12.06.2017
მორაგბეთა მსოფლიო თასის მონაწილენი "ზესტაფონის" თბილისურ ბაზაზე
მიმდინარე წლის 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით ჩვენი ქვეყანა მორაგბეთა მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატს მასპინძლობს. თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე ამ ტურნირის მონაწილე ნაკრები გუნდები ემზადებიან...
როგორც იცით, ჩვენი კლუბის თბილისურ ბაზაზე უკვე კარგა ხანია ამოქმედებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი უმაღლესი ხარისხის სტანდარტული ზომის ორი მოედანი, რომელთა შესაბამის კონდიციებში ყოფნას უმაღლესი ხარისხის ლანდშაფტური და UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი სპორტული დანიშნულების რულონური გაზონების მწარმოებელი კომპანია "Lawns of Georgia" და საირიგაციო ტექნიკის მწარმოებელი სახელგანთქმული ამერიკული კომპანია "Hunter"-ს ჩვენს ქვეყანაში წარმომადგენელი "Hi Tech Irrigation Georgia" უზრუნველყოფენ.
ჩვენი ოფიციალური ვებგვერდის მომხმარებლისთვის კი საინტერესო ამბავი გახლავთ ის, რომ საქართველოში მიმდინარე რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო თასის მონაწილე ახალი ზელანდიის, შოტლანდიისა და ირლანდიის ნაკრები გუნდები ტურნირის ფარგლებში გასამართი მატჩებისათვის სწორედ "ზესტაფონის" სპორტული კომპლექსის მწვანე მინდვრებზე ემზადებიან.
აუცილებლად უნდა მოგახსენოთ იმის შესახებ, რომ ამ რამდენიმე დღის წინ თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ჩვენს ბაზას ინგლისის რაგბის კავშირის წარმომადგენელი სპეციალისტების (მინდვრის მოვლის სფეროში) ჯგუფი ეწვია. ზესტაფონელთა სპორტული კომპლექსის მწვანე მინდვრებზე არსებული მდგომარეობის დეტალურად გაცნობის შემდეგ, ბრიტანელმა სპეციალისტებმა საფარის მდგომარეობას ძალიან მაღალი შეფასებაც მისცეს და ქართველ კოლეგებს ბალახის მოვლისა თუ მოძლიერების მიმართულებით ძალიან საინტერესო გამოცდილებაც გაუზიარეს...
აქვე გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ჩვენი კლუბის თბილისურ ბაზაზე მორაგბეთა მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის მონაწილე გუნდების (ახალი ზელანდია, შოტლანდია და ირლანდია) მზადების შესახებ მოგვითხრობს...
|
|
|
|
ფოტომასალა მოწოდებულია თაკო კოკაიას მიერ |
|