23.06.2017
თხუთმეტწლამდელთა წარმატება სეზონის მეორე ეტაპის სტარტზე
მიმდინარე წლის 23 ივნისს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს 2017 წლის ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის სასტარტო მატჩი ჩაატარა. ზესტაფონელთა ბაზაზე გამართულ შეხვედრაში მარგველები ტყიბულის "მეშახტეს" წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ.
ზესტაფონელმა თხუთმეტწლამდელებმა ჩემპიონატის პირველი ეტაპი მეოთხე პოზიციაზე დაასრულეს, "ოქროს ლიგაში" მოხვედრა ვერ მოახერხეს და ახლა სანუგეშო ტურნირში გადაერთვნენ. მეორე ეტაპზე ზესტაფონელები ლანჩხუთის "გურიასთან", ბათუმის "დინამოსთან", "ზუგდიდთან", წყალტუბოს "სამგურალთან", ტყიბულის "მეშახტესთან" და "სამტრედიასთან" ერთად "დასავლეთის" ჯგუფში იასპარეზებენ...
აქვე უნდა ვთქვათ იმის თაობაზეც, რომ ჩემპიონატის მეორე ეტაპს ზესტაფონელთა გუნდი მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებით შეხვდა - მას შემდეგ, რაც მიხეილ სალაძის სახელობის ზესტაფონის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრთან არსებული საფეხბურთო გუნდ "მარგვეთი-2006"-ს 2002 წლამდე დაბადებულ ჭაბუკთა გუნდმა, კონტინგენტის არარსებობის გამო, უარი განაცხადა იმერეთის ღია ჩემპიონატში მონაწილეობაზე (დაწვრილებით...) და გამოეთიშა ჯუმბერ ხაჟალიას სახელობის თასის გათამაშებას, ამ გუნდის ჭაბუკთა უმრავლესობამ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" მიაშურა და ასპარეზობას უფრო მაღალი დონის ტურნირში, საქართველოს თხუთმეტწლამდელთა ლიგაში გააგრძელებს.
ტყიბულელ თანატოლებთან მარგველებმა მიმდინარე სეზონის პირველ ეტაპზეც ითამაშეს - ორი შეხვედრიდან ერთში დამარცხდნენ და ერთიც ფრედ დაასრულეს. დღევანდელი დაპირისპირება კი მასპინძელთა უდიდესი უპირატესობით წარიმართა და შესვენებისთვის ანგარიში 6-0 გახლდათ - მე-11 წუთზე თავი გიორგი საყვარელიძემ გამოიჩინა, მე-18-ზე დათო ბებიაშვილმა ანგარიში ორამდე გაზარდა, 27-ე და 31-ე წუთებზე გატანილი გოლებით ზესტაფონელთაგან ასაკით ყველაზე პატარამ, 13 წლის ნიკა ჭუმბურიძემ დუბლი შეასრულა, 32-35-ე წუთებზე კი იგივეს გაკეთება კიდევ ერთმა მარგველმა ვიტალი მახარაძემ მოახერხა.
მეორე ტაიმის სადებიუტო ნაწილში ზესტაფონელთა დამრიგებელმა ლაშა მაზმიშვილმა თავის გუნდის შემადგენლობაში ერთბაშად ხუთი ცვლილება განახორციელა. ამის მიუხედავად, მეორე ნახევარიც პირველის მსგავსი სცენარით წარიმართა, ზესტაფონელები ბევრს უტევდნენ და გოლებიც გაჰქონდათ - 54-ე წუთზე ზუსტი დარტყმით თავი საბა ქათამაძემ გამოიჩინა, ხოლო 55-ეზე 2003 წელს დაბადებულმა კიდევ ერთმა მარგველმა დავით ფანჩულიძემ ახალი გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა.
შედეგად, პირველობის მეორე ეტაპი ზესტაფონელებმა დამაჯერებლად დაიწყეს და მიმდინარე სეზონში დიდი ანგარიშით მოპოვებული კიდევ ერთი გამარჯვება გაიფორმეს - 8-0.
|
23.06.2017. U-15. ”ზესტაფონი” - ”მეშახტე” (ტყიბული) 8-0 |
"ზესტაფონი" (U-15): აბრამიშვილი (ცერცვაძე, 39), ახვლედიანი (კვანტრიშვილი, 40), საყვარელიძე, ვარდუკაძე, გ. ღონღაძე (გ. ჭუმბურიძე, 40), ბებიაშვილი, თვალაბეიშვილი (ფანჩულიძე, 38), კვეტენაძე, ნ. ჭუმბურიძე (ქათამაძე, 37), მახარაძე,
|
|