Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

18.06.2017

 

 

 

 

 

 

 

 

დღეს "ზესტაფონის" დაბადების დღეა!

 

 

 

 

 

 

 

 

დღეს „ზესტაფონი“ 13 წლის გახდა
 

2017 წლის 18 ივნისს საფებურთო კლუბ „ზესტაფონს“ დაარსების დღიდან 13 წელი შეუსრულდა.   წარმოგიდგენთ მიმოხილვითი ხასიათის მცირე მასალას, რომელიც ამ წლების მანძილზე ჩვენი კლუბის მიერ განვლილ გზაზე,  მის ისტორიაზე, სპორტულ მოედნებსა თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებში „ზესტაფონის“ წარმატებებზე, ახალგაზრდა თაობასთან  მუშაობაზე  და გულშემატკივართა მრავალრიცხოვან არმიაზე მოგითხრობთ...

 

 საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 2004 წლის 18 ივნისს  დაასრსდა. არსებობის პირველივე წლებში იმერული კლუბი ეროვნულ ჩემპიონატში ანგარიშგასაწევ ძალად ყალიბდება. 2007-2008 და 2009-2010  წლების სეზონებში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეუფლება ეროვნული პირველობის ბრინჯაოს მედლებს, 2008 წლის 16 მაისს ისაკუთრებს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნულ თასს.

 

მარგველთა უდიდესი გამარჯვებები კლუბის არსებობის მეშვიდე და მერვე სეზონებმა მოიტანეს - 2011 წლის 14 მაისს კლუბის ისტორიაში პირველად ზესტაფონელები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ, ხოლო 2012 წელს მათ ქვეყნის უძლიერესი გუნდის ტიტული შეინარჩუნეს.  


"ზესტაფონი" საქართველოს სუპერთასის 2011 და 2012 წლის გათამაშებების გამარჯვებულია;   2005, 2006, 2007 და 2012 წლებში - ეროვნული თასის გათამაშების ფინალისტი. 2013-2014 წლების სეზონი კი კლუბმა საპატიო მეორე ადგილზე დაასრულა და საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

 

”ზესტაფონი” - თასის მფლობელი - 2008  

”ზესტაფონი” - საქართველოს ჩემპიონი - 2011

 

ზესტაფონის ცენტრალურმა სტადიონმა ფუნქციონირება 1952 წელს დაიწყო. სხვადასხვა წლებში ამ არენაზე საშინაო მატჩებს ადგილობრივი ”მეტალურგი” (1952-1989 და 2001-2004) და ”მარგვეთი” (1990-2000) მართავდნენ.  2004 წლიდან კი სტადიონზე  ასპარეზობს ”ზესტაფონი”, რომელსაც მემკვიდრეობით განადგურებული არენა, მოშლილი ინფრასტრუქტურა და ფეხბურთის სათამაშოდ უვარგისი მინდვრის საფარი ერგო.

 

 2004 წელს, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” შექმნისთანავე, ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა საფუძვლიანი სამშენებლო სამუშაოები, რომელთა მიზანიც არენის განახლება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა გახლდათ.

 

”ზესტაფონი” - საქართველოს ჩემპიონი - 2012

”ზესტაფონი” - სუპერთასის მფლობელი - 2012


2005 წელს სტადიონზე ჩატარდა მოედნის საფარის გამოცვლასთან დაკავშირებული სამუშაოები, დამონტაჟებულ იქნა ევროპული ტექნოლოგიით შექმნილი თანამედროვე სადრენაჟო და სარწყავი სისტემები.


2005-2010  წლებში სტადიონზე შეიქმნა შესაბამისი ინფრასტრუქტურა - ტრიბუნები აღიჭურვა პერსონალური სავარძლებით,  გარემონტდა გასახდელები და სავარჯიშო დარბაზები სპორტსმენთათვის,  ამოქმედდა განათების თანამედროვე სისტემა, რომელიც 1 600 ლუქსის შესაბამისს განათებას უზრუნველყოფს...


2010 წლის 9 აპრილს ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონს საფეხურთო კლუბ ”ზესტაფონის” გენერალური დირექტორის, ვეტერანი ფეხბურთელისა და თვალსაჩინო საფეხბურთო მოღვაწის, ბატონი დავი აბაშიძის სახელი  მიენიჭა.

 

  2005 წელი

2016 წელი


დღესდღეობით დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე დაგებულია თანამედროვე მინდვრის საფარი - კომპანია ”Lawns of Georgia”-ს  მიერ დამზადებული ნატურალური ”მწვანე ხალიჩა”.   

    

ამის პარალელურად, საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ქალაქის გარეუბანში დაიწყო საწვრთნელი ბაზის მშენებლობა, სადაც უკვე ფუნქციონირებს   სტანდარტული ზომისა და უმაღლესი ხარისხის სამი ბუნებრივსაფარიანი მოედანი.  


სტადიონის რემონტისა და ბაზის მშენებლობის გარდა, ჩვენმა კლუბმა ზესტაფონში ააშენა ხელოვნურსაფარიანი კომპლექსი (ე.წ. "ფეროს" სტადიონი), რომელიც ჩვენი კლუბის სტრუქტურაში გერთიანებული  გუნდების გარდა, 12 წლის მანძილზე უფასოდ ემსახურება ქალაქში მოქმედ სხვა საფეხბურთო გუნდებს, სკოლებსა თუ სექციებს.  

 

  2008 წელი

2015 წელი


2013 წელს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი ბაზის მშენებლობა დაიწყო. სადღეისოდ ამ სპორტულ  ბაზაზე უკვე ამოქმედებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი ორი უმაღლესი ხარისხის სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი.

 

ჩვენი კლუბის დედაქალაქურ ბაზაზე მწვანე საფარის დაგების პროცესსა და ამ საფარის გამართულად ფუნქციონირება-ექსპლუატაციისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნაში თავის წვლილი შემდეგმა კომპანიებმა შეიტანეს: "Hi Tech Irrigation Georgia"-მ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საირიგაციო ტექნიკის მწარმოებელ სახელგანთქმულ ამერიკულ კომპანია "Hunter"-ს წარმოადგენს და კომპანია "Lawns of Georgia"-მ, რომელიც უმაღლესი ხარისხის ლანდშაფტურ და UEFA-ს სტანდარტების შესაბამის სპორტული დანიშნულების რულონურ გაზონებს საქართველოშივე ამზადებს...

 

როგორც იცით, ჩვენს ქვეყანაში გამართული 19- და 17-წლამდელთა ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირების მონაწილე გუნდები სწორედ თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ზესტაფონელთა ბაზის მინდვრებზე ვარჯიშობდნენ. ჩვენი კლუბის სპორტული კომპლექსის მწვანე მინდვრებზე ვარჯიშობდნენ დასასრულს მიახლოვებული რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო თასის მონაწილენიც.

 

 „ზესტაფონის“ ბაზა თბილისის ზღვაზე

 ეროვნული ნაკრები „ზესტაფონის“ ბაზაზე

 

არაა ახალი ამბავი არც ის, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელსაც სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი ხელმძღვანელობს, ზედიზედ რამდენიმე საშინაო შეკრება იმერელთა საფეხბურთო კომპლექსის მოედნებზე გაიარა...

 

დღესდღეობით ბაზაზე უკვე დასრულებულია ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა და ახლა ექსპლუატაციაში ჩაბარების პროცესი მიმდინარეობს. ამ შენობაში, გუნდებისა და მსაჯების აბანო-გასახდელების გარდა, დელეგატთა, სამედიცინო პერსონალის, საპროცედურო ოთახები, სატრენაჟორო დარბაზი და მედია-კაფე განთავსდება. ამასთან, მოეწყო მცირე ზომის ტრიბუნაც, რომელზეც 300-მდე მაყურებელი განთავსდება.


კლუბის მფლობელის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, დასავლეთ საქართველოში ამოქმედდა მეურნეობა, რომელიც რამდენიმე ჰექტარზეა გაშენებული და თანამედროვე სპორტული გაზონების შექმნაზეა ორიენტირებული. 

 

ახალი ფორმაციის 15-წლამდელთა სადებიუტო სეზონი

„ზესტაფონის“ 17-წლამდელები წარმატებით ასპარეზობენ

 

სფფ-ს წინა ხელმძღვანელობის მიერ "ზესტაფონის" წინააღმდეგ გატარებული სადამსჯელო ღონისძიებების გატარებამდე და კლუბის უმაღლესი ლიგიდან მოკვეთამდე, კლუბში 200-მდე ბავშვი და ჭაბუკი ვარჯიშობდა. დღესდღეობით კი ეროვნულ ჩემპიონატში წარმატებით "ზესტაფონის" ჩვიდმეტ- და თხუთმეტწლამდელთა გუნდები ასპარეზობენ.

 

სულ, 13 წლის მანძილზე,  სპორტსა და ცხოვრების ჯანსაღ წესს უფასოდ ეზიარა 1 200-ზე მეტი ზესტაფონელი მოზარდი. თავისთავად ცხადია, რომ ახალგაზრდა თაობის სპორტთან ზიარების ხარჯებს თავის თავზე კლუბი იღებს...

 

დავი აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონს არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო მატჩისთვის უმასპინძლია. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა უეფას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებში მალტელ, თურქ და ხორვატ, ხოლო ამხანაგურ შეხვედრაში უკრაინელ თანატოლებს სწორედ ზესტაფონში უმასპინძლა.

 


არენა, რომელსაც უეფას მეორე კატეგორია აქვს მინიჭებული,  სისტემატურად მასპინძლობს უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის შეხვედრებს - აქ უნგრულ „დიორი ეტოს“, ჩრდილოირლანდიურ „ლისბიორნს“, შვედურ „ჰელსინგბორგს“, სლოვაკურ „დუკლასა“ და „სპარტაკს“, უკრაინულ „კარპატის“, მოლდავურ „დაჩიას“, აზერბაიჯანულ „ნეფტჩის“ და მრავალ სხვა კლუბს უასპარეზია.

 

ევროპალიგის საშინაო მატჩები კვიპროსულ კლუბებთან - „ანორთოსისთან“ და „ომონიასთან“ სწორედ ზესტაფონში ითამაშეს  საქართველოს თასის 2011 წლის გამათაშების გამარჯვებულმა „გაგრამ“ და ქვეყნის 2015 წლის ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“.

 

2016 წლის ივლისში "დავით აბაშიძეზე" საჩხერის "ჩიხურა" და საფეხბურთო კლუბი "სამტრედია" შესაბამისად მოლდავურ „ზიმბრუსა“ და აზერბაიჯანულ „გაბალას“ დაუპირისპირდნენ, ხოლო ნოემბერში ჩვენმა სტადიონმა ქუთაისის "ტორპედოსა" და მარტვილის "მერანს" შორის გამართულ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრას უმასპინძლა.

 

2009. ”ზესტაფონი” – „ჰელსინგბორგი“ (შვედეთი)

2011. ”ზესტაფონი” – „დაჩია“ (მოლდოვა)  

 

შექმნის მომენტიდან საფეხბურთო კლუბმა „ზესტაფონმა“ ადგილობრივ  გულშემატკივართა უსაზღვრო სიყვარული დაიმსახურა.  მაყურებელთა დასწრების თვალსაზრისით, ჩვენი გუნდი საქართველოს მასშტაბით  სისტემატურად მოწინავეთა რიგებში ხვდებოდა.


კლუბს ჰყავს გულშემატკივართა კლუბი, რომელიც რამდენიმე ასეულ წევრს აერთიანებს. გარდა იმისა, რომ ფანები თავის საყვარელ გუნდს ერთგულად ქომაგობდნდენ  სტადიონის ტრიბუნებზე, ისინი, დღესაც, როდესაც ჩვენს კლუბს არცთუ იოლი დროება უდგას, აქტიურად არიან ჩართული საფეხბურთო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

 
ყველაფერი ის, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ, საფეხბურთო კლუბ  ”ზესტაფონის” მეპატრონე, ბატონი ილია კოკაიას დიდი მონდომებისა და მის მიერ პირადი სახსრებიდან ამ პროექტის დაფინანსების პირობებში გახდა შესაძლებელი.  სულ, საფეხბურთო ინფრასტრუქტურისა და კლუბის განვითარება-შენახვისათვის ინვესტორის მიერ ზესტაფონში 40 მილიონ ა.შ.შ. დოლარამდე იქნა დახარჯული...

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017