25.12.2016
"ჩიბოს თასი-2016" და თანადგომა "ზესტაფონს"
დღეს ქუთაისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა ფეხბურთის მოყვარულთა შორის უკვე ტრადიციულად ქცეულ თასის გათამაშებას, რომელიც 2015 წლიდან ქუთაისის "ტორპედოს" ტრაგიკულად დაღუპული თანამშრომლის აკაკი ჩიბურდანიძის სახელს ატარებს. ღონისძიება ქუთაისელ ქომაგთა კლუბ "ჯუნგლების" მიერ გახლდათ ორგანიზებული...
მთავარი პრიზის მოსაპოვებლად ერთმანეთს აკაკი ჩიბურდანიძის მეგობრებისა და სხვადასხვა ქალაქის წარმომადგენელი ფან-კლუბები ეცილებოდნენ - ქუთაისის (2 გუნდი), თბილისის, ბათუმის, წყალტუბოს, სამტრედიისა და ტყიბულის ქომაგთა გუნდებთან ერთად, "ჩიბოს თასი-2016"-ს გათამაშებაში მონაწილეობა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივართა კლუბის წარმომადგენელმა გუნდმა "ზესტაფანებმაც" მიიღო.
მშვენივრად ორგანიზებული ტურნირის დაწყებამდე, ზესტაფონელებმა საგანგებოდ დამზადებული ბანერის მეშვეობით ჩვენს კლუბს მხარდაჭერა გამოუცხადეს და გუნდის გადარჩენის მოთხოვნა კიდევ ერთხელ საჯაროდ გააჟღერეს...
ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში "ზესტაფანებმა" დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს - წყალტუბოს "მედიკოსების" ანგარიშით 6-2 ძლევის შემდეგ, მათ ჯერ ტურნირის მასპინძელი ქუთაისის "ჯუნგლები" დაამარცხეს 2-0, მესამე მატჩში კი ტყიბულის "12-ე მოთამაშე" - 7-3.
ნახევარფინალური სტადიის შეხვედრაში ზესტაფონელები ტურნირის შარშანდელ გამარჯვებულს, ბათუმელ "პირატებს" დაუპირისპირდნენ და მეტოქე 5-3 დაამარცხეს.
გადამწყვეტ შეხვედრაში კი "ზესტაფანებისა" და "ჯუნგლების" კიდევ ერთი დაპირისპირება შედგა. ფინალი ძალიან დაძაბული გამოდგა და ფრედ 3-3 დასრულდა. საბოლოოდ, ტურნირის გამარჯვებულის ვინაობა გაარკვია მატჩისშემდგომი პენალტების სერიამ, რომელიც უფრო ზუსტად მასპინძლებმა შეასრულეს - 5-3. შედეგად, მარგველებმა ეს ერთდღიანი ტურნირი საპატიო მეორე პოზიციაზე დაასრულეს...
|