ხალხის ინტერესი გამქრალია. ვერ ვიტყვით, რომ იმ დროში, რომელზეც ჩვენ ვწერთ, იდეალურად იყო ყველაფერი და ხალხის ტევა არ იყო ტრიბუნებზე, მაგრამ მაშინ უკეთესი იყო ჩვენი საკლუბო ფეხბურთი, ვიდრე დღესაა.
ამას დიდი ანალიზი სულაც არ სჭირდება - 2011 წელს, ევროპალიგის პლეი ოფში ორი ქართული კლუბი, თბილისის "დინამო" და "ზესტაფონი" ერთდროულად თამაშობდა...
ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ზურაბ ფოცხვერიასა და თემურ უგულავას ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი დიდზე დიდი წვლილისთვის სიამოვნებით დავაჯილდოვებდი. მათ იმ დროს გააჩინეს ის მუღამები, როცა ჩვენი საკლუბო ფეხბურთის ცის კაბადონზე ძალიან ბნელოდა.
შედარებით "ცხელია" ზესტაფონის" თემა. ილია კოკაიას ჯერაც არ გაჰქრობია ქართულ ფეხბურთში ფულის დაბანდების სურვილი და, ზოგადად, ჩვენი ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ისიც მგონია, ჩვენს ფეხბურთში თუნდაც ერთი მსხვილი ინვესტორი დააბრუნოს, ან ახალი მონახოს...
კოკაია და "ზესტაფონი" თუნდაც იმიტომ უნდა დაბრუნდნენ, რომ ჩვენს საფეხბურთო რუკას ახალი, ამბიციური კლუბები და ამბიციური პრეზიდენტები შეემატონ. ცნობილია: კარგი მაგალითი ყოველთვის გადამდებია და ასე იქნება ამჯერადაც...
არადა, დღეს რასაც კერძო ინვესტორი ჰქვია, თითოოროლა თუა დარჩენილი ქართულ ფეხბურთში და ისინიც გაძლებაზე არიან. რომან ფიფიას არაერთხელ უთქვამს, რომ მისთვისაც და ზოგადად "დინამოსთვისაც" უკეთესი იქნებოდა გაცილებით მძაფრი კონკურენცია საქართველოს ჩემპიონატში...
პარადოქსია, მაგრამ ფაქტს ვერსაც გავექცევით - ჩვენ მაშინ უფრო უკეთესი შედეგები გვქონდა ევროთასებზე, როცა კლუბებში შედარებით ნაკლები ფული იყო და ორადორ კერძო ინვესტორს შევჩერებოდით.
სახელმწიფო კი ხელშეწყობის მაგიერ, მათ ძალიან ხშირად ხელს უშლიდა.
დღეს სახელმწიფო აშკარად უკეთ ექცევა ფეხბურთს, მაგრამ... შედეგი არ ჩანს. ფაქტია, საქმეს და საკეთებელს სხვანაირად უნდა მივუდგეთ, რაღაც უნდა შევცვალოთ, თორემ ასე არაფერი გამოვა.
ყოველთვის, ყველა დროსა და ეპოქაში, ყველაფერს წყვეტენ კადრები და გამონაკლისი არც ქართული ფეხბურთია. ისიც ცხადია, რომ ჩვენს საკლუბო ფეხბურთში მოტრიალე ეს კადრები ბოლომდე ვერაფრით შეიცვლება და ის ხალხი მაინც გამოვიყენოთ, თავის დროზე ამ საქმეს გულშემატკივრისთვის მისაღებ დონეზე რომ აკეთებდნენ...
როგორმე უნდა შევძლოთ და წარმოვაჩინოთ ახალი, გაუსვრელი ხალხი, ფანატიკურად რომ უყვართ თავიანთი საქმე და რომლებიც აბსოლუტურად არ იცნობენ იმ საფეხბურთო მენტალიტეტს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან რომ გაგვიჯდა ძვალსა და რბილში.
აგერ, რამდენი წელია, ქართული ფეხბურთი სულ ერთ წრეზე ტრიალებს და ამ წრეზე ტრიალმა რაც მოგვიტანა, ყველამ ერთად ვნახეთ. მხოლოდ კერძო ინვესტორის მოტანილი ფულით გვქონდა შედეგი, ახლა კი, როცა სახელმწიფო მილიონებს აბანდებს ქართულ ფეხბურთში, შედეგი არ არის.
რა თქმა უნდა, არ გვაქვს ილუზია, რომ ყველაფერი ჯადოსნური ჯოხის ერთი აქნევით შეიცვლება, მაგრამ ამ კარგ საქმეს მთლად სწორად რომ ვერ ვაკეთებთ, ამის თქმა აქედანვე შეიძლება".
|
|