02.05.2017
ჩვიდმეტწლამდელებმა მეორე წრე წარმატებით დაიწყეს
მიმდინარე წლის 2 მაისს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა 2017 წლის ჩვიდმეტწლამდელთა ლიგის მორიგი მატჩი გამართა. მურთაზ ხურცილავას სახელობის მარტვილის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ზესტაფონელები ადგილობრივი "მერანის" წარმომადგენელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ.
როგორც ჩვენი საიტის ერთგულმა მომხმარებელმა იცის, "ზესტაფონისა" და "მერანის" ჩვიდმეტწლამდელთა პირველ წრეში გამართული დაპირისპირება იმერელთა უდიდესი უპირატესობითა და სტუმართა განადგურებით 9-0 დასრულდა. ამ გუნდების მეორე წრის მატჩიც, რომლითაც გუნდებმა ჩვიდმეტწლამდელთა ლიგის პირველი ეტაპის მეორე წრე გახსნეს, წინა "დუელის" მსგავსი სცენარით წარიმართა და ზესტაფონელთა კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა...
ანგარიში მატჩის დებიუტშივე, კერძოდ მე-10-ე წუთზე გაიხსნა - ახლო მანძილიდან ზუსტი თავური დარტყმით მარგველები მიშა სხილაძემ დააწინაურა (აღსანიშნავია, რომ სტუმართა პირველი გოლის ავტორს დღეს 16 წელი შეუსრულდა). მეორე გოლის გატანა მე-14-ე წუთზე მიმდინარე სეზონში ჩვენი გუნდის რიგებში საუკეთესო ბომბარდირმა შოთა შეყილაძემ მოახერხა (აქვე უნდა ითქვას, რომ ეს მეშვიდე მატჩში ახალგაზრდა ფორვარდის მიერ გატანილი მე-17-ე გოლი გახლავთ).
პირველი ნახევრის დასრულებამდე ზემოიმერლებმა მარტვილელთა კარის აღება კიდევ ორჯერ მოახერხეს - 34-ე წუთზე შოთა შეყილაძემ მასპინძელთა გოლკიპერთან პირისპირ დატოვა ბესო ფერაძე, რომელმაც ბურთი ბადეში მშვიდად შეაგორა, 35-ე წუთზე კი მანვე დაახლოებით 25 მეტრიდან დარტყმული "მერანის" კარის "ცხრიანში" გაახვია..
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, კერძოდ 47-ე წუთზე, თავის გოლი ზესტაფონელთა კიდევ ერთმა ფორვარდმა გოგა არაბიძემ გაიტანა, რის შემდეგაც სტუმართა სამწვრთნელო შტაბმა ცვლილებებს მიმართა. ამის მიუხედავად, დარჩენილ დროში იმერლებმა კიდევ ორჯერ მოახერხეს მასპინძელთა კარის აღება (თემურ ბერაძე (53-ე წუთი) და ნიკა ჟღენტი (71-ე წუთი), რითაც ანგარიში კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადეს - 7-0.
|
02.05.2017. U-17. ”მერანი” (მარტვილი) - ”ზესტაფონი” 0-7 |
"ზესტაფონი" (U-17): გოგოლაძე (ა. ფერაძე, 24), ბერაძე, ტოფაძე, გაჩეჩილაძე, გაბრიაძე, ს. სამხარაძე (აბჟანდაძე, 48), სხილაძე (ფაღავა, 48), მჭედლიძე, ბ. ფერაძე, შეყილაძე (კაპანაძე, 48), არაბიძე (ჟღენტი, 54).
|
* * *
"ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელები კი მარტვილს 30 აპრილს ესტუმრნენ და ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერს, ადგილობრივ "მერანს" დაუპირისპირდნენ. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, დიდი ანგარიშით 4-0 დასრულდა.
|
30.04.2017. U-15. ”მერანი” (მარტვილი) - ”ზესტაფონი” 4-0 |
"ზესტაფონი" (U15): აბრამიშვილი, საყვარელიძე, ახვლედიანი, გ. ღონღაძე (აბაშიძე, 52), ნ. ჭუმბურიძე, ბებიაშვილი, ვარდუკაძე (სარდანაძე,45), გ. ჭუმბურიძე, აბჟანდაძე (ქათამაძე, 39), სათირიშვილი (შეყილაძე, 42), ჭანტურიძე.
|
|