30.01.2017
ჭაბუკთა ჩემპიონატის დებულების პროექტი
2017 წლის 28 იანვარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე კლუბებს დაუგზავნა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მოასპარეზე ჭაბუკთა 2017 წლის ჩემპიონატის დებულების პროექტი.
ტურნირის ჩატარების შემოთავაზებული პროექტის მიხედვით, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" 2000-2001 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გუნდი ჩვიდმეტწლამდელთა ოქროს ლიგის გათამაშების პირველ ეტაპზე "ბ" ჯგუფში იასპარეზებს და მეტოქეობას მას ქუთაისის "ტორპედოს", "სამტრედიის", მარტვილის "მერანის", წყალტუბოს "სამგურალის", ტყიბულის "მეშახტისა" და "ჭიათურის" ჩვიდმეტწლამდელთა კოლექტივები გაუწევენ...
აქვე გვინდა ზემოთნახსენები პროექტის ტექსტიდან რამდენიმე საინტერესო ამონარიდი შემოგთავაზოთ: "17-წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს 27 გუნდი და ჩემპიონატი ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ჯგუფურ ეტაპზე გუნდები დაიყოფიან 4 ჯგუფად ტერიტორიული პრინციპით და თამაშები გაიმართება ორ წრედ (შინ და გარეთ)...
ჯგუფების პირველ-მეორე ადგილებზე გასული, ასევე ,,ა”-,,ბ” ჯგუფების საუკეთესო მესამეადგილოსანი გუნდი და ,,გ”-,,დ” ჯგუფების საუკეთესო მესამეადგილოსანი გუნდი (7 გუნდიან ჯგუფებში მეშვიდეადგილოსანთან ნაჩვენები შედეგები მხედველობაში არ მიიღება) შეადგენენ ერთ ათგუნდიან ,,ოქროს“ ჯგუფს, სადაც თამაშები გაიმართება ორ წრედ და გამოვლინდება საქართველოს 17-წლამდელთა ოქროს ლიგის საპრიზო სამეული, გუნდებს ჯგუფის პირველი ეტაპიდან არ გადმოჰყვებათ ქულები და არცერთი სხვა მაჩვენებელი, შესაბამისად მეორე ეტაპს დაიწყებენ ნული ქულით...
ჯგუფების 3-7 ადგილებზე (ორი საუკეთესო მესამე ადგილოსნის გამოკლებით) გასული გუნდები შეადგენენ ჯგუფს, სადაც გადანაწილდებიან ტერიტორიული პრინციპით, თამაშები გაიმართება ორ წრედ, გუნდებს ჯგუფის პირველი ეტაპიდან არ გადმოჰყვებათ ქულები და არცერთი სხვა მაჩვენებელი, შესაბამისად მეორე ეტაპს დაიწყებენ ნული ქულით"...
რაც შეეხება 15-წლამდელთა ოქროს ლიგას, ტურნირში მონაწილეობას 25 გუნდი მიიღებს. ჩემპიონატი აქაც ორ ეტაპად ჩატარდება. ისევ როგორც, 17-წლამდელთა ტურნირში, პირველ ჯგუფურ ეტაპზე გუნდები 4 ჯგუფად დაიყოფიან და თამაშები ორ წრედ (შინ და გარეთ) გაიმართება...
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" 2002-2003 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გუნდი პირველ ეტაპზე აქაც "ბ" ჯგუფში ქუთაისის "ტორპედოს", "სამტრედიის", მარტვილის "მერანის", წყალტუბოს "სამგურალისა" და ტყიბულის "მეშახტეს" კოლექტივებთან ერთად იასპარეზებს...
მეორე ეტაპის საგზურების მფლობელთა და ათგუნდიანი ,,ოქროს“ ჯგუფის მონაწილეთა ვინაობა აქაც 17-წლამდელთა ტურნირის მსგავსი პრინციპით გამოვლინდება...
|