17.12.2016
ინტერვიუ ილია კოკაიასთან
თუ სამართლიანობა აღდგენა, მზად ვარ "ზესტაფონი" კვლავ დავაფინანსო
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივრებმა ქართული სპორტისა და სახელმწიფოს მესვეურებს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც სამართლიანობის აღდგენასა და საყვარელი კლუბის ქართულ საფეხბურთო სივრცეში დაბრუნებას ითხოვენ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ჯერაც არ გამოუთქვამს. მანამდე კი "ლელო" "ზესტაფონის მფლობელ ილია კოკაიას გაესაუბრა...
- ბატონო ილია, მზად ხართ თუ არა, კვლავ დააფინანსოთ "ზესტაფონი" და რა პირობებში შეიძლება მოხდეს ეს?
- მოგეხსენებათ, ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის მიერ ჩვენი კლუბი უსამართლოდ მოიხსნა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიდან. სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ამდენ ხანს განხილვის საგანი. თუ აღდგება სამართლიანობა ჩვენს კლუბთან დაკავშირებით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე მზად ვარ, კვლავ დავაფინანსო კლუბი.
დაუბრუნდება თუ არა "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონატს, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი. მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ დავდო კლუბის დაფინანსების პირობა სამართლიანობის აღდგენის შემთხვევაში.
ყველამ კარგად იცის, რა და როგორ მოხდა "ზესტაფონთან" დაკავშირებით. ჩვენ ბოლომდე მართლები ვართ. აქვე მინდა ვთქვა, რომ თუ "ზესტაფონს" ჩემზე უკეთესი დამფინანსებელი გამოუჩნდება, მზად ვარ, დავუთმო მას ეს უფლება. ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ კი ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ყველამ ყველაფერი იცის. ჩვენ არ ვითამაშეთ ის თამაში, რომელიც არც უნდა გვეთამაშა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქარტიაზე გვაქვს ხელი მოწერილი და მეორეც - ეს სასტიკად ეწინააღმდეგება ჩვენს პრინციპებს.
- ამ ხნის განმავლობაში ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან თუ გქონდათ კონსულტაციები გუნდის მომავლის თაობაზე?
- არა, კონსულტაციები არ ყოფილა. ვესაუბრე თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას და მან პირობა მომცა, რომ აღმასკომის უახლოეს სხდომაზევე დააყენებდა ამ საკითხს. მან გულისტკივილი გამოხატა ასეთი სიტუაციის გამო... ასევე ვესაუბრე "გაგრის" პრეზიდენტ ბესო ჩიხრაძეს და მისგანაც ასეთივე თანადგომა მივიღე.
მე ვერ გეტყვით, საერთოდ დადგა თუ არა აღმასკომზე ეს საკითხი და როგორ განვითარდა მოვლენები, რადგან, მოგეხსენებათ, მე არ ვარ ამ ორგანოს წევრი. საპარლამენტო არჩევნების წინ ვესაუბრე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს. ლევან კობიაშვილმა მითხრა, რომ ზესტაფონში ჩასვლასა და კლუბის გულშემატკივართან შეხვედრას აპირებდა, მაგრამ ასეთი შეხვედრა ჯერ არ შემდგარა.
- იმ შემთხვევაში, თუ "ზესტაფონის" დაფინანსებას გააგრძელებთ, რამდენად ამბიციური იქნება გუნდი?
- მე ვერ წარმომიდგენია, "ზესტაფონი" იყოს მაჩანჩალა და ერთ-ერთი აუტსაიდერი. თუ ის იქნება, იქნება ერთ-ერთი საუკეთესო და ეყოლება ბევრი მაყურებელი, როგორც ჰყავდა ადრე. იქნება ის აჟიოტაჟი და მოლოდინი, რაც ადრე იყო და უფრო მეტიც. თავადაც გახსოვთ, როგორი გუნდი გვყავდა. რამდენი ფეხბურთელი გავუზარდეთ საქართველოს ნაკრებს...
"ზესტაფონში" ითამაშეს ძალიან კარგმა ლეგიონერებმა. რაც მთავარია, ეს გუნდი ყოველთვის თამაშობდა სუფთად.
ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ აუცილებლად უნდა შეაფასოს წინამორბედის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ეს იქნება იმის პრეცედენტი, რომ სამომავლოდ არავის ექნება თვითნებურად ასეთი გადაწყვეტილების მიღების საშუალება ისე, როგორც ეს წინა ხელმძღვანელობამ გააკეთა.
- ფაქტია, დღეს ქართულ ფეხბურთში საიმედო კერძო ინვესტორების დეფიციტია...
- ძალიან სამწუხაროა ჩემთვის ეს ამბავი. ახლახან წავიკითხე თქვენს გაზეთში - ინვესტორი, რომელსაც "ზუგდიდი" უნდა დაეფინანსებინა, თურმე ათასდოლარიან სამსახურს ეძებს... კითხვები ჩნდება სხვა კლუბებთან დაკავშირებითაც. ასეთ დროს ქართველ ინვესტორებს არ ეძლევათ საქმის კეთების საშუალება.
|
|