05.05.2017
თბილისის ზღვასთან მდებარე ბაზის ამბები
როგორც იცით, თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე უკვე კარგა ხანია ამოქმედებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი უმაღლესი ხარისხის სტანდარტული ზომის ორი საფეხბურთო მოედანი...
ჩვენი კლუბის დედაქალაქურ ბაზაზე მწვანე საფარის დაგების პროცესსა და ამ საფარის გამართულად ფუნქციონირება-ექსპლუატაციისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნაში თავის წვლილი შემდეგმა კომპანიებმა შეიტანეს: "Hi Tech Irrigation Georgia"-მ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საირიგაციო ტექნიკის მწარმოებელ სახელგანთქმულ ამერიკულ კომპანია "Hunter"-ს წარმოადგენს და კომპანია "Lawns of Georgia"-მ, რომელიც უმაღლესი ხარისხის ლანდშაფტურ და UEFA-ს სტანდარტების შესაბამის სპორტული დანიშნულების რულონურ გაზონებს საქართველოშივე ამზადებს...
"ზესტაფონის" ოფიციალური ვებგვერდის მომხმარებლისთვის კარგადაა ცნობილი ის ამბავი, რომ ჩვენს ქვეყანაში გამართული 19- და 17-წლამდელთა ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირების მონაწილე გუნდები სწორედ თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ზესტაფონელთა ბაზის მინდვრებზე ვარჯიშობდნენ. ჩვენი კლუბის სპორტული კომპლექსის მწვანე მინდვრებზე ვარჯიშს ივნისის თვეში საქართველოში გასამართი რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო თასის მონაწილენიც გეგმავენ.
არაა ახალი ამბავი არც ის, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელსაც სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი ხელმძღვანელობს, ზედიზედ რამდენიმე საშინაო შეკრება იმერელთა საფეხბურთო კომპლექსის მოედნებზე გაიარა...
დღესდღეობით ბაზაზე უკვე დასრულებულია ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა და ახლა ექსპლუატაციაში ჩაბარების პროცესი მიმდინარეობს. ამ შენობაში, გუნდებისა და მსაჯების აბანო-გასახდელების გარდა, დელეგატთა, სამედიცინო პერსონალის, საპროცედურო ოთახები, სატრენაჟორო დარბაზი და მედია-კაფე განთავსდება. ამასთან, მოეწყო მცირე ზომის ტრიბუნაც, რომელზეც 300-მდე მაყურებელი განთავსდება.
გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ჩვენი კლუბის თბილისურ ბაზაზე ახლახან დასრულებული სამუშაოების შესახებ მოგვითხრობს...
ფოტომასალა მოწოდებულია თაკო კოკაიას მიერ |