Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

25.11.2016

 

 

 

 

 

 

 

 

ზესტაფონში გამართული ფინალის გამოძახილი

პაატა ბურჯალიანი: "გულს გაუხარდა, ისეთი რეპორტაჟი და შეფუთვა იყო"

 

 

 

 

 

დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გამართული ეროვნული თასის ფინალური შეხვედრა სავსე ტრიბუნების წინ გაიმართა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ორგანიზებით მატჩი კარგად შეიფუთა და კარგი სანახავიც გამოდგა...

 

გთავაზობთ მცირე ამონარიდს მიმდინარე წლის 24 ნოემბერს სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნებული მასალიდან, რომელშიც სტატიის ავტორი მერაბ მამულაშვილი და ფეხბურთის პროფესიული ლიგის ყოფილი გენერალური მდივანი, ბატონი პაატა ბურჯალიანი "დავით აბაშიძეზე" ჩატარებულ თასის ფინალს აფასებენ:

 

"... გამართლებული იყო სფფ-ის გადაწყვეტილება, რომ თასის ფინალი თბილისის გარეთ გამართულიყო. ისიც, რომ პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღმოსავლეთ ტრიბუნიდან ეწყობოდა და მთავარ კამერას "თამაშგარის ზონის" გასწვრივ მდებარე ორი პლატფორმაც ეხმარებოდა. ეს ხელს უწყობდა თამაშის კომფორტულ აღქმას...

ტრიბუნა აღმოსავლეთზეც გაივსო, მაგრამ დასავლეთის სექტორი გაცილებით ლამაზად და უკეთ გამოიყურებოდა. ცხადია, მაყურებლებით გადაჭედილი ტრიბუნა, რომელიც 90 წუთი არ გაჩერებულა, ტელემაყურებელს იმ ნამდვილ საფეხბურთო ატმოსფეროსთან აახლოებდა, რაც ზესტაფონში იყო...

პროფესიული ფეხბურთის ლიგის ყოფილი გენერალური მდივანი პაატა ბურჯალიანი ამბობს, რომ მატჩის შეფუთვამ მის მოლოდინს გადააჭარბა:

 

"... ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ყოველთვის ვიყავი, ვარ და, ცხადია, ფინალი მაინტერესებდა...

როცა პირველ არხზე გადავრთე, არ ვიცოდი, 7 საათი იყო თუ არა. ახლო კადრს აჩვენებდნენ და სიმართლე გითხრათ, თავიდან დავიბენი - მეგონა, ჩემპიონთა ლიგის დღიური მთავრდებოდა. საქართველოს ჩემპიონატსა და თასზე ხომ ასეთ ჩვენებას თვალი მიჩვეული არ არის...

გულს გაუხარდა, სტადიონი ისე ლამაზად გამოჩნდა - სავსე ტრიბუნები, კარგი ჩვენება, განათებული მოედანი და ნამდვილი საფეხბურთო გარემო სულ სხვა ეფექტს ქმნიდა. დაახლოებით ისეთს, ბელგიის ან ჰოლანდიის ჩემპიონატები რომ ტარდება", - ამბობს ბურჯალიანი.

ის ქართული ფეხბურთის გაშუქების ზოგად საკითხსაც შეეხო:

"... რეპორტაჟები სულ 22 ნოემბრის ფინალივით რომ შუქდებოდეს, დარწმუნებული ვარ, მაყურებელს სტადიონზე მოვიზიდავთ და ბევრად უკეთესი ჩემპიონატი გვექნება. იმიტომ, რომ განათებულ სტადიონზე, სადაც ტრიბუნები ივსება, მოთამაშე ბევრად უფრო ინდომებს და მოედანზე სულსა და გულს დებს. ხალხს კი სწორედ ამის ნახვა სურს" ...

 

ბურჯალიანის თქმით, ფედერაციამ ეროვნული ჩემპიონატის რეკლამირების მაგალითი აჩვენა:

"მას შემდეგ, რაც სიჭინავამ პროფლიგა დაშალა, ასეთი ფინალი არ ჩატარებულა. ეს ლოგიკურიც იყო, რადგან ბევრი გაუმართლებელი ნაბიჯით მან ქართული ფეხბურთი დაანგრია და ძალიან უკან დასწია. მის დროს უფერული ფინალები იმიტომაც ტარდებოდა, რომ სათანადო სატელევიზიო გაშუქების მნიშვნელობას ვერ აცნობიერებდა.

ამიტომაც ვულოცავ ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელობას, ასეთი დონის რეპორტაჟი და ფინალის ლამაზად ორგანიზება რომ შეძლო".

პროფლიგის ყოფილი გენმდივანი იმედოვნებს, რომ წარმატებული ექსპერიმენტი მომავალშიც გაგრძელდება:

"მრჩევლისა თუ ექსპერტის როლში ყოფნა არ მიყვარს. უბრალოდ, ჩემი სურვილი იქნება, რომ ასეთი სატელევიზიო გაშუქება მომავალშიც იყოს. სასურველი იქნება, კონტრაქტები რაც შეიძლება მეტ ტელევიზიასთან გაფორმდეს, რომ იყოს არა მხოლოდ თამაშების მიმოხილვა, არამედ, ტურების ანონსები, ხალხს მეტი ინფორმაცია რომ ჰქონდეს და მეტად დაინტერესდეს.

მართალია, 10 წლის წინათ ბევრად მეტი ინტერესი იყო, მაგრამ ასეთი ორგანიზებით სტადიონისკენ მაყურებლის შემობრუნება შესაძლებელი იქნება".

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016