17.06.2017
ჭაბუკები "ოქროს ლიგის" გათამაშებაში ჩაერთვნენ
მიმდინარე წლის 17 ივნისს გამართული მატჩით საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელები საქართველოს 2017 წლის ეროვნული ჩემპიონატის "ოქროს ლიგის" გათამაშებაში ჩაერთვნენ. პირველობის მეორე ეტაპის სასტარტო შეხვედრაში ზესტაფონელები საფეხბურთო კლუბ "გაგრას" წარმომადგენელ თანატოლებს ესტუმრნენ.
მატჩი ზესტაფონელთა შეტევებითა და მათივე სწრაფი გოლით დაიწყო - უკვე მე-4 წუთზე მჭედლიძე-გაბრიაძის მიერ სწრაფად გათამაშებული კომბინაციისა და შეტევის მარცხენა ფლანგიდან ამ უკანასკნელის გაგრელთა საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, იქ ყველას შოთა შეყილაძემ დაასწრო და იმერლები დააწინაურა...
გაგრელთა გეგმებში რამის დათმობა ნამდვილად არ შედიოდა და მე-14 წუთზე სანდრო კაკოიშვილმა თავის გუნდის ხანგრძლივი იერიში ახლო მანძილიდან აუღებელი დარტყმით დაასრულა. ანგარიშის გათანაბრებას კი სტუმართა გუნდის მორიგი "აფეთქება" და მარგველთა გოლეოდორ შოთა შეყილაძის მიერ გატანილი კიდევ ორი გოლი მოჰყვა - მე-15 წუთზე გატანილი გოლისას ასისტენტობა მას ბესო ფერაძემ გაუწია, ხოლო მე-19-ზე საგოლე პასი თავის აქტივში გოგა არაბიძემ ჩაიწერა.
ტაიმის ბოლომდე ზესტაფონელებს კიდევ რამდენიმეჯერ მიეცათ მასპინძელთა კარის აღების შესაძლებლობა, თუმცა მათ ისინი გაანიავეს და შედეგად გოლი... საკუთარ კარში მიიღეს - მეკარე ლუკა გოგოლაძის მიერ უხერხულად მოგერიებული ბურთი სტუმართა საჯარიმოშივე ზღვისპირელი მალხაზ ქობელაშვილის ნადავლი გახდა და მან ის კარში მშვიდად შეაგორა...
მეორე ტაიმში სტუმრებმა მოედნის ცენტრი "გაგრას" კი დაუთმეს, თუმცა, თამაშის მიმდინარეობაზე ამას დიდად არ უმოქმედია - ზესტაფონელთა კონტრაქციები გაგრელთა შეტევებზე გაცილებით სახიფათო გახლდათ და მატჩის მეორე ნახევრის დებიუტში (49-ე წუთი) ბესო ფერაძის კიდევ ერთი უზუსტესი გადაცემის შემდეგ, გაგრელთა მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გოგა არაბიძემ ჯერ მეკარე "დააწვინა" მინდორზე , შემდეგ კი მასპინძელთა კარი მეოთხედ აიღო...
დარჩენილ დროში გაგრელებმა მოახერხეს ანგარიშში სხვაობის მინიმუმამდე შემცირება (ჯემალ ლეშკაშელი, 78-ე წუთი), თუმცა მატჩის გადასარჩენად მათ არც დრო და არც ძალა აღარ ეყოთ. მეტიც, თვენახევრიანი ავადმყოფობის შემდეგ მინდორზე დაბრუნებულ თემურ ბერაძეს მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინა, ანგარიში კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდებოდა. შედეგად, ძალიან დაძაბული, უხვგოლიანი და საინტერესო დღევანდელი დაპირისპირება მარგველთა გამარჯვებით, ანგარიშით 4-3 დასრულდა.
"ოქროს ლიგის" გათამაშების შემდეგი, მეორე ტურის შეხვედრას ზესტაფონელები ისევ ქვეყნის დედაქალაქში გამართავენ - 26 ივნისს ზემოიმერლები საფეხბურთო სკოლა ”ავაზას” U17 გუნდს მისსავე ბაზაზე ესტუმრებიან.
|
17.06.2017. U-17. ”გაგრა” - ”ზესტაფონი” 3-4 |
"ზესტაფონი" (U-17): გოგოლაძე, გ. სამხარაძე, გაჩეჩილაძე, ხუჯაძე, გაბრიაძე, ს. სამხარაძე, სხილაძე, მჭედლიძე (ბერაძე, 76), ბ. ფერაძე (ჟღენტი, 74), არაბიძე, შეყილაძე (აბჟანდაძე, 80).
|
|