05.04.2017
მორაგბეთა სამადლობელი "ზესტაფონს"
2017 წლის 4 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში გავიდა გადაცემა "სპორტი 360°", რომელსაც მორაგბეთა U20-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე და რაგბის კავშირის ოპერაციული მიმართულების დირექტორი და საქართველოში გასამართი რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო თასის დირექტორი ბაჩო ხურციძე სტუმრობდნენ.
ტურნირის დირექტორმა ბაჩო ხურციძემ ესოდენ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებულ ბევრ სხვა საინტერესო საკითხთან ერთად, ამ საქმეში საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის" მიერ შეტანილ წვლილზეც ისაუბრა და ჩვენი კლუბის ხელმძღვანელ პირებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ბაზაზე, ირლანდიელ ახალგაზრდებთან ერთად, ყველა სარაგბო ტურნირის ფავორიტად მიჩნეული ახალზელანდიელები მოემზადებიან...
როგორც უკვე ვიუწყებოდით, მიმდინარე წლის 14 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წელს ახალგაზრდებს შორის საქართველოში გასამართი რაგბის მსოფლიო თასის ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის შესახებ.
ამ დოკუმენტს ხელი მოაწერეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეტა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის" გენერალურმა დირექტორმა კორნელი კოკაიამ, საფეხბურთო სკოლა „ოლიმპიკის" დირექტორმა კარლო მჭედლიძემ და თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემია"-ს ვიცე-პრეზიდენტმა თენგიზ სულაქველიძემ.
ჩვენ კი გუშინდელი გადაცემის იმ მონაკვეთს გთავაზობთ, რომელიც ყველაზე მეტად ჩვენი კლუბის გულშემატკივარს დააინტერესებს...
|