19.06.2017
ისევ ბავშვების სამსახურში
მიმდინარე წლის 18 ივნისს ჩვენი კლუბის ზესტაფონში მდებარე ბაზაზე იმერეთის ღია პირველობის შეხვედრაში, მიხეილ სალაძის სახელობის ზესტაფონის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრთან არსებული საფეხბურთო გუნდ "მარგვეთი-2006"-ს ცამეტწლამდელ ჭაბუკთა გუნდმა ლანჩხუთის "საფეხბურთო სკოლის" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლა.
როგორც იცით, ზემოთნახსენები ტურნირი, რომელსაც გარი სორდიას სახელობის თასის გათამაშება ეწოდება, იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის მიერ არის ორგანიზებული და მასში იმერეთის, აჭარისა და გურიის მხარეების წარმომადგენელი კოლექტივები მონაწილეობენ...
ჩვენ უკვე ვიუწყებოდით იმის შესახებ, რომ ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობის მიზნით და მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის წინაშე არსებული ინფრასტრუქტურული ხასიათის პრობლემების გათვალისწინებით, "ზესტაფონის" მენეჯმენტის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება "მარგვეთი-2006"-ს 2004 წელს დაბადებულ ჭაბუკთა გუნდისათვის (მწვრთნელი - მამუკა ფუტკარაძე), ივნისის თვეში გასამართი მატჩების ჩასატარებლად, ჩვენი საწვრთნელი კომპლექსის ერთ-ერთი სათამაშო მოედნის უსასყიდლოდ დათმობის თაობაზე.
პატარა მარგველებმა ჩვენს ბაზაზე უკვე მეორე მატჩი გამართეს და მეორე გამარჯვებაც მოიპოვეს. ლანჩხუთელებთან შეხვედრა ზესტაფონელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 1-0 დასრულდა. ერთადერთი გოლი გუშინდელი დაპირისპირების ბოლოსწინა წუთზე ჭაბუკი ლაბაძემ გაიტანა...
|