27.04.2017
პირველი წრის მაჟორული ფინიში
მიმდინარე წლის 27 აპრილს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდმა საქართველოს 2017 წლის ეროვნული ჩემპიონატის ჩვიდმეტწლამდელთა ლიგის მორიგი მატჩი ჩაატარა. ზესტაფონელთა ბაზაზე გამართულ შეხვედრაში მარგველები ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ.
ჩვიდმეტწლამდელთა ლიგის საწყისი ეტაპის პირველი წრის დასკვნით შეხვედრაში ჩვენი ბიჭები რევაზ კვერნაძის გაწვრთნილ და სადღეისოდ სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზე მყოფ ქუთაისის "ტორპედოს" ჩვიდმეტწლამდელთა მთავარ გუნდს (როგორც იცით, U17 და U15 ასაკში ქუთაისელთა სათადარიგო ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდები იმერეთის რეგიონალური ფედერაციის მიერ ორგანიზებულ რეგიონალურ ტურნირებშიც მონაწილეობენ) დაუპირისპირდნენ.
დღევანდელი დაპირისპირების სადებიუტო მონაკვეთი მასპინძლებმა საკმაოდ მძიმედ ჩაატარეს - მათ სასტარტო ნერვიულობა ეტყობოდათ და 15-ე წუთზე კონსტანტინე კვეტენაძის მიერ გატანილი გოლის წყალობით ანგარიშის გახსნა ქუთათურებმა მოახერხეს. სტუმრები აქტიურად ეთამაშებოდნენ ზესტაფონელთა ფორვარდებს და დიდი ხნის განმავლობაში მათ საკმაო დისკომფორტსაც უქმნიდნენ...
ვითარება შეიცვალა 35-ე წუთზე, როდესაც შოთა შეყილაძემ შეტევის მარჯვენა ფლანგზე თამაშის გამწვავება და ზუსტი გადაცემით ბესო ფერაძის მომარაგება მოახერხა, ამ უკანასკნელის დარტყმაც ზუსტი გამოდგა. თუმცა, ზესტაფონელთა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - ტაიმის ბოლოსწინა, 39-ე წუთზე, შეტევაში გართულ მასპინძლებს "ტორპედოს" მწვავე კონტრიერიში გამოეპარათ და გივი მუკბანიანმა წინ ისევ სტუმართა გუნდი გაიყვანა...
პირველის მსგავსად, მეორე ტაიმიც ძალიან დაძაბული და ამავე დროს, სანახაობრივი გამოდგა, რამაც ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე შეხვედრის საცქერად მოსულ 300-მდე გულშემატკივარს ნამდვილად დიდი სიამოვნება მიანიჭა. შეხვედრის 65-ე წუთზე ანგარიში ისევ გათანაბრდა - ამჯერად საგოლე შეხების ავტორი შეტევაში ჩართული ზესტაფონელთა მცველი დათო გაბრიაძე გახლდათ.
მატჩის დასკვნით მონაკვეთში ორივე გუნდი ბევრს უტევდა, სახიფათო მომენტებსაც მრავლად ქმნიდა და გამარჯვების მოპოვების შანსი ორივე მხარეს მიეცა. საბოლოო სიტყვა მაინც ზესტაფონელთა გოლეოდორმა შოთა შეყილაძემ თქვა - მიუხედავად იმისა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში მას 2-3 მეტოქე მეურვეობდა, 74-ე წუთზე, ბესო ფერაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ, ის ოპონენტებს ოსტატურად გაუმკლავდა და "ტორპედოს" გოლკიპერ ლერი ცირეკიძეს შორეულ კუთხეში აუღებელი დაურტყა...
შედეგად, მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3-2 დასრულდა და იმის გათვალისწინებით, რომ "სამტრედიამ" დღეს ტყიბულში გამართულ შეხვედრაში ქულები დაკარგა, პირველი წრის დასრულების შემდეგ, ჩვიდმეტწლამდელთა ლიგის "ბ" ჯგუფის სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერის პოზიციაზე სწორედ მარგველები იმყოფებიან.
* * *
ასაკობრივი ლიგის მეორე წრის სასტარტო შეხვედრებს ზესტაფონელი ჭაბუკები მარტვილში გამართავენ - 30 აპრილს "მერანს" ჩვენი თხუთმეტწლამდელები ესტუმრებიან, ხოლო 2 მაისს მარტვილელებს "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელები დაუპირისპირდებიან...
|
27.04.2017. U-17. ”ზესტაფონი” - ”ტორპედო” (ქუთაისი) 3-2 |
"ზესტაფონი" (U-17): გოგოლაძე, ბერაძე, გაჩეჩილაძე (ჟღენტი, 80), ხუჯაძე, გაბრიაძე, სხილაძე (აბჟანდაძე, 54), ს. სამხარაძე, მჭედლიძე (ტოფაძე, 63), არაბიძე (გ. სამხარაძე, 77), ბ. ფერაძე, შეყილაძე.
|
|