02.07.2017
"ზესტაფონის" ბაზაზე 19-წლამდელებიც ემზადებიან
მიმდინარე წლის 2-15 ივლისს საქართველო ცხრამეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. მასპინძელ საქართველოსთან ერთად, "ბებერ" კონტინენტზე პირველობისთვის შვედეთის, ჩეხეთის, პორტუგალიის, ჰოლანდიის, ბულგარეთის, გერმანიისა და ინგლისის ნაკრები გუნდები იბძოლებენ.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფიციალური ვებგვერდის მომხმარებლის ყურადღება კი ამ ამბავზე იმის გამო შევაჩერეთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ჩვენს კლუბს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, ჩვენი ქვეყნის ცხრამეტწლამდელთა ნაკრები ამ ტურნირისთვის თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ზესტაფონელთა ბაზაზე მოემზადება.
საინტერესოა, რომ ცხრამეტწლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლავთ გიორგი ყიფიანი, რომელიც ჩვენს გულშემატკივარს "ზესტაფონში" გიორგი ჭიაბრიშვილის მთავარი მწვრთნელობისას მის ასისტენტად მუშაობით დაამახსოვრდა. ამ სამწვრთნელო დუეტმა ზემოიმერული კლუბი მეორე საჩემპიონო "გვირგვინამდე" მიიყვანა.
გუშინ ნაკრებმა ზესტაფონელთა ბაზაზე ივარჯიშა და ევროპირველობის გახსნითი შეხვედრისათვის მზადებას შეუდგა - 2 ივლისს, 20:00 საათზე, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდება.
ჩვენ კი გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის მიერ მომზადებულ და ოფიციალურ facebook-გვერდზე განთავსებულ ფოტომასალას, რომელიც საქართველოს ცხრამეტწლამდელთა ნაკრების "ზესტაფონის" თბილისურ ბაზაზე ვარჯიშების მიმდინარეობას ასახავს...
|
|
|
|
გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური facebook-ვებგვერდის ფოტომასალა |
|