25.03.2017
თხუთმეტწლამდელთა ფრე ფავორიტთან შეხვედრაში
მიმდინარე წლის 25 მარტს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს 2017 წლის ჭაბუკთა ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი ჩაატარა. ზესტაფონელთა ბაზაზე გამართულ შეხვედრაში მარგველები ქუთაისის "ტორპედოს" წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ.
ზესტაფონელ თხუთმეტწლამდელებს, რომლებიც პირველი ტურის შეხვედრაში მარტვილელ თანატოლებთან დამარცხდნენ, მეორე ტურში დაუპირისპირდა მიმდინარე ტურნირის "ბ" ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული ქუთაისის "ტორპედოს" კოლექტივი, რომელმაც ჩემპიონატი ტყიბულის "მეშახტის" დიდი ანგარიშით 4-0 ძლევით დაიწყო.
ჩვენი ერთგული მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი, რომ "ზესტაფონის" 15-წლამდელთა გუნდი სულ რამდენიმე კვირის წინ ჩამოყალიბდა და მარტვილელებთან დაპირისპირება ამ ფორმაციის კოლექტივისთვის სულაც სადებიუტო გახლდათ. ერთი კვირის წინ გამართული მატჩის მსგავსად, ქუთაისელებთან შეხვედრაშიც მწვანე მინდორზე 2002 წელს დაბადებულებთან ერთად, ერთი წლით უმცროსი ბიჭებიც გავიდნენ...
ტრადიციისამებრ, ზესტაფონურ-ქუთაისური დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის განმავლობაში ტერიტორიულ უპირატესობას უმეტესად სტუმრები ფლობდნენ, მასპინძლებმა ასაკით ოდნავ უფროსს ოპონენტებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს (მეტიც, მათ ჩემპიონატში პირველი გამარჯვების მოპოვების რამდენიმე კარგი შესაძლებლობა მიეცათ) და მიმდინარე ჩემპიონატში პირველი ქულის მოპოვებაც მოახერხეს - 0-0.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ "ზესტაფონის" 17-წლამდელები მეორე ტურში ისვენებდნენ, ხოლო მესამე ტურის შეხვედრებს მარგველთა წარმომადგენელი ორივე გუნდი მიმდინარე წლის 2 აპრილს გამართავს.
|
25.03.2017. U-15. ”ზესტაფონი” - ”ტორპედო” (ქუთაისი) 0-0 |
"ზესტაფონი" (U-15): აბრამიშვილი, საყვარელიძე, ღონღაძე, აბჟანდაძე (ქათამაძე, 70), ახვლედიანი, ნ. ჭუმბურიძე, მახარაძე, ბებიაშვილი, გ. ჭუმბურიძე, სარდანაძე (წაქაძე, 68), ჭანტურიძე. |
|