Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

02.11.2016

 

 

 

 

 

 

 

 

ზამთარი, სიცივე და "ზესტაფონის" მინდვრები

 

 

 

 

 

 

ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად გაისმის საუბრები ჩვენს ქვეყანაში საფეხბურთო მინდვრების სავალალო მდგომარეობასთან დაკავშირებით. რას აღარ უკავშირებენ ამ პრობლემას - ზოგი ზამთრის მოსვლას უჩივის, ზოგიც - ათასს სხვა მიზეზს... ჩვენ კი ამ მიზეზების ძიებას არ დავიწყებთ და უბრალოდ "ზესტაფონის" საკუთრებაში არსებულ მინდვრებზე მოგითხრობთ...

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფიციალურმა ვებგვერდმა ერთ-ერთ წინა პუბლიკაციაში ჩვენი კლუბის თბილისურ ბაზაზე გიამბოთ. შეგახსენებთ, რომ სწორედ თბილისის ზღვის მეზობლად მდებარე კომპლექსის მოედნების "მწვანე საფარის" ხარისხი არის მიზეზი იმისა, რომ იმერელთა ბაზა სისტემატურად მასპინძლობს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, 19- თუ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირების მონაწილე კოლექტივებსა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ საკლუბო გუნდებს. ალბათ, დაგვეთანხმებით იმაში, რომ ზესტაფონელთა თბილისური ბაზის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი ნამდვილად გამოდგება კარგად გაკეთებული საქმის ერთგვარ საზომად...

 

ორიოდე სიტყვით "დავით აბაშიძეზესაც" უნდა შევეხოთ. სულ რაღაც ათიოდე დღის წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებითა და მისივე ხელშეწყობით, ჩვენი ქალაქის მთავარმა არენამ დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრას უმასპინძლა. სფფ-სა და ჩვენი კლუბის ერთობლივი ძალისხმევით, სტადიონსა თუ ტელეეკრანებთან მყოფმა მაყურებელმა მართლაც რომ დაუვიწყარი, ჩვენი ყოველდღიურობისაგან ნამდვილად განსხვავებული, და რაც მთავარია, ხარისხიანი სანახაობა იხილა. აქაც უნდა აღინიშნოს სათამაშო მოედნის მაღალი ხარისხის ამბავი - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველ არხზე" გასული პირდაპირი ტელერეპორტაჟის (იხილეთ მატჩის ვიდეოჩანაწერი!) წამყვანმა გიგა გვენცაძემ და მატჩზე მყოფმა ფეხბურთის სპეციალისტებმა ნოემბრის ბოლოს "მწვანე საფარის" ასეთი ხარისხის გამო გაკვირვება ვერ დამალეს...

 

 

 

ჩვენი კლუბის ზესტაფონში მდებარე საწვრთნელი ბაზის ამბებსაც მოგახსენებთ. როგორც იცით, ამ სპორტულ კომპლექსში უკვე ამოქმედებულია უეფას სტანდარტების შესაბამისი ზომისა და ხარისხის სამი საფეხბურთო მოედანი. საინტერესოა, რომ ამ მოედნებზე ბალახი დათესილია (და არა რულონებით დაგებული, როგორც ეს სხვაგან კეთდება). სამუშაოები კომპანმია "Lawns of Georgia"-ს სპეციალისტებმა შეასრულეს - მათ ზესტაფონელთა სპორტული კომპლექსის მოედნებზე ამერიკული კომპანია "Jacklin"-ის, ჩვენი რეგიონის კლიმატურ პირობებთან მაქსიმალურად ადაპტირებული, უმაღლესი ხარისხის ბალახის ორი სახეობის თესლი დათესეს...

 

დათესვის დღიდან სამივე მოედანი იმერელთა ბაზის პერსონალის მხრიდან ყოველდღიური დაკვირვებისა და მოვლის რეჟიმში გახლდათ. ამ ბოლო დღეებში ზესტაფონში უხვად მოსული ნალექისა და სიცივის მიუხედავად, მარგვეთის ამ ულამაზეს კუთხეში მდებარე სპორტული კომპლექსის სამივე მოედანი მშვენიერ "კონდიციებშია" და მზადაა სპორტსმენთა მისაღებად...

 

ერთხელაც უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ ჩვენი კლუბის განკარგულებაში (დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის გაზონისა და თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე მარგველთა ბაზაზე არსებული 2 მოედნის ჩათვლით) დღესდღეობით 6 სტანდარტული ზომის უეფას მოთხოვნების შესაბამისი ბუნებრივსაფარიანი მოედანი გახლავთ!

 

ჩვენი კლუბის პრეს-სამსახური კი ზესტაფონში მდებარე მარგველთა სპორტული კომპლექსის სამივე მოედანზე სადღეისოდ არსებული ვითარების ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016