03.02.2017
ლევან კობიაშვილი: "ზესტაფონს" პრო 2-ში თამაში შევთავაზეთ...
ამ რამდენიმე დღის წინ რიგმა სპორტულმა გამოცემამ გამოაქვეყნა ჩვენი კლუბისა და გულშემატკივრისთვის რამდენიმე ძალიან საინტერესო პუბლიკაცია, რომლებშიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ეროვნულ ჩემპიონატში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" დაბრუნების მნიშვნელობაზე, კლუბისა და მისი ქომაგისადმი პატივისცემაზე და სფფ-ს მიერ მარგველთათვის "პრო-2"-ში ასპარეზობის შესახებ გაკეთებულ შემოთავაზებაზე საუბრობს ...
ჩვენ კი ამ თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტ ედო ბადალაშვილის მიერ მომზადებულ და ინტერნეტსაიტ Sportall.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას უცვლელად გთავაზობთ...
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა Sportall.ge-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა, რომ მზადაა გულშემატკივართან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად დასხდეს და "ზესტაფონის" საკითხი განიხილოს.
- "ზესტაფონზე" უნდა გკითხოთ. მოვისმინეთ როგორც კლუბის პოზიცია, ისე - ფედერაციის. საინტერესოა, რა არის ის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც დღეს სფფ-ს შეუძლია ამ კლუბისთვის?
- ჩემის მხრივ, დიდ პატივისცემას გამოვხატავ ამ კლუბისადმი და ძალიან განვიცდი, რომ "ზესტაფონი" დღეს არ თამაშობს. ეს თემა ჩიხში ძალიანაა შესული და ამ ჩიხიდან გამოსავალი ერთად უნდა ვეძებოთ: ჩვენ, გულშემატკივრებმა, მედიამ... ყველას ინტერესია, რომ "ზესტაფონი" საფეხბურთო რუკაზე გაჩნდეს.
კლუბის ხელმძღვანელობას ვესაუბრეთ და პრო 2-ში თამაში შევთავაზეთ, რათა შემდეგ, სპორტული შედეგების მიხედვით, პრო 1-ში დაბრუნდნენ. ჩემთვის მიუღებელია მიდგომა - "ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში დავბრუნდებით, თუ პრო 1-ში ვითამაშებთ". ეს არაა სწორი. ბევრი ნიუანსი და პრობლემაა, რომელმაც საქმე აქამდე მიიყვანა. მე რომ ვდგამ ნაბიჯებს, მათაც უნდა გადმოდგან.
რას ჰქვია, კლუბში ფინანსებს მხოლოდ მაშინ ჩავდებ, თუ გუნდს პრო 1-ში დაუშვებენ? ეს სპორტია. თუ ასეთ მიდგომას დავნერგავთ და შემდეგ რომელიმე კლუბი პრო 1-დან გავარდება, ინვესტორი უნდა ადგეს და წავიდეს? ჩვენ რაც შევთავაზეთ "ზესტაფონს", ვფიქრობ, ეგეც არასწორია. გუნდი, რომელსაც ორი წელია, ნათამაშები არ აქვს, უფრო ქვემოთ ლიგიდან უნდა იწყებდეს, ჩვენ კი მზად ვიყავით დათმობებზე წავსულიყავით, თუმცა, მეორე მხარემ სურვილი არ გამოთქვა.
ამჟამად გვსურს, მეორე ფრთას - გულშემატკივარს შევხვდეთ. გვინდა, ეს თემა ფართოდ გავშალოთ. ძალიან გამიხარდება, თუ მედიის წარმომადგენლების ჩართულობა იქნება. ერთად დავსხდეთ, ვისაუბროთ, ვთქვათ, რა იყო, როგორ იყო, რატომ მოხდა ეს ყველაფერი, სად ვართ დღეს გაჩერებულნი და როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. მე მხოლოდ გამიხარდება. ეს ჩემი მესიჯია, რომელსაც იმედია, მიიღებთ", - გვითხრა კობიაშვილმა.
|
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი |
|