12.04.2017
"ლელოს" პუბლიკაცია: "იმედის ბიჭები"
დღეს ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო პუბლიკაცია, რომლის ავტორი, ჟურნალისტი ალეკო კაკაურიძე ქართულ ფეხბურთში არსებულ მდგომარეობაზე, ეროვნულ ჩემპიონატში "ზესტაფონის" არყოფნით გამოწვეულ პრობლემებზე და ჩვენი კლუბის მომავალ თაობაზე საუბრობს...
ჩვენი საიტის ერთგულ მომხმარებელს ამ პუბლიკაციას უცვლელად გთავაზობთ: "ფეხბურთი არის ბედნიერება და სულის ზეიმი – აღარ მახსოვს, სად ამოვიკითხე ეს ფრაზა, რომელიც წლებმა ვერ წაშალა ჩემი მახსოვრობიდან. ბავშვობა ბევრი რამის გამოა ყველაზე კარგი და ამადაც: კითხულობ და ისრუტავ ყველაფერს, კარგსაც და ცუდსაც. მერე წლები რაღაცას შლის შენი მახსოვრობიდან და რაღაც რჩება...
წლებმა ჩემი მახსოვრობიდან ბევრი რამ წაშალა, ეს ფრაზა კი, რომელიღაც ჟურნალისტისა თუ ნაკლებად ცნობილი მწერლის მიერ დაწერილი დარჩა და აწი მას ვერაფერი წაშლის. ჟურნალისტი გვერდს ვერ აუვლის ხალხის საწუხარს. სწორედ ეს სატკივარი უნდა იყოს მისთვის მთავარი თემა და უნდა ეცადოს, მცირე სალბუნად მაინც დაედოს ტკივილს.
ბოლო დროს ზესტაფონის მნიშვნელობა ქართული ფეხბურთისათვის ძალიან გაიზარდა. გაიზარდა იმაზე მეტადაც კი, ვიდრე მაშინ, როდესაც ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი ყველა ქართულ ტიტულს იგებდა. ტური იშვიათად ჩაივლის, ზესტაფონის მთავარ სპორტულ არენაზე საქართველოს ჩემპიონატის მატჩი არ ჩატარდეს. გასულ ტურში სულაც ორმა გუნდმა ითამაშა სტადიონზე, ახლა მარადისობაში გარდასული ძალიან კარგი ზესტაფონელი კაცის, დავით აბაშიძის სახელს რომ ატარებს: საჩხერის „ჩიხურას“ გორის „დილაც“ შეუამხანაგდა...
მე რასაც ვუყურებ, ზესტაფონურ მატჩებში საქართველოს მასშტაბით კარგი თამაშებიც გამოერევა-ხოლმე, მაგრამ პირდაპირ უნდა დაიწეროს, რომ იქ გამართული მატჩებს საერთო არაფერი აქვთ საფეხბურთო ზეიმთან. დიდი ვერაფერი სიამოვნებაა სტადიონის ცარიელი ტრიბუნების ცქერა.
არადა, ვერავინ იტყვის, რომ ზესტაფონში ფეხბურთი არ უყვართ. თავის დროზე, „ზესტაფონი“ რომ „ზესტაფონობდა“ დიდი ზეიმებიც ახსოვს ამ ქალაქს, სახალისო და ასე განსაჯეთ, ტრაგიკული ისტორიებიც. ეს სტადიონი ცარიელი არასოდეს ყოფილია. ახლა კი არის...
მოგეხსენებათ, „ზესტაფონის“ დიდი გუნდი ამ ეტაპზე გამქრალია ქართული საფეხბურთო რუკიდან და ის მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. როგორ და რატომ მოხდა ეს, ძალიან ტევადი თემაა. ამის თაობაზე ადრე საკმარისად დავწერეთ და საკითხი ისეთია, რომ თან აზრთა გვარიანი სხვადასხვაობა ახლავს.
მთავარი ერთია: ხალხს ჰქონდა სულის ზეიმი, ჰქონდა ბედნიერება და მას ეს აღარ აქვს... მეორეხარისხოვანია, რატომ არ აქვს, რადგან ამ კითხვაზე პასუხი იქნებ ჩვენი მთავარი საქმეც იყოს, მაგრამ ეს არ აინტერესებს იმ გულშემატკივარს, რომელიც თავის დროზე სამსახურიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ საყვარელი გუნდის თამაში ვერ გააცდინა და რაღაც ფარსაგად ტელეკამერამ პირდაპირ უჩვენა აშარ უფროსს.
გულშემატკივარს, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში დღეების სწრაფად გასვლას ნატრობდა საიმისოდ, რომ „ზესტაფონის“ თამაში ენახა...
გულშემატკივარს, რომელიც საკუთარი გუნდის გასვლითი ევროპული ვოიაჟის სანახავად ქართული ბანკების ნებისმიერ შეთავაზებას ყაბულდებოდა და დღესაც იხდის, ან ახლახანს მორჩა ვალების გადახდას...
გულშემატკივარი, რომელიც კვირაში ერთი დღე ივიწყებდა ყველა პრობლემას...
ფაქტი ესაა: ხალხს სიხარული ჰქონდა და აღარ აქვს. დამნაშავის ძიება კი მეორე საკითხია და ხალხს ეს ნაკლებად აინტერესებს - ხალხს ეს სიხარული უნდა.
არ გვგონია, საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატის მატჩებს სადმე იმდენი მაყურებელი ჰყავდეს, რამდენიც ზესტაფონში. "ზესტაფონს" ორი ასაკობრივი გუნდი ჰყავს: ჩვიდმეტწლამდელები და თხუთმეტწლამდელები. მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულ რანგით მესამელიგელ „მარგვეთთან“ ერთად ისინი აცოცხლებენ ფეხბურთს ზესტაფონში.
თან ძალიან, ძალიან კარგი თაობა მოდის ზესტაფონში. ისეთი, იქაურობას, კარგა ხანია, რომ აღარ ახსოვს. ადგილობრივი გულშემატკივარი ფეხბურთის ჭიას ამათი ქომაგობით ახარებს. საშინაო შეხვედრები იქით იყოს და გასვლებზეც მრავლად დაჰყვებიან ჩვიდმეტწლამდელეთა გუნდს, რომელსაც „იმედის ბიჭები“ შეარქვეს. ისინიც ჩუმად და თავდადებით აკეთებენ თავიანთ საქმეს. პატარა მხრებზე დიდი პასუხისმგებლობა აწევთ, მაგრამ ეს მათ არ აშინებთ.
ჩვიდმეტწლამდელთა გუნდი თავიანთ ზონაში დამაჯერებლად ლიდერობს საქართველოს ჩემპიონატს. გატანილი აქვს ოცი და მიღებული ერთი ბურთი. რაოდენ კარგიც უნდა იყოს თაობა, მას კვალიფიციური მასწავლებელი სჭირდება. 35 წელია, გურამ მაზმიშვილი ზესტაფონური ფეხბურთის სამსახურშია და ბოლო დროს ამ ქალაქში არ გაზრდილა არცერთი ფეხბურთელი, რომლის პროგრესშიც მისი ხელი არ ერიოს. ბოლო დროს გურამს მხარში მისი ვაჟი, ლაშაც ამოუდგა...
როცა იმედი კვდება, ცხოვრებას აზრი აღარ აქვს. ზესტაფონში იმედი ცოცხალია... მაშ, ბრძოლაც ღირს და დროებით გაჭირვების მოთმენაც!" ...
|