06.12.2016
ცხრამეტწლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალები
2016 წლის 5 დეკემბერს ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა საქართველოს ცხრამეტწლამდელთა ეროვნული ჩემპიონატის ნახევარფინალური სტადიის შეხვედრები.
უამინდობის მიუხედავად, "დავით აბაშიძის" მწვანე საფარმა ორმაგ დატვირთვას მშვენივრად გაუძლო და ორივე მატჩის მონაწილეებმა სტადიონზე მყოფ გულშემატკივარს მშვენიერი სანახაობა შესთავაზეს. უნდა ითქვას, რომ ორივე მატჩი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა...
პირველ დაპირისპირებაში ერთმანეთს საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდისა“ და თბილისის „საბურთალოს“ ცხრამეტწლამდელთა გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში კი ერთმანეთს თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის "ტორპედოს" წარმომადგენლები შეხვდნენ. მატჩი თბილისის "დინამოს" გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
უნდა ითქვას, რომ გუშინდელ ნახევარფინალებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ. ზესტაფონში მყოფმა ჩინოსნებმა კმაყოფილება გამოთქვეს სტადიონის ინფრასტრუქტურისა და საფარის ამ მნიშვნელოვანი მატჩებისათვის მზაობის გამო და მადლობა გადაუხადეს მასპინძელი კლუბისა და სტადიონის წარმომადგენლებს ცხრამეტწლამდელთა ნახევარფინალების მაღალ დონეზე ჩასატარებლად მათ მიერ გაწეული შრომისათვის...
რაც შეეხება 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას, ის მიმდინარე წლის 9 დეკემბერს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება.
|
|
გამოყენებულია ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ოფიციალური ვებგვერდის ფოტომასალა |
|