09.03.2017
სპარინგ-მატჩი რაჭველებთან
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ჭაბუკთა გუნდები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სტარტისთვის მზადებას განაგრძობენ. 8 მარტს ზესტაფონელმა ჩვიდმეტწლამდელებმა მორიგი სპარინგ-მატჩი გამართეს - საკუთარ ბაზაზე მარგველები ამბროლაურის "რაჭის" წარმომადგენელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ.
რაჭველ თანატოლებთან შეხვედრის პირველი ნახევარი იმერელთა უდიდესი სათამაშო უპირატესობით წარიმართა და ტაიმის ბოლოსთვის მათ ეს უპირატესობა სტუმართა კარში გატანილ ექვს უპასუხო გოლში ასახეს: დუბლებით თავი შოთა შეყილაძემ და ბესო ფერაძემ გამოიჩინეს, ხოლო გოგა არაბიძემ და ნიკა მჭედლიძემ თითო გოლი გაიტანეს.
მეორე ნახევარში ზესტაფონელთა შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადახალისდა და შედეგად, თამაშიც გათანაბრდა. მოედანზე ღია ბურთაობა გაჩაღდა და გოლები უკვე ორივე გუნდის კარში გადიოდა. ზესტაფონელებმა მეორე ტაიმიც მოიგეს, თუმცა ამჯერად უფრო მოკრძალებული ანგარიშით 4-3. იმერელთა რიგებში გოლები გოგა კაპანაძემ, გოგა ხოხიაშვილმა, თემურ ბერაძემ და მახარე მაცაბერიძემ გაიტანეს. საბოლოოდ, მატჩი დიდი ანგარიშით 10-3 დასრულდა.
"ზესტაფონის" სასტარტო შემადგენლობა ასეთი გახლდათ: გოგოლაძე, ბერაძე, ტოფაძე, ხუჯაძე, გაჩეჩილაძე, ს. სამხარაძე, სხილაძე, მჭედლიძე, ბ. ფერაძე, არაბიძე, შეყილაძე. შეხვედრის მეორე ნახევარში მოედანზე შემდეგი ფეხბურთელები შევიდნენ: ა. ფერაძე, გ. სამხარაძე, ფანცულაია, ფაღავა, მაცაბერიძე, ტაბატაძე, ხოხიაშვილი, კაპანაძე.
|