08.07.2017
ევროპირველობის მონაწილენი "ზესტაფონის" ბაზაზე
როგორც იცით, ამ დღეებში საქართველო ცხრამეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. მასპინძელ საქართველოსთან ერთად, კონტინენტზე პირველობისთვის შვედეთის, ჩეხეთის, პორტუგალიის, ჰოლანდიის, ბულგარეთის, გერმანიისა და ინგლისის ნაკრები გუნდები იბძვიან.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფიციალური ვებგვერდის მომხმარებლისათვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ის ამბავი, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ჩვენს კლუბს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, ცხრამეტწლამდელთა ევროპირველობის მონაწილე რვავე ნაკრები ტურნირის მატჩებისათვის თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ზესტაფონელთა ბაზაზე ემზადება.
ცხრამეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოში 2-დან 15 ივლისამდე იმართება. ტურნირის მონაწილე რვავე გუნდის მიერ მოსამზადებელი პროცესისათვის ზესტაფონელთა ბაზის მოწონების გათვალისწინებით, ჩვენს სპორტულ კომპლექსს მძიმე ჯაფა დაადგა - ბაზაზე არსებული ორი მინდორი ყოველდღიურად ჩემპიონატის მონაწილე 6-მდე გუნდის ვარჯიშს მასპინძლობს.
უნდა ითქვას, რომ ასეთი ოდენობით დატვირთვა გაცილებით სცილდება მინდვრების დატვირთვის რეკომენდებულ ზღვარს, თუმცა, უცხოელი სტუმრების მხრიდან ჩვენი სპორტული კომპლექსის განსაკუთრებული დაინტერესებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელ პირთა თხოვნის გათვალისწინებით, ჩვენი კლუბის მენეჯმენტის მიერ იქნა მიღებული ბაზაზე დღეში 6 ვარჯიშის ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სფფ-ს მესვეურებმა, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გენერალურ დირექტორთან, ბატონ კორნელი კოკაიასთან პირადი საუბრისას, მადლიერება გამოხატეს ზემოთნახსენები გადაწყვეტილებისა და ესოდენ მნიშვნელოვან საქმეში ჩვენი კლუბის მხრიდან თანადგომის გამო.
ჩვენ კი გთავაზობთ ფოტომასალას, რომელიც ევროპირველობის მონაწილე პორტუგალიელთა და ჰოლანდიელთა "ზესტაფონის" თბილისურ ბაზაზე ვარჯიშების მიმდინარეობას ასახავს...
|
|
ფოტომასალა მოწოდებულია თაკო კოკაიას მიერ |
|