14.12.2016
"ლელოს" გამოხმაურება
"ოთხშაბათის საკითხავი" - ხალხმა თქვა, რას იტყვიან კოკაია და ფედერაცია?
"ზესტაფონის" გულშემატკივრებმა წერილი გაუგზავნეს იმ ადრესატებს, ქართულ ფეხბურთში და ზოგადად, ქვეყანაში ბევრი რამის გადაწყვეტა რომ ხელეწიფებათ. წერილს თან ახლავს ათასზე მეტი ხელმოწერა.
პირადად მე ასეთი მასშტაბური პეტიცია ქართულ ფეხბურთში არ მახსენდება. ფაქტია, ხალხი ღელავს და ეს ხალხი პასუხს ითხოვს...
ქართულ ფეხბურთში დღეს ბევრი არ არის ასეთი საინტერესო და აქტუალური თემა. აღდგება თუ არა გუნდი, რომელიც დღეს მხოლოდ ფურცელზე არსებობს და რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ გაახარა როგორც მთლიანად ქართული ფეხბურთის, ისე საკუთარი გულშემატკივარი?
საიდანაც გინდა, მიუდექი და როგორც გინდა, გაზომე - "ზესტაფონი", კარგი და ამბიციური "ზესტაფონი" ძალიან სჭირდება ქართულ ფეხბურთს. სჭირდება, რადგან დღეს ძალიან შეგვიმცირდა ამბიციური გუნდები და ასეთივე პროექტები.
ხალხმა სათქმელი უკვე თქვა, ახლა ჯერი კლუბის მფლობელ ილია კოკაიასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაზეა. ეს ის შემთხვევაა, როცა დუმილს ვერც ერთი მხარე ვერ შეინარჩუნებს.
ფეხბურთი სახალხო თამაშია და ქომაგის ნება უპირველესია ნებისმიერი მმართველისთვის. ეს ეხება როგორც ფეხბურთის ფედერაციას, ისე კლუბის ხელმძღვანელობას.
ბოლო დროს, "ზესტაფონის" მფლობელი ლოდინის პოზიციას არჩევს. ფაქტია, კოკაია ითხოვდა ჯერ კიდევ წლების წინ იმას, რასაც დღეს ფეხბურთის ფედერაცია აკეთებს ქართული ფეხბურთისთვის. ასეთ რეალობაში მისთვის საინტერესო უნდა იყოს დაბრუნება.
"ზესტაფონში" კოკაიამ ბევრი გააკეთა. გუნდის არცთუ ხანგრძლივი ისტორია ტიტულებით მდიდარია, მაგრამ კოკაიას აქვს მიზანი და ოცნება, რომელიც ჯერაც არ ასრულებულა და თუ ასრულდა, ამით ქართული ფეხბურთი მხოლოდ და მხოლოდ მოიგებს. მას "ზესტაფონის" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შეყვანა უნდა და თუ ჩანაფიქრს ხორცი შეესხა, ვეჭვობთ, ეს მხოლოდ "ზესტაფონის" ქომაგთა ლოკალური სიხარული იყოს.
ამ ქომაგებისა კი ბოლომდე გვესმის. ხარისხიანი ფეხბურთის ყურება კარგია. კარგია თასის ფინალისა და ასაკობრივი ჩემპიონატების გადამწყვეტი მატჩების ცქერა, მაგრამ ყველაფერ ამას მარილი აკლია, როცა შენი გუნდის ქომაგობის საშუალებას მოკლებული ხარ.
თავის დროზე და მერეც ბევრი დაიწერა და ითქვა იმაზე, თუ როგორ უსამართლოდ მოიკვეთა "ზესტაფონი" ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან და ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. ფაქტია, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ახლა ხმალამოღებული ებრძვის იმას, რასაც თავის დროზე იმერულმა კლუბმა უგანა და ამ მიზეზით მატჩები გადადებულა ან ჩაშლილა კიდეც ახალ ქართულ საფეხბურთო რეალობაში.
"ზესტაფონი" უნდა დაბრუნდეს. რა ფორმით და როგორ, ეს ფეხბურთის ფედერაციის გადასაწყვეტია. არ გვგონია, ეს გადაუჭრელი პრობლემა იყოს. მთავარია, არსებობდეს ნება და სურვილი ორივე მხრიდან.
მთავარია, კოკაია მზად იყოს, კვლავ შეეჭიდოს ქართული ფეხბურთის მეცენატის მძიმე ჭაპანს და, ამასთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციაშიც ჩათვალონ, რომ "ზესტაფონი" საჭიროა ქართული ფეხბურთისთვის. ყველაფერ დანარჩენს მოევლება.
კოკაიას არაერთხელ უთქვამს, რომ გულშემატკივრის აზრი მისთვის უმთავრესია. ჩვენ უკვე ვიცით ეს აზრი და ის სულერთი არ უნდა იყოს კლუბის მფლობელისთვის. ხალხის აზრი სულერთი ვერც ფეხბურთის ფედერაციისთვის იქნება. ზესტაფონში ყველას ახსოვს ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატის, ლევან კობიაშვილის დაპირება - "ზესტაფონთან" დაკავშირებით სამართლიანობა უნდა აღდგესო!..
თითქმის ასპროცენტიანი ალბათობით შეგვიძლია დავწეროთ, რომ უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ "ზესტაფონის" მფლობელ ილია კოკაიას პოზიციას შექმნილი სიტუაციის მიმართ. ბოლოს და ბოლოს, ამ თემაზე დუმილი უნდა დაარღვიოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ.
ზუსტად ვიცით - ქართული ფეხბურთის ხელმძღვანელებსაც აღელვებთ ეს საკითხი და მის მოგვარებაზე ფიქრობენ.
დასასრული ყველაფერს აქვს და ეს ფიქრიც უნდა დასრულდეს. ყველაზე მეტად კი დღეს ზესტაფონელი გულშემატკივარი იჩაგრება. ქალაქის მთავარ სპორტულ არენაზე სხვა გუნდები თამაშობენ...
მეტიც, რომ არა "ზესტაფონის" 17-წლამდელთა გუნდისა და "მარგვეთის" ძალისხმევა, ქალაქში ფეხბურთი საერთოდ მოკვდებოდა. ამით ვერავის გააკვირვებ პროვინციულ ქალაქებში და ეს ზესტაფონშიც ასეა: ფეხბურთი იქ ერთადერთი საერთო-სახალხო სიხარულია.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, "ზესტაფონი", თუნდაც უქმეებზე, ბევრ წასულ ზესტაფონელს აბრუნებდა საკუთარ ქალაქში. ხალხს სიხარული სჭირდება...
|