Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

18.03.2017

 

 

 

 

 

 

 

 

ჭაბუკები ეროვნულ ჩემპიონატში ჩაერთვნენ

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 18 მარტს გამართული ორი მატჩით საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდები საქართველოს 2017 წლის ეროვნულ ჩემპიონატში ჩაერთვნენ. ზესტაფონელთა თხუთმეტწლამდელთა და ჩვიდმეტწლამდელთა გუნდებს პირველობის სასტარტო შეხვედრებში მარტვილის "მერანის" წარმომადგენელი თანატოლები დაუპირისპირდნენ.

 

ახალი ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრებს ჩვენი კლუბის ზესტაფონში მდებარე საფეხბურთო კომპლექსმა უმასპინძლა. ზესტაფონელი და მარტვილელი ჩვიდმეტწლამდელების დაპირისპირება მასპინძელთა უდიდესი უპირატესობით წარიმართა და სტუმართა განადგურებით დასრულდა. უკვე 5-ე წუთზე "ზესტაფონის" რიგებში ოფიციალურ შეხვედრებში გატანილი სადებიუტო გოლით თავი გამოიჩინა ნიკა მჭედლიძემ, რომელმაც მიშა სხილაძის უზუსტესი გადაცემა შეირგო და სტუმართა გოლკიპერთან პირისპირ გასულმა ყველაფერი ცივსისხლიანად გააკეთა.

 

მატჩის 14-ე და 20-ე წუთებზე გატანილი გოლებით თავი წინა სეზონში მარგველთა საუკეთესო ბომბარდირმა შოთა შეყილაძემ გამოიჩინა. 23-ე წუთზე მანვე თავის პირად ანგარიშს საგოლე გადაცემაც მიამატა, როდესაც გოგა არაბიძეს გაატანინა. ტაიმის დასრულებამდე (26-ე და 34-ე წუთებზე) შოთა შეყილაძემ თავის გამოჩენა კიდევ ორი გატანილი გოლით მოახერხა და ახლადდაწყებულ სეზონში პირველი "პოკერის" ავტორობაც ირგუნა...

 

შეხვედრის მეორე ნახევრის დასაწყისში მასპინძელთა დამრიგებელმა გურამ მაზმიშვილმა საკუთარი გუნდის შემადგენლობაში ერთბაშად 5 ცვლილება განახორციელა. თუმცა, ამას თამაშის მიმდინარეობაზე მაინცდამაინც დიდი ზეგავლენა არ მოუხდენია და არბიტრის საფინალო სასტვენამდე გოგა არაბიძემ (43-ე წუთი), ბესო ფერაძემ (49-ე წუთი) და გოგი ხოხიაშვილმა (50-ე წუთი) კიდევ სამჯერ მოახერხეს სტუმართა კარის აღება. საბოლოოდ, ახალ სეზონში ზესტაფონელთათვის სასტარტო მატჩი დამაჯერებელი გამარჯვებით 9-0 დასრულდა.

 

 

18.03.2017. U-17. ”ზესტაფონი” - ”მერანი” (მარტვილი) 9-0

"ზესტაფონი" (U-17): გოგოლაძე, ბერაძე (წითელაშვილი, 45), გაბრიაძე (გ. სამხარაძე, 43), ხუჯაძე, გაჩეჩილაძე, ს. სამხარაძე, სხილაძე (მაცაბერიძე, 43), მჭედლიძე (აბჟანდაძე, 45), ბ. ფერაძე, შეყილაძე (ხოხიაშვილი, 43), არაბიძე.

 

 

* * *

 

უფროსი თანაკლუბელების შეხვედრამდე მწვანე მინდორზე მარგველთა თხუთმეტწლამდელები (მწვრთნელი - ლაშა მაზმიშვილი) გავიდნენ. უნდა ითქვას, რომ ეს გუნდი სულ ახლახან ჩამოყალიბდა და მარტვილელებთან დაპირისპირება ამ ფორმაციის კოლექტივისთვის სადებიუტო მატჩი გახლდათ.

 

საწყის წუთებში მასპინძლებს მღელვარება ეტყობოდათ და შეხვედრის სწორედ ამ მონაკვეთში მათ საკუთარ კარში ზედიზედ ორი ბურთი მიიღეს (ლაცაბიძე, 8; ონიანი, 16). ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა და ზესტაფონელებს ანგარიშის შეცვლის რამდენიმე კარგი შესაძლებლობაც მიეცათ - დათო ბებიაშვილისა და ნიკა ჭანტურიძის დარტყმების შემდეგ ბურთი "მერანის" კარის ძელმა მოიგერია.

 

იმერლები შეხვედრის მეორე ნახევარშიც ბევრს ცდილობდნენ, მაგრამ სტუმართა კარის აღება საბოლოოდ მაინც ვერ მოახერხეს. საფინალო სასტვენამდე 8 წუთით ადრე (62-ე წუთი) კი ზესტაფონელებს სტუმართა სწრაფი კონტრშეტევა გაეპარათ და მარტვილელმა ამირან ონიანმა შეხვედრის საბოლოო ანგარიში 0-3 დააფიქსირა.

 

 

18.03.2017. U-15. ”ზესტაფონი” - ”მერანი” (მარტვილი) 0-3
"ზესტაფონი" (U-15): აბრამიშვილი, საყვარელიძე, ღონღაძე, აბჟანდაძე, ახვლედიანი, ნ. ჭუმბურიძე, მახარაძე, ბებიაშვილი, გ. ჭუმბურიძე (სარდანაძე, 46), შეყილაძე (ქათამაძე, 39), ჭანტურიძე.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017