Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

30.05.2017

 

 

 

 

 

 

 

 

ზესტაფონელებმა "ოქროს ლიგის" საგზური მოიპოვეს

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 30 მაისს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელებმა 2017 წლის პირველობის პირველი ეტაპის ბოლოსწინა, მეცამეტე ტურის მატჩი გამართეს. თემურ მაღრაძის სახელობის ჭიათურის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ზესტაფონელები ადგილობრივი კლუბის წარმომადგენელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ.

 

დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ ზონალური ტურნირის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატის გადამწყვეტი ეტაპის (ე. წ. "ოქროს ლიგა") საგზურის მოსაპოვებლად ზესტაფონელებს დღევანდელ შეხვედრაში ერთი ქულის მოპოვება ესაჭიროებოდათ...

 

გურამ მაზმიშვილის მიერ დამმოძღვრილი გუნდის წინაშე არსებულ ამოცანას გარკვეულწილად ართულებდა ის გარემოება, რომ ტრავმებისა და წინა შეხვედრებში მიღებული ყვითელი ბარათების გამო, გუნდს ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა.

 

ამის მიუხედავად, ზესტაფონელმა ჭაბუკებმა მობილიზება მოახერხეს, ჭიათურელები დიდი ანგარიშით 3-0 დაამარცხეს და დასახული ამოცანა "გადაჭარბებით" შეასრულეს. გამარჯვებულთა რიგებში გატანილი გოლებით თავი ბესო ფერაძემ (23-ე და 68-ე წუთები) და გოგა არაბიძემ (62-ე წუთი) გამოიჩინეს...

 

ჩვენი მკითხველისათვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ზესტაფონელ ჩვიდმეტწლამდელებს "ოქროს ლიგაში" მეტოქეობას გაუწევენ - სადღეისოდ ტურნირის გადამწყვეტი სტადიის საგზურები ზუგდიდის "სფფ აკადემიის" გუნდს, ბათუმის "დინამოს", საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის", "ზესტაფონის", თბილისის "ლოკომოტივის" და საფეხბურთო კლუბ "გაგრას" კოლექტივებს აქვთ მოპოვებული. დანარჩენი 4 საგზურის მფლობელთა ვინაობა 4 ივნისს დაგეგმილი მატჩების შემდეგ გახდება ცნობილი.

 

2017 წლის პირველობის პირველი ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრებს ჩვენი ბიჭები სწორედ 4 ივნისს გამართავენ - 16:00 საათზე ზესტაფონის საფეხბურთო ბაზის მინდორზე "ზესტაფონისა" და "სამტრედიის" თხუთმეტწლამდელები გავლენ, 18:00 საათზე კი ერთმანეთს ამავე კლუბების ჩვიდმეტწლამდელები დაუპირირსპირდებიან.

 

 

 

30.05.2017. U-17. ”ჭიათურა - ”ზესტაფონი” 0-3

"ზესტაფონი" (U-17): გოგოლაძე (ა. ფერაძე, 33), ტოფაძე, გაჩეჩილაძე, მაცაბერიძე, წითელაშვილი (ხოხიაშვილი, 69), სხილაძე (ტაბატაძე, 62), ს. სამხარაძე, მჭედლიძე (ფანცულაია, 62), აბჟანდაძე, ბ. ფერაძე, არაბიძე (ტალახაძე, 69).

 

 

* * *

 

რაც შეეხება "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელებს, 28 მაისს, ლიგის მორიგი, მეცხრე ტურის შეხვედრაში მათ საკუთარ ბაზაზე ტყიბულელებს უმასპინძლეს და მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდნენ.

 

როგორც იცით, მარგველთა ეს კოლექტივი ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე ჩამოყალიბდა და გუნდის კომპლექტაციის პროცესი ახლაც მიმდინარეობს. აქვე უნდა ვთქვათ, რომ უახლოეს მატჩებში ნორჩ მარგველთა რიგებში რამდენიმე ახალწვეულის ხილვასაც უნდა ველოდოთ...

 

ზოგადად, ახალ სიმაღლეზე ძალების მოსინჯვა და ეროვნული ჩემპიონატის U15 ლიგაში სადებიუტო სეზონის დასაწყისი ბიჭებისთვის მეტად სასარგებლო და ამავდროულად, საკმაოდ სერიოზული გამოცდაც გამოდგა. მართალია, გუნდმა ვერ მოახერხა თხუთმეტწლამდელთა პირველობის "ოქროს ლიგის" საგზურის მოპოვება, მაგრამ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე შეხვედრაში ზესტაფონელებმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს...

 

 

 

28.05.2017. U-15. ”ზესტაფონი” - ”მეშახტე” (ტყიბული) 0-1

"ზესტაფონი" (U15): აბრამიშვილი, ბ. ღონღაძე (წაქაძე, 68), ახვლედიანი, გ. ღონღაძე, გ. ჭუმბურიძე, ბებიაშვილი, მახარაძე (აბაშიძე, 55), სათირიშვილი, აბჟანდაძე (ქათამაძე, 44), ნ. ჭუმბურიძე, ჭანტურიძე.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017