Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

27.05.2017

 

 

 

 

 

 

 

 

ჩვიდმეტწლამდელთა მორიგი გამარჯვება

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 26 მაისს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" U17 გუნდმა საქართველოს 2017 წლის ეროვნული ჩემპიონატის ჩვიდმეტწლამდელთა ლიგის მორიგი, მეთორმეტე ტურის მატჩი გამართა. ზესტაფონელთა ბაზაზე ჩატარებულ შეხვედრაში მარგველები წყალტუბოს საფეხბურთო კლუბ "სამგურალის" წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ.

 

როგორც ჩვენი საიტის ერთგულმა მომხმარებელმა იცის, "სამგურალისა" და "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა პირველ წრეში გამართული დაპირისპირება მარგველთა დიდი უპირატესობითა და მათივე გამარჯვებით 5-1 დასრულდა. ამ გუნდების მეორე წრის მატჩიც წინა "დუელის" მსგავსი სცენარით წარიმართა და ზესტაფონელთა კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა...

 

ანგარიში მატჩის დებიუტშივე, კერძოდ მე-8-ე წუთზე გაიხსნა - თავი მიმდინარე სეზონში ჩვენი გუნდის რიგებში საუკეთესო ბომბარდირმა შოთა შეყილაძემ გამოიჩინა. მე-14-ე წუთზე მასპინძელთა კიდევ ერთი გააზრებული იერიშის შემდეგ თანაგუნდელებმა დასარტყმრელ პოზიციაზე მიშა სხილაძე დატოვეს და ამ უკანასკნელმაც ყველაფერი ცივსისხლიანად შეასრულა...

 

ტაიმის მიწურულს, კერძოდ 38-ე წუთზე, შოთა შეყილაძემ დღევანდელ მატჩში დუბლი შეასრულა და მიმდინარე სეზონში გამართულ მეათე შეხვედრაში თავის პირადი საგოლე "აქტივი" 21 ბალამდე გაზარდა...

 

მეორე ტაიმი უფრო მშვიდად კი წარიმართა, მაგრამ ზესტაფონის საფეხბურთო ბაზის № 2 მოედნის ტრიბუნაზე მრავლად მყოფმა გულშემატკივარმა გატანილი გოლები მაინც იხილა. 61-ე წუთზე, საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშის გამო, წყალტუბოელთა კარში დაინიშნა 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა, რომელიც გოლად "ზესტაფონის" მცველმა დათო გაბრიაძემ აქცია.

 

თავის მხრივ, სტუმრებმაც გაიბრძოლეს და 73-ე წუთზე დღევანდელ დაპირისპირებაში "სამგურალის" რიგებში ერთ-ერთმა გამორჩეულმა ავთო ქოიავამ ზესტაფონელთა კარში "პრესტიჟის" გოლი ლამაზი დარტყმით გაიტანა. ამას მასპინძელთა კიდევ ერთი "აფეთქება" და კარგი სოლო-რეიდის შემდეგ, 77-ე წუთზე გოგა კაპანაძის მიერ გატანილი გოლი მოყვა - 5-1.

 

2017 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ჩვიდმეტწლამდელთა ლიგის შემდეგი, მეცამეტე ტურის მატჩს ზესტაფონელები ჭიათურაში, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის წარმომადგენელი გუნდის წინააღმდეგ, 30 მაისს გამართავენ...

 

 

26.05.2017. U-17. ”ზესტაფონი” - ”სამგურალი” (წყალტუბო) 5-1

"ზესტაფონი" (U-17): გოგოლაძე, გაბრიაძე (მაცაბერიძე, 54), გაჩეჩილაძე, ხუჯაძე, ტოფაძე, მჭედლიძე (ფანცულაია, 62), სხილაძე (ჟღენტი, 51), ს. სამხარაძე (აბჟანდაძე, 51), არაბიძე, ბ. ფერაძე, შეყილაძე (კაპანაძე, 66).

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017