18.04.2017
გამოხმაურება: "ყოჩაღი ლიდერი"
როგორც იცით, 15 აპრილს "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა წყალტუბოში გამართულ შეხვედრაში მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. გთავაზობთ პუბლიკაციას, რომელიც საფეხბურთო კლუბ "სამგურალის" პრეს-სამსახურმა ამ მატჩს მიუძღვნა.
"დღეს ,,სამგურალის” 17-წლამდელთა გუნდმა ჭაბუკთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში "ბ" ჯგუფის ლიდერს ,,ზესტაფონს“ უმასპინძლა და დიდი ანგაირიშით 1:5 დამარცხდა. ზესტაფონელებს აღნიშნულ ასაკში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთ. ,,ზესტაფონი”- U17-ის ფეხბურთელები პატარაობიდანვე ერთად თამაშობენ და გუნდი კარგად არის შეთამაშებული. ზემოიმერლები იმედებს სწორედ ამ თაობაზე ამყარებენ, მათ ბაზაზე სამომავლოდ ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებასა და ძველი ამბიციების დაბრუნებას აპირებენ.
მიმდინარე ჩემპიონატში ურიგოდ ,,სამგურალი“ U17-იც არ გამოიყურებოდა. ზესტაფონელებთან მატჩამდე ჩვენი 17 წლამდელები 3 მოგებითა და ერთი მარცხით, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებოდნენ. წყალტუბოელებმა დღევანდელი მატჩიც კარგად დაიწყეს. მე-8 წუთზე სტუმართა დაცვის შეცდომით კარგად ისარგებლა შალვა ქუთათელაძემ, რომელიც მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და საკუთარი გუნდის დაწინაურების შანსი ხელიდან არ გაუშვა.
სტუმრებმა ანგარიში 28-ე წუთზე გაათანაბრეს. თავი "ზესტაფონის" გოლეოდორმა შოთა შეყილაძემ გამოიჩინა-1:1, 31-ე წუთზე კი სტუმრები დაწინაურდნენ - მასპინძელთა საჯარიმოში შექმნილ მცირე არეულობაში ყველაზე უკეთ ბესო ფერაძე გაერკვა და წყალტუბოელთა მეკარეს აუღებელი დაურტყა...
50-ე და 62-ე წუთებზე შოთა შეყილაძემ კიდევ ორი გოლი გაიტანა და "ჰეთ-თრიკი" გაიფორმა, 69-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში სტუმართა მცველმა დათო გაბრიაძემ დააფიქსირა"...
გამოყენებულია საფეხბურთო კლუბ "სამგურალის" ოფიციალური fb-გვერდის ფოტომასალა |