08.12.2016
"ლელოს" პუბლიკაცია: "ოთხშაბათის საკითხავი"
ამ რამდენიმე დღის წინ ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელშიც მისი ავტორი, ჟურნალისტი ალეკო კაკაურიძე ქართულ ფეხბურთში არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის ეროვნულ ჩემპიონატში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" არყოფნით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს.
ჩვენ კი ამ პუბლიკაციის იმ ნაწილს გთავაზობთ, რომელიც ყველაზე მეტად სწორედ იმერული კლუბის გულშემატკივარს დააინტერესებს:
"... რა თქმა უნდა, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა და ის მილიონები, ქართული საკლუბო ფეხბურთის უკეთეს ხვალინდელ დღეს რომ ხმარდება, ძალიან კარგია, მაგრამ თუ ამ დროში ძველი, მხარჯველი ხალხი არ მობრუნდა ქართული ფეხბურთისკენ, ან არა და, ახალი კასტა არ "გამოიჩეკა", ისე ხელოვნური ელფერი დაჰკრავს ამ ყველაფერს.
მე რომ ვუყურებ, დღეს ქართულ ფეხბურთში მოტრიალე ხალხის უმრავლესობამ კარგად შეირგო ეს მილიონები, მოირგო კომფორტი, გაჩნდა ახალი კასტა კერძო ინვესტორებისა, ძველი სახეები კი ჯერაც არ ჩანან. ხელოვნური ელფერი დაჰკრავს-მეთქი ყველაფერს - მორჩება ეს პროგრამა, მოსწყინდება სახელმწიფოს მეწველი ძროხის როლში ყოფნა და დაინახავს რა, რომ ამ პროგრამამ მხოლოდ ის შედეგი გამოიღო, რომ ჩემპიონატი შენარჩუნდა, დაიხურავს ქუდს და წავა. ვინმე დაუშლის თუ რა?!
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს ხალხი მოაბრუნოს ქართული ფეხბურთისკენ. ზემოთ ნათქვამის ყველაზე მკაფიო მაგალითი ზესტაფონია.
ამ ფედერაციის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ზადად ის მიმაჩნია, რომ ჯერაც არ დაფიქსირებულა პოზიცია "ზესტაფონთან" დაკავშირებით. თავის დროზე, სამართლიანად მოიხსნა თუ არა გუნდი საქართველოს ჩემპიონატიდან? ეს კითხვა დღეს ბევრს აწუხებს, ყველაზე მეტად კი - გუნდის გულშემატკივარს.
სანამ "ზესტაფონის" ქართულ ფეხბურთში დაბრუნებაზე მიდგება საქმე, ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი.
აფერუმ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელებს და "მარგვეთს". ამ ქალაქში ფეხბურთს ისინი აცოცხლებენ, მაგრამ ჩვენ საქმე ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბთან გვაქვს. საქმე გვაქვს საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო სტადიონთან და ბაზასთან, რომელიც დღეს თითქმის უფუნქციოდაა დარჩენილი. და ვინ თქვა, რომ დღეს ქართულ ფეხბურთს აქვს ამის ფუფუნება?
რა თქმა უნდა, კარგია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალგაზრდული ნაკრებისა და თასის ფინალის მატჩებს რომ ატარებს ზესტაფონში, მაგრამ ადგილობრივ გულშემატკივარს თავისი გუნდის ნახვა ურჩევნია ყველაფერს. ვის სიამოვნებს, მხოლოდ შირმა იყოს, თუნდაც დიდი ზეიმისა?!
კიდევ ერთი: დასავლეთ საქართველოში აუცილებელია, არსებობდეს ძლიერი საფეხბურთო ცენტრი. ანომალიაა, როცა 7-8 წლის ყველა გამორჩეული ფეხბურთელი თბილისურ კლუბებში მიდის და ეს კარგად უნდა ესმოდეთ თვით ამ კლუბების მესვეურებს...
მაგალითი შემთხვევით როდი მოვიყვანეთ. სწორედ ძლიერი კლუბები აკავებდნენ ფეხბურთელს საქართველოში. დღეს ჩვენ აღარ გვყავს ასეთი კლუბები. ერთი თბილისის "დინამო" და... მორჩა, ისიც - ეულად დარჩენილი. გადის ევროთასებზე და კონკურენციას რომ აწყდება, მარცხდება"...
|
|