19.05.2017
ამხანაგური მატჩი თერჯოლის "საპოვნელასთან"
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა, რომელსაც ეროვნულ ჩემპიონატში თითქმის ორკვირიანი პაუზა უწევს, მიმდინარე წლის 19 მაისს ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის ბაზაზე მარგველ ჩვიდმეტწლამდელებს ეროვნული ჩემპიონატის მესამე ლიგის წარმომადგენელი თერჯოლის "საპოვნელა" დაუპირისპირდა.
დასაწყისშივე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თერჯოლელებმა დღევანდელ შეხვედრაში ექსპერიმენტალური შემადგენლობით იასპარეზეს და მოედანზე ძირითადად "საპოვნელას" სათადარიგოთა სკამისა და უახლოესი რეზერვის ფეხბურთელები გამოვიდნენ. რაც შეეხება ზესტაფონელთა გუნდს, დღეს მათ რიგებში 19 წლის ნახევარმცველმა ლაშა ბუბულაშვილმა იასპარეზა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა...
პირველი ნახევარი სტუმართა მცირე ტერიტორიული უპირატესობით კი წარიმართა, თუმცა საგოლე მომენტების შექმნის საქმეში მათ არც მასპინძლები ჩამორჩებოდნენ და ხშირად აწუხებდნენ თერჯოლელთა მცველებსა და გოლკიპერს. ორივე გუნდის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ტაიმი მაინც უგოლოდ 0-0 დასრულდა.
შეხვედრის მეორე ტაიმში კი ახალგაზრდა ზესტაფონელები აშკარა უპირატესობას დაეუფლნენ და დროის 24-წუთიან (58-დან 82-მდე) მონაკვეთში თერჯოლელთა კარში ერთბაშად 6 გოლის (შოთა შეყილაძე, ბესო ფერაძე, გოგა არაბიძე, ვახტანგ ტალახაძე-2, გიორგი ბაბუაძე) გატანა მოახერხეს. დარჩენილ 8 წუთში "საპოვნელას" ფეხბურთელებმა ანგარიში "დაასველეს" და პრესტიჟის 2 გოლი გაიტანეს. საბოლოოდ, მატჩი "ზესტაფონის" გამარჯვებით 6-2 დასრულდა.
"ზესტაფონმა" დღევანდელი შეხვედრა ასეთი შემადგენლობით ჩაატარა: გოგოლაძე, გაბრიაძე (მაცაბერიძე, 65), ხუჯაძე, ტოფაძე, გაჩეჩილაძე (გ. სამხარაძე, 67), ანჟანდაძე (ბუბულაშვილი, 31), მჭედლიძე (ჟღენტი, 31), ს. სამხარაძე (სხილაძე, 31), ბ. ფერაძე (ბაბუაძე, 78), შეყილაძე, არაბიძე (ტალახაძე, 75).
ჩვიდმეტწლამდელთა ლიგის მორიგ შეხვედრას მარგველი ჭაბუკები მიმდინარე წლის 26 მაისს "ზესტაფონის" ბაზაზე გამართავენ - ჩვენი ბიჭები წყალტუბოს "სამგურალის" წარმომადგენელ თანატოლებს 17:00 საათზე დაუპირისპირდებიან...
|