Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

04.06.2017

 

 

 

 

 

 

 

 

ჭაბუკთა ტურნირის პირველი ეტაპი დასრულდა

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 4 ივნისს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" 15- და 17-წლამდელთა გუნდებმა 2017 წლის პირველობის პირველი ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩები გამართეს. ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე გამართულ შეხვედრებში მარგელები საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის" წარმომადგენელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ.

 

როგორც ჩვენი საიტის ერთგულმა მომხმარებელმა იცის, "სამტრედიისა" და "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა პირველ წრეში გამართული დაპირისპირება დაძაბული, სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ 2-2 დასრულდა. პირველი წრის შეხვედრის მსგავსი დაძაბულობა დღევანდელი მატჩის მხოლოდ პირველ ნახევარში იგრძნობოდა - 30-ე წუთზე სამტრედიელი გიორგი შენგელიას გოლს ტაიმის უკანასკნელ, 40-ე წუთზე ზესტაფონელმა ბესო ფერაძემ უპასუხა და ტაიმიც საყაიმო ანგარიშით 1-1 დასრულდა.

 

მეორე ტაიმში კი მოედანზე "ცალკარა" გაჩაღდა - მასპინძლებმა სამტრედიელთა კარში ერთმანეთის მიყოლებით ოთხი გოლი გაიტანეს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე მყოფ უახლოეს მდევარს არანაირი შანსი არ დაუტოვეს - 54-ე წუთზე ზესტაფონელები წინ გოგა არაბიძემ გაიყვანა, შემდეგ კი გოლები მხოლოდ გუნდის საუკეთესო გოლეოდორ შოთა შეყილაძეს გაჰქონდა - მან მეორე ტაიმის 15-წუთიან მონაკვეთში (57-ე, 62-ე და 72-ე წუთებზე) თავი მორიგი ჰეთ-თრიკით გამოიჩინა და მიმდინარე სეზონში თავის პირადი მონაგარი 24 გოლამდე გაზარდა. შედეგად, გამარჯვება დიდი ანგარიშით 5-1.

 

დღეს გამართული მატჩების შემდეგ გაირკვა "ოქროს ლიგაში" ზესტაფონელი ჩვიდმეტწლამდელების მეტოქეთა ვინაობა - ჩვენი ბიჭების გარდა ტურნირის გადამწყვეტი სტადიის საგზურები ბათუმისა და თბილისის დინამოელებმა, ზუგდიდის "სფფ-ს აკადემიის", "სამტრედიის", თბილისის "ლოკომოტივის", "ავაზას", "35-ე საფეხბურთო სკოლის" და საფეხბურთო კლუბ "გაგრას" გუნდებმა მოიპოვეს. ჩვიდმეტწლამდელთა "ოქროს ლიგის" მეათე მონაწილე კი, სავარაუდოდ, ქობულეთის "შუქურა" გახდება. ჩვიდმეტწლამდელთა პირველობის პირველი ეტაპის მთავარი სენსაცია კი "ოქროს ლიგის" მიღმა თბილისის "საბურთალოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" კოლექტივების დარჩენა გახლავთ ...

 

 

 

04.06.2017. U-17. ”ზესტაფონი” - ”სამტრედია” 5-1

"ზესტაფონი" (U-17): გოგოლაძე, ხუჯაძე, ტოფაძე, გაჩეჩილაძე, გაბრიაძე, სხილაძე, ს. სამხარაძე (აბჟანდაძე, 31), მჭედლიძე, არაბიძე, ბ. ფერაძე, შეყილაძე.

 

 

* * *

 

დღესვე "ზესტაფონის" ბაზაზე ჩვენი კლუბის წარმომადგენელი და სამტრედიელი თხუთმეტწლამდელების შეხვედრა გაიმართა. თავიდან ანგარიშში ნორჩი ზესტაფონელები ზესტაფონელები დაწინაურდნენ, თუმცა, საბოლოოდ, უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს, საკუთარ კარში ორი გოლი მიიღეს და ანგარიშით 1-2 დამარცხდნენ.

 

მეორე ეტაპზე ჩვენი თხუთმეტწლამდელები "სანუგეშო" ტურნირის ფარგლებში ლანჩხუთის "გურიასთან", ბათუმის "დინამოსთან", "ზუგდიდთან", წყალტუბოს "სამგურალთან", ტყიბულის "მეშახტესთან" და "სამტრედიასთან" ერთად იასპარეზებენ.

 

 

 

 

04.06.2017. U-15. ”ზესტაფონი” - ”სამტრედია” 1-2

"ზესტაფონი" (U15): აბრამიშვილი, აბაშიძე (ტაბატაძე, 55), ახვლედიანი, ვარდუკაძე, გ. ღონღაძე, გ. ჭუმბურიძე, ბებიაშვილი, მახარაძე, აბჟანდაძე (ქათამაძე, 45), ნ. ჭუმბურიძე, ჭანტურიძე.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017